ტატა შოშიაშვილი
30.11.2018

 პოლიტიკური მოძრაობა "ხალხის ნების" თავმჯდომარე გიორგი შენგელაია "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც დაგვპირდა, რომ რეფორმებს გაატარებს და საკადრო ცვლილებებს მოახდენს. გიორგი შენგელაია მიიჩნევს, რომ ამ არჩევნების ერთერთი პოზიტიური შედეგი ისაა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ფაქტობრივად, წავიდა პოლიტიკური არენიდან.

"რეზონანსი": როგორ შეაფასებთ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს?

გიორგი შენგელაია: ჩემი პოზიცია ცნობილია - ამ ორს შორის არც ერთ ძალას არ ვცნობდი და არ ვცნობ. მაგრამ, ბუნებრივია, რომ ამ შემთხვევაში ვინმეს უნდა გაემარჯვა. მე ვთვლიდი, რომ ორივეს დამარცხება კარგი იქნებოდა, თუმცა ეს არ ჯდება კანონმდებლობაში. ახლა უკვე გაადვილდება ურთიერთობები. მე ისევ ჩემს პოზიციაზე ვრჩები და მივიჩნევ, რომ საქართველოში ბევრი რამ უნდა გაუმჯობესდეს და საზოგადოებისთვის სჯობს, რომ ერთ პოლიტიკურ მხარესთან გვქონდეს ურთიერთობა.

ადრეც მაქვს ნათქვამი, რომ სააკაშვილთან შედარებით, გარკვეულ უპირატესობას ყოველთვის ბიძინა ივანიშვილს ვანიჭებდი, ეს ყველასთვის ნათელია.

"ოცნებასთან" დაკავშირებით მე ვიმეორებ, რომ ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის როლში. ამ შემთხვევაში უნდა გაიყოს ყველაფერი - თუ ბიძინა ივანიშვილთან შესაძლებელია ლაპარაკი, ამ ქალთან ლაპარაკი არ შეიძლება. გაგახსენებთ, რომ, როდესაც მონღოლებმა რუსეთის სამხრეთ ნაწილი დაიპყრეს, ჩრდილოეთში მათი ქალაქები დარჩა მონღოლებისთვის მიუწვდომელი, მაგრამ იმდენად უმწეოები იყვნენ რუსები, რომ მიმართეს ნორმანებს (შვედებს) და უთხრეს, მოდით და გვმართეთო. ალბათ, ამ შემთხვევაშიც იგივე ლოგიკაა - თვითონ ბიძინა და მისი გუნდი ვერ მართავენ, რის გამოც დაუძახეს ქალს საფრანგეთიდან და ეს მიუღებელია. თავიდანვე ვთქვი ბიძინაზე, რომ ის არის უკითხავი კაცი და ჩვენს სამართავად სალომეს მოყვანაც ამის დამადასტურებელია. ეგეთი რა გაგვიჭირდა ქართველებს, რომ ჩვენს თავს ვერ ვმართავთ?! გვყავდა დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, გიორგი ბრწყინვალე და ა.შ. და ახლა მოიყვანეს ფრანგი ქალი - ეს არის სამარცხვინო.

ფულიანი ხალხი იხარჯება და ამით ჩვენს ხალხს, ერს "აჩმორებენ". ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, რომ ვიღაც ფრანგი ქალი მართავდეს ქვეყანას. ისინი ამით, ვითომ, გამოხატავენ ევროპასთან დაახლოებას. ამ კუთხით, მე გავაგრძელებ სალომესთან ბრძოლას და ავუხსნი ამ ხალხს, რომ ასეთ სიტუაციაციასთან გვაქვს საქმე - ესე იგი, ჩვენ ვერ ვმართავთ ჩვენს თავს და სხვამ უნდა გვმართოს.

"რ.": როგორ ფიქრობთ, მოვლენები როგორ განვითარდება?

გ.შ. ჯერ ერთი, მე უკვე დავაარსე პოლიტიკური მოძრაობა "ხალხის ნება", ეს "ნება" ძალიან ბევრ რამეს გამოხატავს. გაგახსენებთ ჯეფერსონის ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციას, სადაც პირდაპირ წერია, რომ ხალხია ხელისუფლების მფლობელი, ის ქირაობს მთავრობას, რომელმაც ქვეყანა უნდა მართოს, რადგან ხალხმა უნდა იმუშაოს. თუმცა თუ ხალხის სურვილი ვერ შეასრულა მთავრობამ, მათ აქვთ უფლება, რომ არა გადაირჩიონ, არამედ გადააყენონ არსებული მთავრობა. ჩვენთან ეგეც არაა გაყოფილი - ვინ არის ამ პარლამენტში და რას აკეთებს, გაუგებარია. ხალხმა უნდა მართოს.

საწყის ეტაპზე არ გამოვრიცხავ ჩემი მოძრაობის თანამშრომლობას ბიძინა ივანიშვილთან, რადგან მან გარკვეული დაპირებები მისცა ქართველ ხალხს. თუ მართალც შეასრულებს თავის დაპირებებს, მაშინ რაღატომ უნდა შევაკვდე მე და ვიყვირო-ვიწივლო? მე უნდა ვიმუშაო ფილმებზე.

ჩვენი უდიდესი მინუსი ისაა, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტია უკან არ იხედება და ბიძინა ივანიშვილის და სააკაშვილის ძველ ცოდვებზე არავინ აღარ ლაპარაკობს. ვნახოთ, თუ მისმა რეფორმებმა გადაწონა და გავიდა ისეთ ნიშნულზე, რომ იმ წარსულ გადაუსვამს ხაზს, მაშინ მე არანარი საქმე არ მექნება პოლიტიკაში. ეს არის უახლოესი მომავლის ამბავი.

"რ.": გაერთიანებული ოპოზიცია მოითხოვს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით?

გ.შ: რა საკვირველია, აჯობებდა, რომ "ოცნების" პარლამენტს დაენიშნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. თუ მათ გონება ეყოფათ, უნდა დანიშნონ. აქ კიდევ ერთხელ გადამოწმდება ყველაფერი. რატომ ეშინია ამისი პარლამენტს? იმიტომ, რომ მანქანები ჰყავთ, ფული აქვთ და ეშინიათ, რომ ამ ყველაფრის გარეშე არ დარჩნენ. რაც შეეხება არჩევნებს, იმდენი კომპრომატი დაიდო, რომ მეტი არ შეიძლება.

თუ არჩევნები იქნება, დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი მოძრაობა შედეგს მიაღწევს, რადგან ხალხის ნებას გამოვხატავთ, ამ მოძრაობაში ყველა წესიერი და პატიოსანი ადამიანია. ფული რა არის? ეს არის ხელის ჭუჭყი.

კიდევ შევხედავ იმას, თუ როგორ მოექცევიან სარალიძეს და მაჩალიკაშვილს. რაც წინა პერიოდში არ გაკეთდა, ახლა უნდა გაკეთდეს. მაჩალიკაშვილის და სარალიძის ამბავი პირველ რიგში უნდა მოგვარდეს, ეს არის სირცხვილი ყველამხრივ.

მე მოვუწოდებ ხალხს. ჩემი ფილმებიდან კარგად ჩანს, როგორ მიყვარს ხალხი და როგორ არ მიყვარს ფული, ზუსტად ასეთი ხალხი მყავს მე მოძრაობაში.

"რ.": რას ფიქრობთ მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვაზე, რომელშიც ის ხალხს დაუმორჩილებლობისაკენ მოუწოდებს?

გ.შ.: მიხეილ სააკაშვილზე ბევრჯერ მითქვამს, რომ ის არის ძალიან უარყოფითი პიროვნება. მე მას სატანას ვეძახი. მაგის მოქმედებები სატანისეულია. ის სხვისი თეფშიდან ჭამს. მასაც შეუძლია ხალხის მიმხრობა და შემდეგ მოქმედება. ის პოლიტიკოსები, რომლებიც სააკაშვილს არიან აყოლილი, ყველას უნდა ხელისუფლება და სკამი. ისინი მოაწყობენ ქუჩის აქციებს, მაგრამ ხალხის უმრავლესობა მათ არ აჰყვება. მათ აზრს გაიზიარებს მხოლოდ ის ათი პროცენტი, რომლებიც ე.წ. მიშისტები არიან. ისინი მე მაგონებენ გამსახურდიას "კარვის ქალებს", რომლებიც ბრმად უჭერდნენ მხარს გამსახურდიას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×