ეკატერინე ბასილაია
30.11.2018

 უკიდურესად პოლარიზებული, ნეგატიური ერთთვიანი დაპირისპირებისა და ტელებრძოლების არჩევნები დასრულდა. "ოცნებამ" საყოველთაო მობილიზაციის შედეგად შეძლო და სალომე ზურაბიშვილი 60%-ით საქართველოს მე-5 პრეზიდენტი გახდა. პირველი პრეზიდენტი ქალის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება. გაერთიანებული ოპოზიცია კი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს.

არჩევნების მეორე დღეს ფილარმონიაში შეკრებილმა ოპოზიციამ გამოაცხადა, რომ "იწყებენ ბრძოლის ახალ ეტაპს".

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, მეორე ტურის შედეგი ასეთია: სალომე ზურაბიშვილმა მიიღო - 1 147 625 ხმა, 59.5%; გრიგოლ ვაშაძემ - 780 635 ხმა, 40.4%.

მეორე ტურში ზურაბიშვილმა მიიღო 532 052 ხმით მეტი, ვიდრე პირველ ტურში და ვაშაძეს 366 990 ხმით მოუგო. ვაშაძემ, პირველ ტურთან შედარებით, 179 413-ით მეტი ხმა მიიღო.

ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ "არჩევნები ამ სტანდარტით მეტჯერ აღარ უნდა ჩატარდეს". არჩევნების შესახებ მწვავე იყო ადგილობრივი არასამთავრობოებისა და უცხოელი დამკვირვებლების შეფასებებიც, მაგალითად, ვალების ჩამოწერა შეიძლება უტოლდებოდეს ხმების ყიდვას, თუმცა საბოლოოდ ითქვა, რომ აღნიშნული დარღვევები, სავარაუდოდ, გავლენას არ მოახდენს არჩევნების შედეგზე.

ზურაბიშვილი გუშინ დილიდან მილოცვებს იღებს. როგორც თავად თქვა, დილით პატრიარქი იყო პირველი, ვინც გამარჯვება მიულოცა და შეხვედრაზე მიიწვია და სწორედ იმ მომენტში, როცა ილია მეორეს ხვდებოდა, იგრძნო, რომ უკვე პრეზიდენტია.

ზურაბიშვილის პირველი განცხადება იყო ის, რომ ავლაბრის რეზიდენციაში არ შევა - ორბელიანების სასახლე "უფრო ევროპული ყაიდისაა", ავლაბრის სასახლე კი "სხვა რამეებს ახსენებს". ამის შემდეგ ორბელიანების სასახლეში მივიდნენ კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე და იქ სასწრაფო წესით დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

ზურაბიშვილმა, ასევე, თქვა, რომ მისი პირველი ვიზიტი იქნება ევროპაში. ცნობისათვის, მეორე ტურის კამპანიისას საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ატოცში, ჩასულმა პირობა დადო, რომ გაპრეზიდენტების შემდეგ პირველად ავღანეთში მყოფ ქართველ ჯარისკაცებს მოინახულებდა. არის თუ არა ძალაში ეს დაპირება და სად წავა პირველად ახლად არჩეული პრეზიდენტი, ავღანეთში თუ რომელიმე ევროპულ ქალაქში, ამაზე არაფერი უთქვამს.

ამას გარდა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ გრიგოლ ვაშაძისგან მილოცვა არ მიუღია და ელოდება. მილოცვა მიიღო საფრანგეთის პრეზიდენტისგან, უკრაინიდან, ბალტიის რესპუბლიკებიდან.

ფრანგმა ჟურნალისტმა ვანსან ერვუემ კი ისიც განაცხადა, რომ საქართველოს ფრანგი პრეზიდენტი ჰყავს და ნაპოლეონის შემდეგ იშვიათია, რომ ფრანგი სხვა ქვეყანას მართავდეს, გარდა საფრანგეთისა, ამიტომ "ბევრი ბრავო" ზურაბიშვილს.

ზურაბიშვილის გამარჯვებას დამოეხმაურა რუსეთიც. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის თქმით, მოსკოვი იმედოვნებს, რომ არჩევნების შედეგი დაეხმარება ორი ქვეყნის ურთიერთობის ნორმალიზებას.

საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა პუტინის პრესმდივანი. დმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლი თვალს ადევნებს საქართველოდან წამოსულ ინფორმაციას და თბილისისგან რუსეთთან ურთიერთობის პერსპექტივის შეფასებას ელოდებიან.

ზურაბიშვილს გამარჯვება მიულოცა მოქმედმა პრეზიდენტმა და ინაუგურაციის მომზადებაში თანამშრომლობა შესთავაზა. ამასთან, გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დემოკრატიის ხარისხმა მკვეთრად დაიწია.

"გუშინდელ არჩევნებზე დაკვირვებითა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასების ანალიზის საფუძველზე, მინდა, შეშფოთება გამოვხატო, არჩევნების მეორე ტურში დემოკრატიის ხარისხის მკვეთრი ვარდნის გამო. ერთმნიშვნელოვნად მინდა ვთქვა, რომ საქართველოში ამ სტანდარტით არჩევნები მეტი აღარ უნდა ჩატარდეს," - განაცხადა მარგველაშვილმა.

ძალიან კრიტიკული იყო უცხოელი დამკვირვებლების შეფასებები.

ეუთო-ს, ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლების შეფასებებით, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებამ წაშალა ხაზი სახელმწიფოსა და პარტიას შორის, შეინიშნებოდა მედიის მძაფრი პოლარიზაცია, მეორე ტური გაცილებით პოლარიზებულ გარემოში ჩატარდა, ვიდრე პირველი და წინასაარჩევნო კამპანიის ნეგატიურმა ხასიათმა ზიანი მიაყენა პროცესს.

დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ ხისტმა რიტორიკამ და ცალკეულმა ძალადობრივმა ინციდენტებმა, ასევე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ზრდამ დააზარალა ხმის მიცემის პროცესი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბანკების ე.წ. შავ სიაში შესული მოქალაქეებისთვის ვალების ჩამოწერის ინიციატივაზე. რომ 600 000 მოქალაქისთვის ვალის ჩამოწერაზე ინფორმაცია სიურპრიზი იყო და ეს აქცია შეიძლება მიიჩნიონ ხმების ყიდვად.

დამკვირვებლებმა თავი შეიკავეს პირდაპირი პასუხისგან კითხვაზე არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ საჩივრების განხილვა გრძელდება. ასევე, განაცხადეს, რომ მოსყიდვასთან დაკავშირებით საქმის წარმოება სასამართლოს საქმეა, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოსი. რაც შეეხება საარჩევნო პროცესში არსებულ დარღვევებს, მათი თქმით, ამ დარღვევებს არჩევნების შედეგზე არსებითი გავლენა, სავარაუდოდ, არ მოუხდენია.

ენ-დი-აის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ წინასაარჩევნო გარემო იყო პოლარიზებული და შიშზე დაფუძნებული, საარჩევნო კამპანია დატვირთული იყო ძალადობის ცალკეული ინციდენტებითა და გავრცელებული ცნობებით დაშინების შესახებ, იყო ხმების სავარაუდო მოსყიდვა და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება.

საარჩევნო პროცესი ნეგატიურად შეაფასეს უკრაინელმა დამკვირვებლებმაც. მათ თქვეს, რომ არჩევნები იყო აბსოლუტურად კონტროლირებადი ხელისუფლების მიერ და აღნიშნეს, რომ მსგავსი ფაქტები არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს.

პოლონეთის სეიმის წევრმა და სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა თქვა, რომ არჩევნების მეორე ტური არის ყველაზე ცუდი არჩევნები, რაც საქართველოში ბოლო წლებში ჩატარდა.

ოპოზიცია კი ღიად აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა და ხელისუფლებამ გამოიყენა ყველა აკრძალული მეთოდი: ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშანტაჟება, ადმინისტრაციული რესურსი, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, კენჭისყრის გაყალბება ე.წ. კარუსელის მეშვეობით, უბნებიდან გატანილი ბიულეტენები. ყველაზე სახიფათო ტენდენციად კი ოპოზიცია საარჩევნო პროცესებში ქუჩისა და ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების ჩართვას ასახელებს.

"ნაცმოძრაობა" აცხადებს, რომ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებს მასობრივი ხასიათი ჰქონდა და "ეს არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა მოიპარა". ოპოზიციამ სამომავლო გეგმების მოსამზადებლად ფილარმონიაში დიდი შეკრებაც გამართა, სადაც გადაწყდა, რომ არჩევნების შედეგს არ აღიარებენ და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ. კვირას დაანონსდა აქციაც.

ცესკო-მ ხმების 100% უკვე დათვალა. სალომე ზურაბიშვილი 20%-იანი სხვაობით ლიდერობს. მან გაიმარჯვა 71 ოლქში, ვაშაძემ მხოლოდ სამში - თელავში, რუსთავსა და საზღვარგარეთ. მათ ზურაბიშვილმა ისევ წააგო საფრანგეთში, ამჯერად 3 ხმით.

პირველ ტურში ზურაბიშვილმა წააგო ყველა დიდი ქალაქი, მეორე ტურში კი - მხოლოდ 2 დიდი ქალაქი. საგულისხმოა, რომ "ნაციონალებმა" წააგეს ზუგდიდშიც და წალენჯიხაშიც, რომლებიც მათ მხარდამჭერ ოლქებად მიიჩნეოდა. ვაშაძემ გაიმარჯვა ავღანეთში გახსნილ ორივე უბანზე, სადაც პირველ ტურში ჯარისკაცების უმრავლესობამ ზურაბიშვილს დაუჭირა მხარი.

ხმის დათვლის პროცესში დაპირისპირება იყო მარნეულისა და ლაგოდეხის ოლქებში. ოპოზიციის მტკიცებით, მათ რამდენიმე უბანში გაიმარჯვეს და "ოცნების" მომხრეების ძალადობის მიზეზიც ეს გახდა. ოპოზიცია, ასევე, აცხადებს, რომ ქუთაისში კომისიის წევრებმა 2 700-ზე მეტი ის ბიულეტენები გააუქმეს, სადაც გადახაზული იყო სალომე ზურაბიშვილი და შემოხაზული იყო გრიგოლ ვაშაძე, რის გამოც 1%-იანი უპირატესობით გამარჯვება ზურაბიშვილს დაუწერეს. ცესკო-ში 307 საჩივარია შესული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×