მე-5 პრეზიდენტის ვინაობა უკვე ცნობილია - საყოველთაო მობილიზაციის და ლამის სამკვდრო-სასიცოცხლო ომად გამოცხადებული მეორე ტურის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი გახდა პირველი ქალი და ხალხის მიერ ბოლოჯერ არჩეული პრეზიდენტი.
ღამის 8 საათის შემდეგ "ოცნების" მომხრეები გათენებამდე მანქანების სიგნალითა და შეძახილებით აღნიშნავდნენ დამოუკიდებელი კანდიდატის გამარჯვებას, ხოლო "ნაციონალებს" სახე ჩამოსტიროდათ, საუბრობდნენ, რომ არჩევნები არადემოკრატიულად ჩატარდა და ქვეყანამ უკან გადადგა ნაბიჯი.
მიხეილ სააკაშვილმა კი ჰოლანდიიდან განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბდა და მომხრეებს დამოურჩილებლობისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნისკენ მოუწოდა.
იყო ერთი უცნაური დეტალიც, 8 საათისთვის, როდესაც პირველი ეგზიტპოლები გამოცხადდა და ზეიმი მმართველმა პარტიამ დაიწყო, პარტიის თითქმის ყველა ლიდერმაც გააკეთა განცხადება, თავად დამოუკიდებელი კანდიდატი და მომავალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რატომღაც მხოლოდ 1 საათის შემდეგ გამოჩნდა ჟურნალისტებთან ვარდების მოედანზე საკუთარ საარჩევნო შტაბში, სადაც "ოცნების" ლიდერების გარეშე გამოვიდა და განაცხადა, რომ "დღეს გაკეთდა პრინციპული არჩევანი, შემდეგ მადლობა გადაუხადა საზოგადოებას, ოჯახს, მმართველ პარტიას და ჟურნალისტებსაც კი და პირობა დადო, რომ მართალია საარჩევნო პერიოდში ჟურნალისტებს ხშირად არ პასუხობდა, მაგრამ პრეზიდენტობის დროს ის მეგობრული იქნება.
ცესკოს პირველადი წინასწარი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 57% მიიღო, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ - 43%.
ცესკოს პირველადი მონაცემები ღამის 12 საათის შემდეგ გამოცხადდა, თუმცა ოფიციალურ შედეგამდე ჯერ ორი სხვადასხვა ეგზიტპოლით გამოცხადდა ზურაბიშვილის გამარჯვება, შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარემ ვერ მოთმინა და 9:30 საათზე გამოაცხადა, რომ საარჩევნო უბნებიდან შესული მონაცემებით სალომე ზურაბიშვილმა 65% მიიღო.
მეორე ტურის მთავარი პოლიტიკური ციებ-ცხელება ზუსტად 20 საათიდან დაიწყო, როცა საქართველოში ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა და ორმა ტელევიზიამ ეგზიტპოლები გამოაქვეყნა.
"რუსთავი 2"-ს დაკვეთით "ედისონ რისერჩის" ეგზიტპოლით სალომე ზურაბიშვილს 55%-მა დაუჭირა მხარი, გრიგოლ ვაშაძეს - 45%-მა. "იმედის" დაკვეთით "გელაპის" ეგზიტპოლით ზურაბიშვილმა მიიღო - 58%, ვაშაძემ - 42%.
როგორც კი ორივე ეგზიტპოლის შედეგი გამოცხადდა, "ოცნების" ოფისის ეზოში, სადაც ბიძინა ივანიშვილი, "ოცნების" სხვა ლიდერები და მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილები, დიდი მილოცვები დაიწყო, შემდეგ ტრიბუნაზე გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს ნდობისთვის, გუნდს - კარგი მუშაობისთვის და განაცხადა, რომ "ოცნება" მაქსიმუმს გააკეთებს, რომ საზოგადოებას რასაც დაჰპირდა, ყველაფერი გააკეთოს.
ივანიშვილის შემდეგ ოცნებიდან" განცხადებები ბევრმა გააკეთა და ძირითად აცხადებდნენ იმას, რომ არჩევნების მეორე ტური წარსულზე უარის თქმა იყო.
გარდა ამისა, სააკაშვილის მიერ "დაუმორჩილებლობაზეც" გაკეთდა კომენტარები.
"როდესაც ჩვენ მოსალოდნელ არეულობაზე ვსაუბრობდით, ამას მისი ტელევიზიიდან აქილიკებდნენ. სააკაშვილის მიზანია, ქაოსი და მღვრიე წყალში თევზის დაჭერა, მაგრამ მისი დასაჭერი თევზები აღარ არსებობს. ის არის წარსული", - განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.
1 საათის შემდეგ გამოჩნდა საჯაროდ სალომე ზურაბიშვილი, თუმცა "ოცნების" ლიდერების გარეშე ჯერ ვარდების მოედანზე მდებარე საკუთარ შტაბში, შემდეგ შვილებთან ერთად გარეთ, მოედანზე გავიდა ცოტა ხნით მხარდამჭერებთან, სადაც მას დიდი ყიჟინით შეხვდნენ.
"ოცნებაში" ზეიმის პარალელურად დიდი იმედგაცრუება იყო გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში, სადაც ეგზიტპოლების შედეგების მოსმენის შემდეგ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ როგორი შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს ეს არჩევნები, შედეგი მიღწეულია - გაერთიანებული ოპოზიცია შედგა და "ყველაფერი ახლა იწყება".
მისი თქმით, ე.წ. ქურდულმა ოცნებამ დაკარგა ლეგიტიმაციის ბოლო ნიშანი.
"ასეთი არჩევნები საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. ვისი მობილიზაციაც ხელისუფლებას შეეძლო, ყველას მობილიზაცია მოხდა. მოხდა ყველას მოსყიდვა. ყველა კრიმინალი, კორუფციონერი, ნარკომანი - ყველა საქმეში იყო ჩართული", - თქვა ვაშაძემ.
შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ არჩევნები ლეგიტიმური არ არის და რომ ტოტალური დაშინებისა და ზეწოლის ფაქტების მიუხედავად, კონკრეტულ უბნებში გრიგოლ ვაშაძე იმარჯვებს.
მისი თქმით, "თითოეულ ხმას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა" და მხარდამჭერებს მოუწოდა, საარჩევნო უბნების მაქსიმალურად გამაგრება და ოქმების დაცვა.
ვაშაძის მსგავსად "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამაც მოუწოდა საარჩევნო უბნებზე მყოფ პარტიების წარმომადგენლებს, რომ სანამ ყველა ხმა არ დაითვლება, ბოლომდე იმუშაონ.
შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც თქვა, რომ რაც ჩატარდა, ეს არ იყო ლეგიტიმური არჩევნები,
"ბინძურმა ოლიგარქმა" ხალხს თავზე გადახია კონსტიტუცია. "დღეიდან ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ლეგიტიმური მმართველი. მე არ ვაღიარებ და ქართულ საზოგადოებას მოვუწოდებ, არ აღიაროს ამ არჩევნების შედეგი", - განაცხადა სააკაშვილმა და საზოგადოებას მასობრივი დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.
"ხვალინდელი დღიდან, მიუხედავად იმისა, რა შედეგები დადგება და იმედია, შედეგი იქნება, ჩვენ გადავდივართ მასობრივ დაუმორჩილებლობაზე. მე მოვუწოდებ საქართველოს პოლიციას, ჯარს, გაემიჯნოს კრიმინალურ მაფიოზურ ბანდას.
"მოგიწოდებთ თქვენ, აიღოთ საქართველოს გადარჩენა საკუთარ ხელში. ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ხელჩაკიდებული და ვიფიქროთ იმაზე, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს ბედი წყდება", - განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილის ამ მოწოდებას ვაშაძის შტაბში მაინცდამაინც დიდი მოწონებით არ შეხვედრილან არც თავად "ნაციონალი" ლიდერების დიდი უმეტესობა და გაკეთდა განცხადებები, რომ ყველაფერს გადაწყვეტს გაერთიანებული ოპოზიცია ერთობლივად, კონსენსუსის საფუძველზე.
"გაერთიანებულ ოპოზიციას ყავს თავისი საბჭო, საბჭო დაჯდება და მიიღებს გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით. მე მეტი კომენტარი არ შემიძლია გავაკეთო, ახლა ჩვენ გადართულები ვართ იმაზე, რომ თითოეული ოქმი მოვიტანოთ ჩვენს შტაბში, დავიცვათ თითოეული ხმა, დავითვალოთ თავიდან ბოლომდე შედეგები და შესაბამის სამოქმედო გეგმას აუცილებლად გაცნობებთ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
"რესპუბლიკელების" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა კი განაცხადა, რომ "რევოლუცია იწვევს ზიზღს, ეს თავად გრიგოლ ვაშაძის სიტყვებია და ამიტომ ახლა გადამწყვეტი სწორედ ვაშაძის პოზიცია იქნება.
ცესკოს პირველადი მონაცემები გამოქვეყნდა 12 საათზე, დათვლილი იყო მხოლოდ 1181 უბანი, ზურაბიშვილმა მიიღო 57%, ვაშაძემ - 43%.
ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 56,2%, რაც რაოდენობრივად 1 975 845 ადამიანია. პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობა იყო 46,7%, 1 637 956 ამომრჩეველი და მეორე ტურში 17%-ით მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.