თამარ შუკვანი
01.12.2018

 „არ მგონია ევროკავშირში ასეთ რადიკალურ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ. ეს მოითხოვს, ფაქტობრივად, სრულ კონსენსუსს, რისი მიღწევაც ძალიან რთული იქნება. ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნისთვის რუსეთი საკმაოდ მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს.

„არ მგონია, რომ ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს, მაგრამ თუ ეს მოხდა, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება სერიოზული ბერკეტი რუსეთის ეკონომიკაზე ზემოქმედებისათვის, რომელიც ისედაც სტაგნაციას განიცდის," - აცხადებს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" საუბრისას.

ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთთან მეგობრობისა და პარტნიორობის შეთანხმება გააუქმოს. ამას ითვალისწინებს ლატვიის წარმომადგენელი ევროპარლამენტარის, სანდრა კალნიეტეს მიერ მომზადებული რეზოლუცია, რომელსაც ევროპარლამენტი 2019 წლის მარტში განიხილავს. რეზოლუციის თანახმად, ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთთან „წერტილოვანი თანამშრომლობის" რეჟიმზე უნდა გადავიდნენ, რაც გულისხმობს თანამშრომლობას მხოლოდ იმ სფეროებში, რომელიც ორმხრივ ინტერესს წარმოადგენს

კორნელი კაკაჩიას თქმით, რუსეთის მიმართ გარკვეული მკაცრი ზომების მიღების გადაწყვეტილების განხილვას ევროკავშირი უფრო აქტიურად მას შემდეგ შეუდგა, რაც ბოლო დღეებში უკრაინი საკითხმა წინ წამოიწია.

„ეს საკითხი დიდი ხანია დგას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დღის წესრიგში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკრაინის კრიზისი დაიწყო და სხვადასხვა მოსაზრებები იყო, თუ რა უნდა გააკეთონ ამ აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ.

„ევროკავშირის შიგნით სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს; არის სახელმწიფოები, რომლებიც ითხოვენ რუსეთის აგრესიას მკაცრი პასუხი გაეცეს და არის სახელმწიფოები, რომლებიც ცდილობენ ეს სანქციები შეარბილონ და ეკონომიკური ურთიეთკავშირი გააგრძელონ.

„ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, ევროკავშირის ძალიან ბევრმა ქვეყანამ უკვე წამოწია ეს საკითხი, რომ უნდა გამკაცრდეს რუსეთთან ურთიერთობა. საბოლოოდ, ამ ორ მოსაზრებას შორის უნდა ჩამოყალიბდეს გარკვეული პოლიტიკა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან ერთიანი პოლიტიკა იქნება.

„ძალიან რთულია ევროკავშირის მიერ ამ გადაწყვეტილებაზე კონსენსუსის მიღწევა, რათა შემუშავდეს ერთიანი პოლიტიკა, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს ევროკავშირის სხვადასხვა წევრი სახელმწიფოების განსხვავებულ შეხედულებებზე თამაში, რასაც ის აქამდე აკეთებდა," - აღნიშნა კაკაჩიამ.

მისივე თქმით, ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოსთვის, ეკონომიკური თვალსაზრისით, რუსეთთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომაც რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობაზე უარს ვერ იტყვიან.

„რაც შეეხება „წერტილოვან თანამშრომლობას", ზოგიერთი სახელმწიფოსთვის სხვადასხვა სფეროებში რუსეთთან თანამშრომლობა აუცილებელია. მაგალითად, იტალიისთვის, ავსტრიისთვის, გერმანიისა და კიდევ რამდენიმე სახელმწიფოსთვის. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის ბაზარზე ექსპორტის განხორციელება.

„აქედან გამომდინარე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ცდილობენ, რომ ამ სახელმწიფოების ინტერესები რაღაცნაირად დაკმაყოფილდეს და განსაკუთრებით იმ სფეროებში, სადაც აუცილებელია თანამშრომლობა.

„რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობაზე მთლიანად უარს ვერ იტყვიან და ეს გარკვეულწილად კონსენსუსზე დამყარებული გადაწყვეტილებაა, რომლის მიზანი არის, რომ რუსეთს გარკვეული სიგნალი მისცენ, ჩამოყალიბდა ევროკავშირის ერთიანი პოლიტიკა და მისი აგრესიული პოლიტიკა შეუმჩნეველი არ დარჩება, თუმცა უტოვებს სივრცეს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, რომ განსაკუთრებულ სფეროებში მათ რუსეთთან თანამშრომლობა შეძლონ," - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×