ელზა პაპოშვილი
29.11.2018

 საქართველოს მეხეუთე პრეზიდენტი ქალია. 28 ნოემბერს ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტური გაიმართა, რომელშიც ეგზიტპოლების მონაცემებით საკმაოდ დიდი უპირატესობით "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს. 

აღსანიშნავია, რომ მისი წარმატება გამოიწვია ამომრჩევლის მაღალმა აქტივობამ, რაც პირველ ტურთან შედარებით 8%-ით მეტი  იყო.  რამ გამოიწვია მიღებული შედეგი, მოხდა თუ არა მმართველი გუნდის მიერ 2012 წლის ამომრჩევლის მობილიზება და რამდენად იმუშავა კვლავ ე.წ. მიშას „საფრთხობელამ?  

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ფაქტობრივად ორივე მხარემ, განსაკუთრებით კი ხელისუფლებამ, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა "ფსიქოზის გარემო" "მასობრივ ისტერიაში" გადაეყვანა, ანუ ყველა ჭრილობა გაეცოცხლებინათ, რაც საზოგადოებაში არსებობდა წინა ხელისუფლებიდან და არმაგედონის განცდა შეექმნათ. მათი აზრით,  ასეთი რამ არ ხდება, რომ მეორე ტურზე უფრო მეტი ამომრჩეველი მიდიოდეს, რაც „ოცნებამ“ მეორე ტურისთვის სრულად მოახერხა.   

ანალიტიკოსი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ „ოცნების“ გამარჯვება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. მისი თქმით, მეორე ტურისთვის ხელისუფლებამ საზოგადოებას პირველი ტურისგან განსხვავებით სრულიად სხვა სცენარი დაუხატა. მისი აზრით, ამომრჩეველი ალტერნატივის წინაშე დადგა, ან „ნაციონალების“ წინააღმდეგ უნდა მიეცა ხმა ან მათი კანდიდატისთვის. ანალიტიკოსი ამბობს, რომ იმ ამომრჩევლისთვის, რომელიც პირველ ტურში არ მივიდა, ვაშაძე მიუღებელია. 

მეორე  მიზეზი კი ის არის, რომ „ოცნებამ“ მეორე ტურისთვის საკმაოდ კარგი წინასაარჩევნო კამპანია აწარმოა. მან ყველა ის კოზირი გამოიყენა, რომელიც „ნაციონალების“ წაინააღმდეგ ჯერ კიდევ მუშაობს. მესამე ფაქტორად, რომელმაც არჩევნების ბედი გადაწყვირა, ძაბირაძე გაერთიანებული ოპოზიციის კამპანიას ასახელებს. მისი აზრით, ვაშაძემ მეორე ტურისთვის საზოგადოებას ახალი ვერაფერი შესთავაზა და მან ის აგრესიული კამპანია კვლავ გააგრძელა, რამაც ანტიმიშისტები არჩევნებზე მიიყვანა. 

„მეორე ტურისთვის აუცილებელი იყო, რომ ოპოზიციას სრულიად სხვა კამპანია ეწარმოებინა, რადგანაც მომხდარიყო ანტიმიშისტების დაბლოკვა და მათ არ ჰქონოდათ საბაბი, რომ მეორე ტურში „ოცნების“ სასარგებლოდ ხმა მიეცათ. მათ კი ეს აგრესიული კამპანია გააგრძელეს. 

"გვახსოვს სააკაშვილი ერთვებოდა პირდაპირ ეთერებში, რაც მმართველი გუნდისთვის საკმაოდ ხეირიანი გარემოება აღმოჩნდა. მეორე ტურში ე.წ. მიშას „საფრთხობელას“ გამოყენებამ  უკვე გაამართლა. საზოგადოებაში „ნაციონალების“ წინააღმდეგ აგრესია კვლავ იმდენად დიდია, რომ ვაშაძემ ამას მეორე ტურში შესაძლოა, ვერც ვერაფერი დაუპირისპირა. მითუმეტეს გუშინ სააკაშვლმა განაცხადა, დაუმორჩილებლობა გამოაცხადეთო. ეს ხომ უკვე ყველანაირ ადეკვატურობას სცდება. ეს დაუმორჩილებლობა ვინ უნდა უზრუნველყოს? 

"თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ  ვაშაძეს საკმაოდ ბევრმა ამომრჩეველმა ხმა მისცა, რომელიც მას სტაბილურად ეყოლება. 

"აი, რაც შეეხება "ოცნებას",  მას მხოლოდ პირველ ტურში ვინც ხმა მისცა, ის არის რეალურად მისი ამომრჩეველი. ანუ 600 ათასი კაცი. მეორე ტურში მისული ხალხი ისევ გვერდით გადგება. ივანიშვილმა საკუთარ თავზე უკვე ბევრი აიღო და ფაქტობრივად ყველა პასუხისმგებლობა მის კისერზეა. მათ საკმაოდ ცოტა დრო აქვთ იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული ყველა პრობლემა გადაჭრან“, - აცხადებს ძაბირაძე „რეზონანსთან“. 

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი და ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან“  აცხადებს, რომ „ოცნებამ“ მეორე ტურისთვის ამომრჩევლის მობილიზება შეძლო და ეს უკვე აშკარად იგრძნობოდა. ფიქრობს, რომ ეს  „ოცნების“ გამარჯვება არ არის და ხმა რომელიც მათ აიღეს, „ნაციონალების“ წაინააღმდეგ მიცემული იყო.  

ანალიტიკოსის აზრით, ეს ხალხი კვლავ ანტიმიშისტები არიან, რომლებსაც „ნაციონალების“ მმართველობის რეჟიმის ტრაგედია დღემდე მოჰყვებათ და მათ ცუდსა და უარეს შორის არჩევანი ისევ „ოცნებაზე“ გააკეთეს. 

ხუხაშვილი ამბობს, რომ ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაც ივანიშვილმა საკუთარ თავზე აიღო და მას ეს მძიმედ დაუბრუნდება. აცხადებს, რომ „ოცნების“ საქმე გამარჯვების მიუხედავად მაინც რთულად არის და მას 2020 წლისთვის, ე.წ. მიშას „საფრთხობელა“ ვეღარ უშველის.     

„პირველ ტურში არითმეტიკულად ზურაბიშვილი აგებდა. ეს შედეგი კი დამატებით მისულმა ამომრჩეველმა მოიტანა, რომლებსაც „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი პირობითად ჰქვია. ეს ხალხი სამი სეგმენტისგან შედგება: ერთი სეგმენტია ე.წ. შავ სიაში მყოფი ადამიანები, რომელთა გულის მოგებაც, სავარაუდოდ, ამ ინიციატივით მოხდა. 

"მეორე ეს ლატენტური ანტიმიშა გახლავთ, რომელთაც „ოცნებამ“ არმაგედონი დაუხატა, რომ თუ ვაშაძე მოიგებდა ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწყებოდა. მესამე კატეგორია კი ე.წ. ულტრაკონსერვატორი ძალები ანუ „პატრიოტთა ალიანსის“ ამომრჩევლები არიან. ფაქტობრივად არჩევნების შედეგი არა „ოცნების“ ამომრჩეველმა, არამედ სხვისმა ამომრჩეველმა განაპირობა, რომელთა შეხედულება „ნაციონალების“ ძლიერმა სიძულვილმა შეცვალა.

"ეს წმინდა ტექნოლოგიური ნამუშევარია, რომელიც ერთჯერადი კონტრაქტით არის, რაც „ოცნების“ დეგრადაციის პროცესს  არ აჩერებს. ეს მისი ამომრჩეველი არ არის, უბრალოდ ცუდსა და უარეს შორის ისევ „ოცნება“ ამჯობინეს. თუმცა მათი მხრიდან მმართველი გუნდის მიმართ აგრესია არსად არ წავა და ეს კუდს ისევ მოიქნევს“,-განაცხადა ხუხაშვილმა „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, „ნაციონალებისგან“ საქართველოს მოსახლეობას იმხელა სტრესი აქვს მიღებული, რომ ეს ფაქტორი ჯერ კიდევ მუშაობს, თუმცა ეს უკვე ბოლო წვეთია. ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის ეს ფაქტორი მათ ვეღარ უშველის. მისი აზრით, 2020 წლისთვის თუ ალტერნატიული  პოლიტიკური ცენტრი არ გაჩნდა, „ოცნებას“ დიდი პრობლემები ექნება. ეს არჩევნები ხელისუფლებისთვის წითელი ბარათი  და გაფრთხილება იყო.    

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×