„ცოტა უცნაური რამაა, - აპროტესტებენ იმას, რომ საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმურია და ითხოვენ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას. ეს ორი ერთმანეთს არ ეწყობა. თუ ხელისუფლებამ ხელი არ შეუწყო, საპროტესტო აქციები აქტიური და პერმანენტული არ იქნება. თუკი ხელისუფლება დარჩება მშვიდი და მოითხოვს იმას, რომ საპროტესტო აქციები კანონიერების ფარგლებში განხორციელედეს, ყველაფერი მშვიდად ჩაივლის," - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას.
კვირას, 2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია" საპროტესტო აქციას მართავს. ოპოზიციური გაერთიანება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვს, - ამის შესახებ გუშინ ფილარმონიაში შეკრებილ მხარდამჭერებს გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა.
პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი უნდა იყოს იმისთვის, რომ ამ აქციებს გაგძელება ჰქონდეს, თუმცა ეს მუხტი დღეს ამომრჩეველში არ არსებობს. მან 2003 წლის მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ სააკაშვილი იმ პერიოდში „ჩარჩა" და სწორედ ამიტომ სურს იგივე სცენარის გამეორება.
„არჩევნების არალეგიტიმურობა არცერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ არ აღიარა, მიუხედავად იმისა, რომ დარღვევები ჩვენი საარჩევნო პროცესისთვის ქრონიკული დაავადებაა, რაღაც ახალი, მოულოდნელი და ექსტრავაგანტული ამ არჩევნებზე არ მომხდარა.
„საპროტესტო მუხტიც უნდა არსებობდეს. ამომრჩეველი უნდა გრძნობდეს, რომ მას გაუყალბეს არჩევნები. ჩვენ გვახსოვს როგორ გაყალბდა არჩევნები და რა პროცესები განვითარდა 2003 წელს. იგივე სცენარის დატრიალება ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილი სადღაც იმ პერიოდში ჩარჩა და ცდილობს იგივე დაატრიალოს,"- აცხადებს ის.
ძაბირაძემ აღნიშნა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია და ამ აქციების გამართვით ისინი ამ წარმატებას დაკარგავენ. იგი აქციებისთვის მასშტაბური სახის მიცემას გამორიცხავს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ" საკმაოდ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. თუკი ისინი ამ წარმატებას გამოიყენებენ და არ დახარჯავენ უაზრო აქციებში, მაშინ შედეგი ნამდვილად იქნება. ქვეყანაში უნდა არსებობდეს პოლიტიკური პარტიები, ეს ქვეყნის ინტერესებშია. ვის მოსწონს და ვის არ მოსწონს, ეს ცალკე თემაა.
„არ ველოდები, რომ პერმანენტული აქციები იქნება. კვირას აქციაზე უსაშველო რაოდენობას არ ველოდები. ალბათ, იქნება საკმაოდ ძლიერი აქცია, რომელსაც არ ექნება გაგრძელება. შემიძლია ვურჩიო „ნაციონალებს", რომ ეს უკეთესი იქნება, ვიდრე ის, რომ აქციები გააგრძელონ, რადგან ეს აქციები მაინც შეწყდება და ამას წინ ვერაფერი აღუდგება," - აღნიშნა მან.
ძაბირაძე რევოლუციური სცენარის განვითარებას გამორიცხავს. მისი თქმით, კვირის აქციის დასასრული ხელისუფლების ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული.
„ამ ეტაპზე არანაირი რევოლუციური სცენარი არ იქნება. ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. რევოლუციურ სცენარში თუ გულისხმობენ, რომ საპროტესტო ტალღა მთელ ქვეყანაში იყოს, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ხელისუფლება მართლა აიძულო წამოვიდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე, მაგრამ ეს საპროტესტო ტალღა ამისთვის არ გამოდგება.
„ხვალ და ზეგ რა იქნება, ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. რა იქნება ამ აქციის შემდეგ ესეც ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. საკმაოდ დიდი გამოცდილება გავიარეთ 2007-2012 წლებში. ვისაც ამ პერიოდის პროცესები ახსოვს და ამ გამოცდილებას გამოიყენებს, ცუდი არ იქნება," - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძე.