თამარ შუკვანი
29.11.2018

 „ასეთია მოცემულობა - უნიკალური შემთხვევა მოხდა მსოფლიოში, როდესაც პირველსა და მეორე ტურში ამომრჩეველის რაოდენობა გაიზარდა. ეს ნიშნავს იმას, რომ პირველ ტურში წავიდა არა სალომე ზურაბიშვილისა და „ქართული ოცნების" ამომრჩეველი, არამედ ანტი „ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველი," - საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აფასებს.

ცესკოს მონაცემებით, ხმების 100% დათვლილია, რომლის მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილს აშკარა უპირატესობა აქვს, - მან 59.52% მიიღო.

აღიარებს თუ არა ოპოზიციური პარტია დამარცხებას და მოვლენების როგორ განვითარებას უნდა ველოდოთ, ამ საკითხთან დაკავშირებით, „რეზონანსი" პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს გაესაუბრა.

მისი თქმით, ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება ცუდსა და უარესს შორის მოუწია და „ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველთა რაოდენობის გაზრდა მმართველი გუნდის „დამსახურებაა." „ნაცმოძრაობა" დამარცხებას აღიარებს, რადგან მათთვის მთავარ საფიქრალს ამ ამომრჩეველთა ხმების შენარჩუნება წარმოადგენს.

რაც შეეხება რევოლუციური სცენარის განვითარებასა და მასობრივ დაუმორჩელობლობისკენ მოწოდებას, ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ რევოლუცია არ იქნება, რადგან ამის რესურსი „ნაციონალურ მოძრაობას" არ გააჩნია.

„ამომრჩეველმა, ფაქტობრივად, გააკეთა არჩევანი ცუდსა და უარეს შორის. ამომრჩეველი არ აპირებდა ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას და ხმა მხოლოდ იმიტომ მისცა, რომ არმაგედონია არ უნდოდა ამ ქვეყანაში. რა სურათიც იკვეთებოდა ამ კამპანიის დროს, - სრული მასობრივი ისტერიის მქონეა. საერთოდ არ არის კარგი, რომ არჩევნების ბედს წყვეტს არა პოზიტიური დღის წესრიგი და მომავლის იმედი, არამედ მხოლოდ ნეგატივი და უარესი მოლოდინის შიში.

„აღიარებს დამარცხებას, სხვა რა გზა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას" და ეს რევოლუციის მუქარა, ყველას კარგად ესმის, რომ რეალურად ამის რესურსი არ არსებობს. „ნაციონალური მოძრაობის" ერთადერთი საფიქრალია, როგორ შეინარჩუნოს გასამმაგებული ელექტორატი.

„ქართული ოცნების" დამსახურებაა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ელექტორატი 300 ათასიდან 800 ათასზე ავიდა. სრული რეაბილიტაცია მოხდა ამ პარტიის და ახლა ისინი ზრუნავენ იმაზე, რომ ეს ელექტორატი შეინარჩუნონ, სახე არ დაკარგონ და მომავალი ბატალიებისთვის მოემზადონ. სრული მობილიზება და მხნეობა შეუნარჩუნონ თავის ელექტორატს. არანაირი რევოლუცია მოსალოდნელი არ არის," - აცხადებს ის.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გიორგი მარგველაშვილი თავისი პრეზიდენტობის პერიოდში, მმართველ გუნდთან მუდმივ დაპირისპირებაში იყო. ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ მსგავსი სცენარი შესაძლოა სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაშიც განმეორდეს, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდულია.

„ამ ტიპის კინკლაობა იქნება, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტს არ აქვს არანაირი ინსტრუმენტი რეალური კრიზისის შექმნის, ამას მიეცემა რაღაც პოლიტიკური კინკლაობის სახე. ცოტა გავერთობით კიდევაც," - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×