ელზა პაპოშვილი
29.11.2018

 28 ნოემბრის მეორე ტურის წაინასწარი მონაცემები ცნობილია და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ქალია. ზურაბიშვლმა მილოცვები ლიტვის და საფრანგეთის პრეზიდენტებისგან უკვე მიიღო. როგორი იქნება საქართველოს ქალი პრეზიდენტი და რას უნდა ველოდოთ მისი პრეზიდენტობის დროს.

წინასაარჩევნოდ მის დამოუკიდებელ და ჯიუტ ხასიათზე საუბარი არა ერთხელ ყოფილა. თუმცა ანალიტიკოსების თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტს მნიშვნელოვანი უფლებები არა აქვს, მისგან დიდ სიურპიზებს მაინც არ უნდა ველოდოთ, თუმცა სანახაობრივად საკმაოდ კარგი საპრეზიდენტო წლები გველის.

ანლიტიკოსების შეფასებით, ეს ძალიან სუსტი გამარჯვებაა და ახალ პრეზიდენტს საზოგადოებისგან დიდი ლეგიტიმაცია ვერ ექნება. ასევე ფიქრობენ, რომ ზურაბიშვილი თავისი ხასიათიდან გამომდინარე ვერ იქნება გამაერთიანებელი და დამაბალანსებელი პრეზიდენტი. თუმცა, მიუხედავად შეზღუდული უფლებებისა საპრეზიდენტო არჩევნები ივანიშვილისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი გახდა და ამისთვის ყველაფერზე წავიდა.

„რესპუბლიკელების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი იმასაც კი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ზურაბიშვილის პრეზიდენტობის დროს, საგარეო კურსის ცვლილებაც კი მოხდეს. თუმცა, მისი აზრით, ზუსტად საგარეო კურსის შეცვლის მცდელობისას „ქართული ოცნება" საბოლოოდ დამარცხდება და ეს 2020 წელს მოხდება.

„ისეთი ხელძღვანლობა გვყავს, რომ ასეთი აკვიატება შემთხვევითი არ იქნება. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ იქნება მცდელობა შეიცვალოს საქართველოს საგარეო კურსი. ოღონდ აი, მაგ ნაწილში მე ჩემი ხალხის მჯერა და ვიცი, რომ არც ივანიშვილს, არც ზურაბიშვილს ამის საშუალებას არ მივცემთ. ეს ხელისუფლების დამარცხების საბოლოო მიზეზი გახდება. იგი ვერ იქნება მთელი ქვეყნის პრეზიდენტი და ამის შესახებ საზოგადოება უკვე გააფრთხილა. ანუ უკვე ნახევარი საქართველო მისთვის მტერია.

იმის მაგივრად რომ ხალხისთვის მადლობა გადაეხადა, წავიდა კაბა უნდა გამოვიცვალოო და ეს ადამიანი იზრუნებს ჩვენზე?! სანამ არ უთხრეს, რომ ასეთ დროს ხალხისთვის უნდა მიემართა, ამასც ვერ მიხვდა. სწაორედ ეს ქალი გახდება კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ისინი 2020 წლის არჩევნებს წააგებენ. ივანიშვილი კი თავისი მილიარდებით საერთოდ გაქრება ამ ქვეყნიდან", - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი და ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილისგან გარკვეულ სიურპრიზებს უნდა ველოდოთ. მისი აზრით, ეს საპრეზიდენტო ვადა, ხალხისთვის ტრაგიკომიკური გასართობი კინკლაობა იქნება. ფიქრობს, რომ ზურაბიშვილი ვერ იქნება იგივე ტიპის დაპირისპირებაში ჩართული მმართველ გუნდთან, როგორც გიორგი მარგველაშვილი, თუმცა გარკვეული კინკლაობა მათ შორის მაინც მოხდება.

„ზურაბიშვილი საკმაოდ თამამი ადამიანია, ამიტო მისგან ვადის ამოწურვამდე გარკვეულ სიუპრიზებს უნდა ველოდოთ. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ პრეზიდენტის ინსტიტუტი არ არის სახელისუფლებო ცენტრების ნაწილი, მას ბევრი არც არაფრის გაკეთება ან გაფუჭება არ შეუძლია. უბრალოდ ეს ტრაგიკომიკური გასართობი კინკლაობა იქნება და ყველა კარგად გავერთობით. მარგველაშვილისგან განსხვავებით მისგან უფრო ბევ აგრესიას უნდა ველოდოთ. სისტემურად ბევრს ვერაფერს დააზიანებს, მაგრამ გასართობი გვექნება", - განაცხადა ხუხაშვილმა.

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე კი ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას გაცილებით მეტ პრობლემას მოუტანს, ვიდრე მოუტანდა ვაშაძე. მისი აზრით, ის მარგველაშვილზე უფრო მეტად გაჯიუტდება, რადგან საკმაოდ რთული ხასიათის ქალბატონია. შარაშენიძე ამბობს, რომ მას რეალურად „ოცნებაში" ვერ იცნობენ, ხოლო როცა გაიცნობენ, მიხვდებიან, რომ რთულ სიტუაციაში არიან და უკვე გვიანი იქნება.

„ვფიქრობ, რომ ზურაბიშვილი მარგველაშვილზე მეტად გაჯიუტდება. მას საკმაოდ რთული ხასიათი აქვს და ეს ყველა იმ ადამიანმა იცის, ვინც მასთან ერთად საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. „ოცნება" მას ჯერ ასე კარგად ვერ იცნობს და როცა გაიცნობს, მერე უკვე გვიანი იქნება. ვფიქრობ, რომ ის ხელისუფლებას იმაზე უფრო მეტ პრობლემებს მოუტანს, ვიდრე ეს ვაშაძეს შეეძლო. ასევე მარგველაშვილზე მეტად გაჯიუტდება და მასთან ურთიერთობა ხელისუფლებისთვის მარტივი არ იქნება", - აცხადებს შარაშენიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×