ტატა შოშიაშვილი
02.12.2018

 „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშორებიოთ, რომ 25 ნოემრებს „ქართულმა ოცნებამ" მათი აქციის პარალელურად მთელი თბილისის მასშტაბით ლოკალური აქციები დანიშნა.

„რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა ლოკაციას, რადგან რაც უფრო მეტი ადამიანი გამოვიდოდა სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად და ყოფილი მმართველი ძალის მიმართ წინააღმდეგობის გამოსახატად, მით უკეთესი იქნებოდა.

ცნობისათვის, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარებამდე სამი დღით ადრე „პატრიოტთა ალიანსმა" თავისუფლების მოედანზე ჩაატარა მშვიდობიანი აქცია, რომელზეც ისინი საზოგადოების წინაშე წარსდგნენ, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები.

ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ პრობლემას ამ საკითხში ვერ ხედავს და რაც უფრო მეტი ადამიანი იქნებოდა გამოსული, მით უფრო დიდი და მნიშვნელოვანი შედეგის მომტანი იქნებოდა მშვიდობიანი აქციები:

„მე ასეთი რამ არ გამიგია. შესაძლოა, რომ რაღაც შეკრება იყო, ან მოსახლეობასთან შეხვედრა. ერთი მეორეს ხელს არ უშლის. რაც უფრო მეტნი ვიქნებით იმის წინააღმდეგ, რომ ბოროტება და ძალადობა დაუბრუნდეს ქვეყანაში და რაც უფრო გაშლილები ვიქნებით, მით უკეთესია. ზოგადად, არ მინდა, ამ საკითხს მივუდგე ისე, თუ ვინ რა წვლილი შეიტანა პარტიულად.

„ყველა ადამიანს, ვინც დაინახა წინა ხელისუფლების რაიმე სახით რეინკარნაციის საფრთხე და ამას წინ აღუდგა, რა თქმა უნდა, ყველას - ირმასაც, იმ ქართველ ხალხს, ვინც გამოვიდა და გააპროტესტა, სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება მოახდინა, ვინც შეიკრიბა და სიტყვა უთხრა ჩვენს ამომრჩეველს, მადლობას ვეუბნებით.

„მე ამას პარტიულად არ ვუყურებ. სამწუხაროდ, მეორე ტურისთვის ჩვენ დაგვიდგა არა მხოლოდ კანდიდატებს შორის არჩევანის, არამედ ბოროტების დაბრუნება-არდაბრუნების, ქვეყნის განვითარება-არგანვითარების და წარსულში დაბრუნების ან მომავლისკენ ნაბიჯის გადადგმის საკითხი. იქ, სადაც საღი აზრია და ხალხის ორგანიზება ხდება, ყველას თავისი წილი სიკეთის დაცვის ვალდებულება ჰქონდა და ირმა იყო ეს თუ სხვა, ამას მნიშვნელობა არ აქვს.

„არ მგონია, რომ ახლა საქმის გარჩევის დრო იყოს, აქ საუბარია იმაზე, რომ ყველამ ერთად დავიცავით სიკეთე და ყველა ჩვენი თავის წინაშე ვართ პასუხისმგებელნი", -ამბობს სესიაშვილი.

მისივე თქმით, 25 ნოემბერს გამართული აქციის პარტიულად დახარისხება არაა მიზანშეწონილი:

„არ მგონია, რომ, ამ შემთხვევაში, ჩატარებული აქციის უკან რაიმე პარტიული ინტერესები მდგარიყო. ამ აქციაზე იყვნენ „პატრიოტთა ალიანსის" წევრებიც, ჩვენი მხარდამჭერებიც გამოვიდნენ და ასევე იყვნენ რიგითი მოქალაქეები, რომლებიც, შესაძლოა, არც ჩვენ და არც „პატრიოტთა ალიანსს" არ უჭერენ მხარს, მაგრამ მინიმუმ ის იციან, რომ წინა ხელისუფლების რევანშის დრო არ იყო.

„ჩვენ პარტიულად არ უნდა დავახარისხოთ ის, თუ ვინ რა შეძლო. თუ ირმას უნდა, რომ ასე დაინახოს, ეს მისი ნებაა. თუმცა, ირმამ პიროვნულად ძალიან პოზიტიური როლი ითამაშა და ამისთვის პირადად ჩემგან მადლობა", - განაცხადა უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი სესიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×