მეორე ტურის შედეგებთან დაკავშირებით და იმაზე, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, "რეზონანსი" პოლიტოლოგ იგორ კვესელავს ესაუბრა.
"სალომე ზურაბიშვილი რომ გაიმარჯვებდა, ეს პროგნოზი არჩევნების წინ თქვენი გაზეთის მეშვეობითაც გამოვთქვი. ამ შედეგს ველოდი, თუმცა მიღწეულს განმტკიცება სჭირდება და თუ "ოცნება" უახლოეს პერიოდში ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება გაუჭირდება. ამიტომ ახლავე უნდა დაიწყოს ზრუნვა ისეთი საკითხების მოსაგვარებლად, როგორიცაა საკადრო პოლიტიკა, სოციალური საკითხები, სიღარიბის დაძლევა და ა.შ. ჩვენ ძალიან მალე უნდა დავინახოთ "ოცნების" პოლიტიკური და ეკონომიკური გზავნილები.
არჩევნების შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები? არა მგონია, რომ პროცესი ქუჩაში გავიდეს, რადგან იმ შედეგით, რა შედეგითაც არჩევნები დასრულდა, კანდიდატებს შორის 20%-იანი სხვაობით, რაზე უნდა იდავოს ოპოზიციამ, არ ვიცი. თანაც არც იმის რესურსი აქვთ, რომ ხელისუფლებას დაემუქრონ და ფართომასშტაბიანი აქციები დაიწყონ, თუცმა რაღაც გაელვება შეიძლება იყოს.
რაც შეეხება სააკაშვილის მოწოდებას დაუმორჩილებლობისკენ, ეს არის გაბრაზებული კაცის ცხელ გულზე ნათქვამი, მაგრამ სრულიად მიუღებელია, მოუწოდო ჯარს, პოლიციას დაუმორჩილებლობისაკენ, არ შეასრულოს ბრძანება. ვფიქრობ, ეს მოწოდება მიუღებელია როგორც ქართველი ხალხისთვის, ასევე მისი გუნდისთვისაც, რაც ზოგიერთი წევრის განცხადებიდანაც გამოჩნდა.
ასე რომ, სააკაშვილი ამ პოლიტიკური ძალის მესიტყვე ვეღარ იქნება. ვერც ვაშაძე ჩაანაცვლებს სააკაშვილს ვერასდროს, ახლოსაც ვერ მივა. ამიტომ "ნაცმოძრაობის", როგორც პოლიტიკური მოძრაობის, პერსპექტივას ვერ ვხედავ. პერსპექტივას ვხედავ იმაში, რომ ქვეყანაში უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც შეიძლება ისევ "ოცნების" წიაღში გამოჩნდეს" - განაცხადა იგორ კვესელავამ.