თამარ შუკვანი
30.11.2018

 კვირას, 2 დეკემბერს, 15.00 საათზე რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია" საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ სცნობს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. მთავარი შეკითხვა არის, თუ რომელი ოპოზიციური პარტიები შეუერთდებიან ამ აქციას.

გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქციას „ევროპული საქართველო," როგორც პარტია, არ უერთდება, ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა დავით ბაქრაძემ დღეს პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„შექმნილ ვითარებაში სრულიად გასაგები და ლეგიტიმურია თითოეული იმ ადამიანის წუხილი, ვისაც მიაჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის გაპროტესტება უნდა მოხდეს კანონიერი საპროტესტო საშუალებებით. ჩვენ გვესმის თითოეული ასეთი ადამიანის წუხილი. მაგრამ „ევროპულ საქართველოს" მიაჩნდა და მიაჩნია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ბრძოლის მთავარი გზა გადის პოლიტიკურ რეფორმებზე და არა საპროტესტო აქციებზე.

„შესაბამისად, პოლიტსაბჭომ მიღო გადაწყვეტილება, რომ კონკრეტულად კვირას დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ჩვენ ვართ სრულად სოლიდარული თითოეული მოქალაქის და ადამიანის, რომელიც იქ მიდის საკუთარი პროტესტის გამოსახატად და უსამართლობის გასაპროტესტებლად, მაგრამ როგორც პარტია ორგანიზაციულად ჩვენ ამ აქციის ორგანიზებაში მონაწილეობას არ მივიღებთ," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

პარტია „გირჩის" საპრეზიდენტო კანდიდატის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, „გირჩი" დაგეგმილ აქციას სავარაუდოდ არ შეუერთდება, - ამის შესახებ მან ტელეკომპანია „პირველის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით გუნდში არ უმსჯელიათ.

„პირადად ჩემი პოზიცია იქნება, რომ ამ აქციას არ შევუერთდეთ. გაურკვეველია, რატომ გადაწყვიტეს აქციების მოწყობა. რასაც ვკითხულობ, დარღვევების მიუხედავად, საერთაშორისო დამკვირვებლები საუბრობენ, რომ არჩევნები შედგა. ამასთან, მგონი, ყველასთვის გასაგებია, სააკაშვილს რა მიზნებიც ამოძრავებს და ამიტომ არ მგონია სწორი, აქციებს "გირჩი" შეურთდეს," - აცხადებს ჯაფარიძე.

„რეზონანსი" შეეცადა გაერკვია რესპუბლიკური პარტია შეუერთდება თუ არა დაანონსებულ აქციას, თუმცა პარტიის ლიდერებმა მობულურ ტელეფონზე არ გვიპასუხეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×