გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს. პირველ გამაფრთხილებელ აქციას კი კვირას, 15 საათზე, რუსთაველზე ჩაატარებს.
"ჩვენ არ ვაღიარებთ არასდროს გაყალბებული არჩევნების შედეგებს, მსოფლიომ ეჭვქვეშ დააყენა მათი ლეგიტიმურობა და ჩვენ ვინ ვართ, რომ ვაღიაროთ. კვირას ყველანი თავისუფლების მოედანზე, თბილისის ცენტრში, კვირას საქართველო ფეხზე დადგება და ეტყვის უარს ივანიშვილს," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, გუშინ ფილარმონიაში სკაიპით ჩართვისას.
მმართველ გუნდში თემაზე კომენტირებისას ამბობენ, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკური ლიდერების გამო საფრთხე დაემუქროს ქართველ ხალხს.
პრემიერ მინისტრის თქმით, თუ ვინმე შეეცდება დესტაბილიზაციის მოწყობას, კანონის ძალით გაეცემა პასუხი.
„რა თქმა უნდა, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც კონსტიტუციით არის დაცული, მაგრამ ამავე დროს, თუ ვინმე შეეცდება დესტაბილიზაციის მოწყობას, ყველა ასეთ მცდელობას კანონის ძალით გაეცემა პასუხი. დაახლოებით, ორმა მილიონმა ამომრჩეველმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში გვყავს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოება, შესაბამისად, ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის არჩევანს.
ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკური ლიდერების გამო საფრთხე დაემუქროს მათ. ჩვენ არ დავუშვებთ რევოლუციურ და რევანშისტულ სცენარებს. ჩვენ არ დავუშვებთ არეულობის და დისონანსის შემოტანის მცდელობას საზოგადოების ცხოვრებაში. სახელმწიფო დაიცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას და დაიცავს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას. არჩევნები დასრულდა და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს. ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი და ბევრი გამოწვევაა გადასალახი," - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
"ქართული ოცნების" წევრის არჩილ თალაკვაძის განცხადებით,
მიხეილ სააკაშვილის მორჩილება თუ დაუმორჩილებლობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ვერ შეცვლის.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქამდეც გლობალური დაუმორჩილებლობა ჰქონდა გამოცხადებული სხვადასხვა ქვეყანაში და მომავალშიც გააგრძელებს ამ დაუმორჩილებლობას.
„სააკაშვილს დამარცხების შემდეგ სხვა არაფერი ჰქონდა სათქმელი მხარდამჭერებთან, გარდა დაუმორჩილებლობისკენ მოწოდების, თუმცა, ჩვენ ვნახეთ სწრაფი რეაქცია სხვა ლიდერების, რომლებმაც მაშინვე ბუნებრივად უპასუხეს, რომ ეს არ არის მთელი გაერთიანების პოზიცია. არ ვიცი, რა კონსულატაციები შედგა შემდგომ, მაგრამ, როგორც ჩანს ვაშაძეებმა ვერ დაიცვეს პირველი მოსაზრება და შეიძლება კიდევ შეიცვალონ პოზიცია. მაგრამ კანონი ამბობს, რომ არჩევენებში გამარჯვებული კანდიდატი არის ყველას პრეზიდენტი და ამას დაემორჩილება თუ არა სააკაშვილი, ეს არაფერს ცვლის და მათ უნდა აღიარონ დამარცხება", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.