„დღეს ივანიშვილის სატელიტების წინააღმდეგ სასამართლო წავაგე. მიუხედავად იმისა, რომ მე ვიჩივლე ცილისწამებისთვის, ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემს წინააღმდეგ დაგეშილ სახელმწიფო ინსტიტუტებს ვებრძოდი და ასეთ პირობებში მურუსიძის სასამართლოს იმედი არ უნდა მქონოდა, სასამართლოში მაინც წავედი, რადგან ჩემთვის ერთადერთი მისაღები გზა სამართლებრივი ბრძოლაა," - ასე გაეხმარა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დირექტორი ეკა გიგაური თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას.
რეჟისორ გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილის წინააღმდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დირექტორის ეკა გიგაურის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა, თუმცა გიგაური გასაჩივრებას ჯერ სააპელაციოში, შემდეგ კი სტრასბურგში აპირებს, - ამის შესახებ გიგაურის ადვოკატმა თეონა ზაქარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„თავიდანვე ვაცნობიერებდით, რომ ჩვენ სარჩელი დამოუკიდებელ სასამართლოში არ შეგვქონდა. ეს დაამტკიცა დღევანდელმა სასამართლომ და გამოიტანა ეს გადაწყვეტილება, რაც გამოიტანა. ჩვენ დავის სამართლებრივი გზა ავირჩიეთ. ჩვენ გავაგრძელებთ დავას, გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში.
„რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, იმ მტკიცებულებების ფონზე, რაც მთელი განხილვების განმავლობაში იყო, ის, რომ ხაინდრავას მოწმემ თვითონვე უარყო ხაინდრავას განცხადებები, მიუხედავად უამრავი მტკიცებულებისა, სასამართლომ მაინც მიიღო ეს გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ არ არის დამოუკიდებელი და გააგრძელა სახელისუფლებო ნარატივი არასამთავრობო ორგანიზაციების და მათ შორის ეკა გიგაურის წინააღმდეგ.
„თავიდანვე ეს განცხადებები მისი დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული და დღეს პრაქტიკულად სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით გააფორმა ამ ნარატივის გაგრძელება.
„თუ ქართული სასამართლოები ვერ დადგებიან თავის სიმაღლეზე, ვერ მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას და ვერ დაადგენენ ცილისწამებას, აუცილებლად წავიღებთ საქმეს სტრასბურგში და გადაწყვეტს უფრო მაღალი ტრიბუნალიდან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო," - აცხადებს ადვოკატი.
მოსამართლე ქეთევან კუჭავამ განმარტა, რომ სადავო განცხადებას არ გააჩნია ცილისწამებად კვალიფიკაციის აუცილებელი ელემენტი და რომ მოპასუხეთა მიერ გაჟღერებული განცხადება აზრის გამოხატვად ჩაითვალა.
ეკა გიგაური „ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილსა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს დისკრედიტაციაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ბრძოლას სტრასბურგის სასამართლოში გააგძელებს.
„რეალურად კი რა მოხდა - სასამართლომ დაადგინა, რომ სინამდვილეში ივანიშვილმაც, წულუკიანმაც და ყველა მათმა სატელიტმა შეიძლება საჯაროდ, ყოველგვარი დასაბუთების და საფუძვლის გარეშე დაგაბრალოს დანაშაული და სასამართლომ თქვას, რომ ეს მათი აზრია. მერე მიხვიდე პროცესზე დაამტკიცო, რომ დანაშაული არ ჩაგიდენია და პროცესი მაინც წაგაგებინონ.
„მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს ადამიანი მიზანმიმართულად ცდილობს ჩემ დისკრედიტაციას და მტკიცებით ფორმაში მაბრალებს იმას, რასთან შეხებაც არასოდეს მქონია, ჩვენი სასამართლოს აზრით, მათ პასუხი არ შეიძლება მოეთხოვოთ. უნდა ითქვას ისიც, რომ მსგავსი საქმეები ჩვენს სასამართლოს ჰქონია და იქ რატომღაც მოსამართლემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
„აქ პრობლემა ეკა გიგაურია - ეს არის ფაქტი და მიუხედავად იმისა, რომ ცილისმწამებლების მოწმეებიც კი ჩემს სასარგებლო ჩვენებებს აძლევდნენ, ჩემმა ფაქტორმა აიძულა მოსამართლე სასამართლოს რეპუტაცია გაეწირა. მე გავაგრძელებ ბრძოლას, თუ საჭირო გახდა სტრასბურგშიც!
„არავინ იფიქროს, რომ ჩემს წინააღმდეგ სახელმწიფოს მიზანმიმართული კამპანიის გამო პირში წყალს ჩავიგუბებ და გავჩერდები.
„მადლობა ქართულ სასამართლოს ყველაზე "მიუკერძოებელ" და "სამართლიანს" მსოფლიოში!" - წერს ეკა გიგაური ფეისბუკზე.
გოგა ხაინდრავა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაეხმაურება და განაცხადა, რომ მისი სიმართლე სასამართლომ დაადასტურა.
„თავიდანვე ვიცოდი, რომ მართალი ვარ ცამდე და ეს დაადასტურა სასამართლომ. ეს ვიცოდი არა მარტო მე, მთელმა საქართველომ იცოდა. ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ შეაფასებს ამას ყველაფერს საზოგადოება, რას წარმოადგენს გიგაური. მხოლოდ იმისთვის ვიყავი ამ სასამართლოში. 3 წლის განმავლობაში დავდიოდი, რომ მეჩვენებინა საზოგადოებისთვის, რას სჩადიოდნენ ისინი და რას სჩადიან დღეს," - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
ცნობისათვის, ეკა გიგაურმა გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივლა. საქმე ეხება 2014-2015 წლებში ხაინდრავასა და ადამაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებულ განცხადებებს. მათ ეკა გიგაური დაადანაშაულეს 2007 წლის ნოემბრის აქციების ძალისმიერი მეთოდით დაშლის წახალისებაში.