ვინ დაუჭერს მხარს "ნაცმოძრაობის" განცხადებას აქციების და ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას, ჯერჯერობით კვლავ უცნობია. გაერთიანებული ოპოზიციის ის ნაწილი, ვინც გრიგოლ ვაშაძეს პირველ ტურშიც ედგა გვერდით, ამჯერადაც ვაშაძისა და "ნაცმოძრაობის" გვერდითაა, თუმცა აპირებს თუ არა "ნაციონალების" პროტესტთან შეერთებას რესპულბიკური პარტია და „ევროპული საქართველო", ამაზე ჯერ განცხადება არ გაუკეთებიათ. „ევროპული საქართველო" კვლავ შეხვედრებს მართავს და გუნდში ცდილობს რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ. რაც შეეხება რესპუბლიკურ პარტიას, მათი ლიდერები საერთოდ სატელეფონო ზარებსაც არ პასუხობენ.
მას შემდეგ რაც მმართველი გუნდის მხადაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს გრიგოლ ვაშაძეს 20%-ით აჯობა და საქართველოს პრეზიდენტი გახდა, ვაშაძემ ფილიარმონიაში შეკრებილ მხადამჭერებს ოპოზიციის გადაწყვეტილება გააცნო.
რას აპირებს გაერთიანებული ოპოზიცია და რას პასუხობს მას ხელისუფლება. გაიზიარებს თუ არა ვაშაძე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას, რომ ქვეყანაში საყოველთაო დაუმორჩილებლობა დაიწყოს.
გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს. მისი თქმით, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები არ ყოფილა, ეს იყო კრიმინალური ფარსი, სადაც ამომრჩევლის სრული ტერორი მოხდა.
„ჩვენ ამ არჩევნებს არ ვაღიარებთ. საქართველოს პრეზიდენტი არა ჰყავს. პრეზიდენტი ჰყავს ბიძინა ივანიშვილს და რა უსულო საგანიც არ უნდა შეიტანოს პრეზიდენტის სასახლეში, ის ჩვენი პრეზიდენტი არ იქნება და ჩვენ ამ უსულო საგნის მიმართ არავითარი პოლიტიკური და მორალური ვალდებულებები არა გვაქვს. გაერთიანებული ოპოზიცია მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს", - განაცხადა ვაშაძემ.
ოპიზიცია მოითხოვს, ვადამდელი არჩევნები პროპორციული ან პროპორციულ-რეგიონული პრინციპით ჩატარდეს. ამ მოთხოვნით გაერთიანებული ოპოზიცია კვირას, 15.00 საათზე რუსთაველზე მშვიდობიან აქციას აანონსებს.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოს დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იყო. ბოკერია ამბობს, რომ "ევროპული საქართველო" 30 ნოემბერს სხდომას გამართავს, სადაც ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის სტრატეგიებზე იმსჯელებს. თუმცა ხაზს უსვამს, რომ მათ სტრატეგიაში არასდროს შევა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის შესახებ მოწოდებები.
„ეს არის უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიის საკითხში... კიდევ ერთი, ივანიშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ საქართველოს დემოკრატიისთვის. უმძიმესი დარტყმა მიაყენა მან საქართველოს დემოკრატიას გუშინაც და ამ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში. დაშინება, მოსყიდვა, ფარულობის სისტემური დარღვევა ამ არჩევნებზე, აი, ამ სამი ფაქტორის ეს კომბინაციაა როგორც მთავარი გამოწვევა ამ არჩევნებისთვის და ქართული დემოკრატიისთვის," - ამბობს გიგა ბოკერია.
მისი თქმით, დღეს დამდგარი პოლიტიკური რეალობა კიდევ უფრო ზრდის პასუხისმგებლობას იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციამ შეიმუშაოს სტრატეგია, რათა ქვეყანა ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს.
მიუხედავად ოპოზიციური ლიდერების განცხადებებისა, მიხეილ სააკაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს მიმართავს, რომ ახლა არ არის ბევრი ლაპარაკის დრო და დგება გადამწყვეტი ბრძოლის პერიოდი.
"მინდა ვუთხრა ხალხს, ახლა არ არის გლოვის და თავზე ნაცრის დაყრის დრო. ახლა არის ორგანიზების და ბრძოლის გაგრძელების და უფრო ინტენსიურ ფაზაში გადაყვანის დრო. ჩვენ ვკარგავთ ჩვენს სამშობლოს. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ახლა არამხოლოდ ხელების ჩამოშვების დრო არაა, დგება გადამწყვეტი პერიოდი",-აცხადებს სააკაშვილი.
მანამდე კი ექს-პრეზიდენტმა პოლიციას, ჯარს და მოსახლეობას მოუწოდა, რომ საყოველთაო დაუმორჩილებლობა გამოაცხადოს, რასაც გაერთიანებული ოპოზიცია ცივად შეხვდა და განაცხადეს, რომ ეს მხოლოდ პირადად ერთი კონკრეტული ადამიანის მოსაზრება იყო.
ოპოზიციის განცხადებებს საქართველოს პრემიერი მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, საერთო ჯამში, ყველამ ვნახეთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ, თავისუფალ გარემოში, რაც ქართული დემოკრატიისთვის კიდევ ერთი გამარჯვებაა. მამუკა ბახტაძის თქმით, არჩევნების პერიოდში იყო ექსცესები და პროვოკაციები, რომლებმაც შედეგებზე გავლენა არ იქონია.
საქართველოს პრემიერი მამუკა ბახტაძე კი აცხადებს, რომ თუ ვინმე შეეცდება დესტაბილიზაციის მოწყობას, ყველა ასეთ მცდელობას კანონის ძალით გაეცემა. მისი თქმით, ხელისუფლება არ დაუშვებს ქვეყანაში რევოლუციურ სცენარებსა და საზოგადოების ცხოვრებაში არეულობის შეტანას. ბახტაძე ამბობს, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს, უპასუხისმგებლო პოლიტიკური ლიდერების გამო საფრთხე ქართველ ხალხს დაემუქროს.
„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკური ლიდერების გამო საფრთხე დაემუქროს მათ. ჩვენ არ დავუშვებთ რევოლუციურ და რევანშისტულ სცენარებს. ჩვენ არ დავუშვებთ არეულობის და დისონანსის შემოტანის მცდელობას საზოგადოების ცხოვრებაში. სახელმწიფო დაიცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას და დაიცავს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას. არჩევნები დასრულდა და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს. ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი და ბევრი გამოწვევაა გადასალახი," - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პარლამენტის ვიცე -სპიკერმა გია ვოლსკიმ გაერთიანებულ ოპოზიციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, „ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა, ვინაიდან ის არაადეკვატური ლიდერი პირდაპირ დაპირისპირებისკენ და რევოლუციური სცენარის განვითარებისკენ მოუწოდებს, აქეთ საერთაშორისო სტანდარტი კი ცივილურად მოქცევისკენ მოუწოდებს და სადღაც შუალედური პოზიცია შეარჩიეს იმისათვის, რათა თავის მხარდამჭერებს არ გაუქრონ იმედი და ენთუზიაზმი", - აცხადებს ვოლსკი.
მისი თქმით, სახელმწიფოს რესურსი გააჩნია იმისათვის, რათა დესტაბილიზაცია თავიდან აირიდოს. „გადახედეთ სიტუაციას, ვის აწყობს დესტაბილიზაცია სატრანზიტო ქვეყანაში და აქედან გააკეთეთ დასკვნები, ვისი სცენარით მოქმედებს დღეს სააკაშვილი. რასაკვირველია, გაერთიანებულ ოპოზიციას ძალიან რთულ მდგომარეობაში უხდება გადაწყვეტილების მიღება: ერთის მხრივ არის ავანტიურისტი არაადეკვატური მოწოდებებით, მეორეს მხრივ, საზოგადოება, რომელსაც აბსოლუტურად არ აინტერესებს არანაირი ვაშაძის ან გაერთიანებული ოპოზიციის პოლიტიკური მომავალი",-ამბობს ვოლსკი.