არჩევნებში დამარცხებული ძალა დედაქალაქში 2 დეკემბრიდან მრავალათასიანი აქციების დაწყებას აპირებს. "ძალა ერთობაშია" არჩევნების შედეგს უნდობლობას უცხადებს. რა გავლენა ექნება არასტაბილურ პოლიტიკურ გარემოს საქართველოს ეკონომიკაზე და რამდენად მძიმე ზამთარი გველის წინ, ეს ყოველივე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მასშტაბური და დაძაბული იქნება დემონსტრაციები.
არჩევნების მეორე ტურში ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა დამაჯერებლად, თითქმის 20%-ით გაიმარჯვა. მიუხედავად ამისა, კონკურენტი კანდიდატი და პოლიტიკური გაერთიანება "ძალა ერთობაშია" საპროტესტო აქციებს იწყებენ. დამარცხებული მხარე შედეგთან შეგუებას და პრეზიდენტის ლეგიტიმაციის აღიარებას არ აპირებს, კვირა დილიდან კი ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებს.
რა გავლენა ექნება ეკონომიკასა და ინვესტიციებზე ქვეყანაში არასტაბილურ გარემოს, სპეციალისტებისათვის რთულად პროგნოზირებადი არ არის. ის, რაც ვერ მოხერხდა არჩევნების წინ ეკონომიკის დაპაუზების კუთხით, მოხდება მრავალათასიანი მანიფესტაციის შემთხვევაში.
თუ აქციებს ექნება პერმანენტული სახე, ეკონომიკაზე უარყოფითი ეფექტი გარდაუვალია - მიიჩნევს ანალიტიკოსი ვახტანგ ჭარაია. არჩევნებამდე, როგორც წესი, ეკონომიკა ჩერდება, ბოლო შემთხვევაში ეს არ მომხდარა, თუმცა ახლა საფრთხე მატულობს.
"რასაკვირველია, აქციები, საბოტაჟის მაგვარი მუქარა და გამოსვლები ნეგატიურად მოქმედებს როგორც გარე ინვესტიციებზე, ასევე ხელის შემშლელი ფაქტორია ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისთვისაც. ასე რომ, ამგვარ პროცესებს უფრო ნეგატიური შედეგი ექნება (მით უფრო, თუ მიიღებს პერმანენტულ სახეს), ვიდრე არჩევნებს. ეს მხოლოდ ცუდს მოუტანს ქვეყანას. უნდა დავაკვირდეთ რა, სიხშირის, რა მასშტაბისა და აგრესიულობის იქნება გამოსვლები.
იმ შემთხვევაში კი, თუ საშიშროება დადგება, რომ ფართომასშტაბიან დემონსტრაციებში გადაიზარდოს, მაშინ ინვესტორები, რა თქმა უნდა, თავს შეიკავებენ საქართველოში ფულის დაბანდებისგან.
წინასაარჩევნო პერიოდი მნიშვნელოვანი უარყოფითი ეფექტის მომტანია. ეს მაჩვენებლით შეიძლება დადასტურდეს. როგორც წესი, არჩევნების წინ ეკონომიკა პაუზდება. ბოლო შემთხვევაში ამას ავცდით, მაგრამ ეს შეიძლება აიხსნას ხელისუფლების პოზით, რომ თითქოს მისთვის დიდად მნიშვნელოვანი არ იყო ეს არჩევნები, რაც საბოლოოდ სიცრუე აღმოჩნდა და მეორე ტურში წარმოდგენილმა ორივე ძალამ ყველაფერი გაიღო საბრძოლველად.
ეკონომიკას არჩევნებამდე არაფერი დაჰკლებია, მაგრამ საფრთხე გაჩნდა აქციებისა და მანიფესტაციების გამოცხადებით. იმ შემთხვევაში, თუ ეს პერმანენტულ სახეს მიიღებს, ეკონომიკაზე უარყოფითი ეფექტი გარდაუვალი იქნება", - აცხადებს "რეზონანსთან" ჭარაია.
ეკონომიკაზე აქციებისა და დემონსტრაციების უარყოფით გავლენაზე საუბრობს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარიც.
"მეეჭვება, არსებულ რეალობაში მოხერხდეს საზოგადოების მრავალათასიანი აქციებისაკენ მიმართვა. ჩემი აზრით, ვერ დაიწყება მრავალათასიანი დემონსტრაციები, რადგან ხალხს ეს არ სურს, ისინი ხვდებიან, რომ ეს გამოიწვევს არასტაბილურობას პოლიტიკურად, რაც პირდაპირ აისახება ეკონომიკაზე, ინვესტიციებზე, ლარზე და ა.შ.
იმ შემთხვევაში კი, თუ ეს მაინც მოხდა, რასაკვირველია, ეკონომიკურ კლიმატს ნეგატიურად შეცვლის. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ყველაზე მგრძნობიარე უცხოელი ინვესტორები არიან, რომლებიც გამადიდებელი შუშით უყურებენ, თუ რა მოხდება და პირველი სწორედ ისინი დაფრთხებიან.
საზოგადოების ნაწილს, რომელიც პროგრესზეა ორიენტირებული, არ უნდა სურდეს აქციები იმ პირობებში, როცა მსოფლიო თანამეგობრობა დემოკრატიულად მიიჩნევს ჩატარებულ არჩევნებს. ამიტომ უნდა ავარიდოთ ნეგატიური ტალღა ეკონომიკას", - ამბობს ბაირახტარი.
ანალიტიკოსი წინასაარჩევნო პერიოდის გავლენასაც აფასებს და ამბობს, რომ ეკონომიკაში სტაბილურობის შენარჩუნება მოხერხდა, სხვა არჩევნებისაგან განსხვავებით.
"უნდა გავიხსენოთ 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდი, როცა 1 თვით ადრე გაიყინა უძრავი ქონების ბაზარი, იმდენად დაძაბული გარემო და მოლოდინი იყო. მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირებული ძალები ახლაც იგივენი იყვნენ, ეს არ მომხდარა და ამ ფაქტორის გავლენა ეკონომიკურ პროცესზე მინიმალური აღმოჩნდა", - აცხადებს "რეზონანსთან" ბაირახტარი.
არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებიდან რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ "ძალა ერთობაშიამ", მისმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ და ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კვირას დიდი აქცია დაგეგმეს და არჩევნების შედეგი არ აღიარეს.