"არ მიმაჩნია, რომ იყო მასობრივი გაყალბება. რა თქმა უნდა იქნებოდა დარღვევები, მაგრამ არა იმ მასშტაბის, რასაც ოპოზიცია აცხადებს" - განაცხადა პეტრე მამრაძემ, რომელსაც "რეზონანსი" მეორე ტურის შედეგებზე ესაუბრა.
"როგორც პირველ ტურში, ისე მეორე ტურში, ხელისუფლების მხრიდან იყო ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსის გამოყენება. რა თქმა უნდა დარღვევებიც იქნებოდა, თუმცა საკმაოდ ხშირად ხდება, რომ უცხოელი დამკვირვებელები არ იზიარებენ, რომ დარღვევები იყო იმ მასშტაბის, რასაც ოპოზიცია აცხადებს. რაც მთავარია, საქმე საქმეზე რომ მიდგება საჩივრების რაოდენობა, მათ შორის დასაბუთებული, იმდენად მცირეა, რომ ეს რაოდენობაც კი აბათილებს ოპოზიციის აგრესიულ განცხადებებს. ამიტომ არ მიმაჩნია, რომ მასობრივი გაყალბება იყო.
"რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებას, სრულიად არაადეკვატური იყო და იგი მოწყვეტილია რეალობას, ვინაიდან არა თუ საქართველოს მასშტაბით მოსახლეობაში, არამედ სააკაშვილის უშუალო გარემოცვაშიც ეს განწყობა, რომ გადავიდნენ მასობრივ სამოქალაქო დაუმორჩილებლობაზე, მოაწყონ მასშტაბური საპროტესტო აქციები, არ არის. მათ კარგად იციან, რომ ხალხში ეს განწყობა არ არის და ისიც კარგად იციან, რომ ამის არანაირი რესურსი არ გააჩნიათ," - განაცხადა პეტრე მამრაძემ.