თამარ შუკვანი
29.11.2018

 „კარასინი, ფაქტობრივად, თავს იტყუებს. მას სურს რუსეთის საზოგადოებას ამგვარი სიგნალი მისცეს, თუმცა ეჭვი მეპარება მას არ ესმოდეს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მოწესრიგება შეუძლებელია თუნდაც ფუნდამენტური საკითხების გარკვევის გარეშე, რასაც სწორედ ჩვენი ურთიერთობის პრობლემები ეფუძნება," - აცხადებს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი იმედოვნებს, რომ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შემდეგ, საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა დარეგულირდება.

„ვიმედოვნებთ, რომ ამ არჩევნების შედეგები საშუალებას მოგვცემს შემდგომში განვაგრძოთ მუშაობა რიგ სფეროებში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებთ," - განუცხადა საინფორმაციო სააგენტო რია "ნოვოსტის" გრიგორი კარასინმა.

მენაღარიშვილის განცხადებით, მოსაგვრებელია ისეთი ფუნდამენტური პრობლემა, როგორიც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციაა.

„ერთ-ერთ პრობლემა, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციაა და აუცილებელია ამ პრობლემის დაძლევა. ეჭვიც არ მეპარება, რომ საქართველოს ახალ პრეზიდენტს ეს საკითხი კარგად ესმის და არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ რუსელი მხარისთვის ასევე სრულიად ცხადი იქნება, რომ საქართველოში რაც არ უნდა არჩევნები ჩატარდეს, ქართული სახელმწიფოს პოზიცია ურყევი იქნება," - აცხადებს ის.

საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები გამოეხმაურნენ.

საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაში წერია, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაძლიერების მიზნით, საფრანგეთი მზად არის სალომე ზურაბიშვილთან იმუშაოს.

„საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურიდან ერთი თვის შემდეგ დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად იქნა არჩეული. საფრანგეთი მას გულწრფელად ულოცავს და უსურვებს სრულ წარმატებას მისი მოვალეობების შესრულებისას.

„საფრანგეთი მზად არის იმუშაოს ქალბატონ ზურაბიშვილთან, რათა გავაძლიეროთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები. ახალ პრეზიდენტს შეუძლია ჩვენი მტკიცე განწყობის იმედი ჰქონდეს, რომ ვიმოქმედებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ," - აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს და იგი იმედოვნებს, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გაღრმავდება.

„ვულოცავ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. ვუსურვებ მას წარმატებებს საქართველოს დემოკრატიული ევროპული განვითარების უზრუნველყოფასა და საზოგადოების კონსოლიდირებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გაღრმავდება," - დაწერა პეტრო პოროშენკომ „ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.

„ჯერჯერობით ეს გამოხმაურება დადებითია. იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ეს პოზიტიური ტრენდი შენარჩუნებული იქნება, რაც ჩვენ ინტერესებშია. ვფიქრობ, ახალ პრეზიდენტს კარგად ესმის, რომ სწორედ ეს არის მისი უმნისვნელოვანესი ფუნქცია," - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×