ელზა პაპოშვილი
30.11.2018

 როდის და რამდენად სწარაფად დაიწყებს ბიძინა ივანიშვილი და მმართველი გუნდი დაპირებების  შესრულებას, 2020 წლის არჩევნების ბედი უკვე ამაზე იქნება დამოკიდებული -აცხადებენ ანალიტიკოსები „რეზონანსთან“. 

ექსპერტების უმეტესობას მიაჩნია, რომ დაპირებების  შესრულებაზე მთავრობა უარს ვერ იტყვის თუნდაც იმის გამო, რომ წინ საპარლამენტო არჩევნებია და ხალხის განაწყენებას ამჯერად ვერავინ გაბედავს.  წინააღმდეგ შემთხვევაში, სოციალური ფონი კიდევ უფრო დამძიმდება და პრობლემის გასამკლავებლად ხალხს ძალა არ ეყოფა, ეს კი ხელისუფლების ცვლილებას კიდევ უფრო დააჩქარებს. 

თუმცა რამდენად აქვს ხელისუფლებას ამის რესურსი, ამას ანალიტიკოსების ნაწილი სკეპტიკურად უყურებს. მათი აზრით, ივანიშვილის სიტყვას რომ ფასი აღარ აქვს, ეს ხალხმა პირველ ტურში უკვე  აჩვენა.  ივანიშვილმა ერთი წელი ითხოვა იმისთვის, რომ ქვეყანაში პრობლემების გადაჭრა მოხდეს, თუმცა ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მას მეტი დრო არც აქვს. 

“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საზოგადოებას ასეთი რეაქციისა და შეგრძნებისთვის, დანარჩენი ალბათ ჩემზეა. მეც რასაც დაგპირდით, ყველაფერს გავაკეთებ, მაქსიმუმს შევეცდები”, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” ლიდერი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ეგზიტპოლის შედეგებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ახალი მეხუთე პრეზიდენტი მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გახდა. 

მოდით, გავიხსენოთ რას დაგვპირდა ივანიშვილი და მმართველი გუნდი მეორე ტურის წაინასაარჩევნო პერიოდში, თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდებოდა.  

ძირითადი დაპირებების არასრული ჩამონათვალი ასეთია: გაზრდილი ფულადი დახმარება 140 000 ბავშვს, გაზრდილი ხელფასი სკოლის დირექტორებს, პედაგოგებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ტყიბულში ქურთუკების, რუსთავი-გარდაბნის გზაზე მარილის და თბილისში სარწყავი ლენტების საწარმოების გახსნა, ოფიციალური შემოსავლის მიღების მიუხედავად, სოციალური დახმარების შენარჩუნება 1 წლის ვადით, 1200 სტუდენტს ერთი წლით სწავლის დაფინანსება, სამხედრო მოსამსახურეების, სასაზღვრო პოლიციისა და სანაპირო დაცვის შემადგენლობის ხელფასების ზრდა და ასევე ყველაზე მთავარი დაპირება, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა, საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს, ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დავალიანება უნოლდებათ. ამ დავალიანების გადახდას კი საკუთარ თავზე ფონდი „ქართუ" იღებს. ეს პროცესი უკვე 16 დეკემბერს უნდა დაიწყოს. 

ანალიტიკოსი და ეკონომისტი ლადო პაპავა აცხადებს, რომ თუ ივანიშვილმა ეკონომიკას ერთ წელიწადში არ მიხედა, პოზიტიური ტრენდი არ შექმნა და პოზიტიური ტენდენცია არ აჩვენა,“ოცნებას“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ნამდვილად გაუჭირდება. 

 „თუ ივანიშვილი თავის დაპირებას ქვეყანაში ვითარების გამოსწორებაზე ვერ შეასრულებს, „ნაცმოძრაობას“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე წარმატების მიღწევის შანსი ექნება. ხელისუფლებას ყველაზე მეტად უჭირს ეკონომიკაში. თუ ივანიშვილმა ეკონომიკას ერთ წელიწადში არ მიხედა, პოზიტიური ტრენდი არ შექმნა და პოზიტიური ტენდენცია არ აჩვენა,“ოცნებას“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ნამდვილად გაუჭირდება. მე ვთვლი, რომ „ოცნებისთვის“ ეკონომიკა ნომერ პირველი პრობლემაა, მაგრამ ახლა „ოცნებას“ უპირველესად „ნაციონალებიდან“ პორტირებულებისგან გასათავისუფლებლად პირველი ნაბიჯების გადადგმა მოუწევს. შეიძლება მათ ბოროტება არ ჩაუდენიათ, მაგრამ ბოროტებაზე თვალს ხუჭავდნენ. „ოცნებისთვის“ მათი შენარჩუნება, ვინც „ნაცმოძრაობაში“ იყვნენ და ახლა მმართველ გუნდში ლიდერთა პოზიციაზე არიან, წამგებიანი იქნება და საზოგადოების კიდევ უფრო მეტად გაღიზიანებას გამოიწვევს," - აცხადებს ლადო პაპავა. 

ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი და ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ივანიშვილის დაპირებების ხალხს აღარ სჯერა და ეს პირველი ტურის შედეგებიდანაც კარგად გამოჩნდა. რაც შეეეხება ე.წ. შავ სიაში მყოფი ადამიანებისთვის ვალების ჩამოწერას, ეს სოცილურდი პროექტია და მხოლოდ ერთჯერადი სახე აქვს. ფიქრობს, რომ დაახლოებით სამ-ოთხ თვეში კიდევ უფრო გრძელ ე.წ. შავ სიას ვიხილავთ. 

„ამ წინასაარჩევნო დაპირებების შესასრულებლად სისტემური რეფორმებია დასაწყები. არ ვიცი, ივანიშვილს კიდევ აქვს თუ არა ამის გაკეთების რესურსი. მისი სიტყვების რომ ხალხს აღარ სჯერა, ეს პირველ ტურში უკვე გამოჩნდა და ხალხმა ადეკვატური პასუხი გასცა. ივანიშვილმა თუ თავის თავში ძალა არ იპოვა, რომ მიწა ამოატრიალოს და რადიკალურად შეცვალოს ყველაფერი, ბუნებრივია, რომ შედეგი საკმაოდ მძიმე იქნება. მას ყველაფერი ნულიდან აქვს დასაწყები და ახალი სახელმწიფო მანქანა აქვს შესაქმნელი. 1 წელი რომ ითხოვა, რეალურად მხოლოდ ამდენი დრო აქვს. ვნახოთ, აბა, რას იზამს, ყველაფერს ერთ წელში შეძლებს?“ -კითხულობს „რეზონანსთან“ ხუხაშვილი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×