ელზა პაპოშვილი
02.12.2018

 შეძლებს თუ არა ოპოზიცია ქვეყანაში პოლიტიკური კრიზის შემქნას - ეს არის კითხვა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ აქტუალურია, რადგანაც „გაერთიანებული ოპოზიცია“ საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს არ აღიარებს. 

ოპოზიციამ მხარდამჭერები კვირას ქუჩის საპროტესტო აქციაზე შეკრიბა. მათ ორი მოთხოვნა აქვთ: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება ადგილობრივი და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით.  

აქციაზე არცთუ მცირე რაოდენობის ამომრჩეველი მივიდა და მათ ოპოზიციის ლიდერების მხრიდან მიმართვები და სამოქმედო გეგმა მოისმინეს. 

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს. პრეზიდენტი ჰყავს „ქურდულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს. მან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს უწოდა „კრიმინალურ- ტერორისტული ოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ“ და განაცხადა, რომ ოპოზიცია მუშაობს, რათა სასამართლოს მიმართოს არჩევნების ბათილად ცნობის თხოვნით.

„ჩვენ გვინდა ამ ქვეყნის ამოყვანა ჭაობიდან“, - განაცხადა ვაშაძემ და მთავრობას მიმართა ინიციატივით, შეიქმნას ერთობლივი კომისია 16 დეკემბრამდე. ვაშაძის თქმით, ამ ინიციატივაზე პასუხის მიღების შემდეგ ისინი გადაწყვეტავენ როგორ იმოქმედონ.

აქვე უნდა ითქვას, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია სწორედ 16 დეკემბერსაა დანიშნული.

აქციის მონაწილეებს ვიდეოჩართვით მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. „ეს ბრძოლა აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით და  ბრძოლაში ერთ-ერთი თქვენთაგანი ვარ, მაგრამ იმ წამს, როგორც კი დამიძახებთ, გავჩნდები თქვნს გვერდით“, - აღნიშნა მან. 

უფრო ადრე გავრცელებულ მიმართვაში, სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ისევე როგორც 2003 წელს მაშინდელ პრეზიდენტს არ მიეცა გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციის საშუალება, ასევე 16 დეკემბერს დაგეგმილ პრეზიდენტის ინაუგურაციას ხალხმა უნდა უპასუხოს „წყნარად, კონსტრუქციულად, ზომიერების და კანონის ფარგლებში, ძალიან აუღელვებლად, მაგრამ ძალიან მასობრივად, რომ არ მოგცემთ საშულებას ჯიბეში ჩაიდოთ ხალხისგან მოპარული არჩევნები“, - განაცხადა სააკაშვილმა.  

ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა არა მხოლოდ კანონიერი, არამედ ადეკვატურიცაა, რადგან პარლამენტის წარმომადგენლობა არ ასახავს საზოგადოების რეალურ დამოკიდებულებას პოლიტიკური ძალების მიმართ. ხოლო,  რაც დრო გავა, „ქართული ოცნება“ მით მეტად დაკარგავს მხარდაჭერას და რაც უფრო მალე დანიშნავს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, მით უკეთესი იქნება.

რამდენად შეუძლია ოპოზიციას და მის მომხრეებს პოლიტიკური კრიზისის შექმნა კონსტიტუციური გზით, ეს უკვე ძნელი სათქმელია, რადგანაც ნებისმიერ აქციაზე, რომელიც გადაიზრდება კანონდარღვევაში, ხელისუფლებას ექნება რეაქცია. ამიტომ ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ნებისმიერმა მათმა ლიდერმა უნდა იცოდეს, რომ ყველა განცხადებას ფრთხილად მოეკიდონ.  

კონსტიტუცინალისტები განმარტავენ, რომ ეს წინაპირობები თითქმის შეუძლებელს ხდის გაერთიანებული ოპოზიციისთვის კონსტიტუციური მექანიზმებით მიაღწიოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას. კონსტიტუციით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ორ შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს. 

ორივე შემთხვევაში არჩევნების დანიშვნას წინ უსწრებს პარლამენტის დათხოვნა, რასაც, თავის მხრივ, წინაპირობები სჭირდება: პრემიერის გადადგომა, გადაყენება ან იმპიჩმენტი. თუ ამ ან სხვა რაიმე მიზეზით პრემიერი დატოვებს თანამდებობას, პარლამენტი კი ვერ შეძლებს ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევას, პრეზიდენტი ნიშნავს ვადამდელ არჩევნებს. მეორე შემთხვევაა, როცა პარლამენტი ნდობას არ გამოუცხადებს პრემიერს, მაგრამ ახალი პრემიერის არჩევას ვერ შეძლებს. 

ანალიტიკოსები ამბობენ,რომ ამ ყველაფრის მისაღწევად მაშინ ოპოზიციამ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მასობრივი აქციები უნდა დაიწყოს, რისი რესურსიც მას ნაკლებად გააჩნია. ასევე, საქართველოში მსგავსი რევოლუციური სცენარისთვის არც საზოგადოება და არც ჩვენი პარტნიორები არიან.  ქვეყანაში რაიმე პოლიტიკური კრიზისი არავის არ აწყობს. 

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი და ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში რაიმე რევოლუციური სცენარი გამორიცხულია. მისი აზრით, წარუმატებელმა შედეგმა შესაძლოა ოპოზიციას ამომრჩევლის დიდი ნაწილი შემოფანტოს. მათ შენარჩუნებას ოპტიმისტური დინამიკა სჭირდება. ეს კი, მისი აზრით, საკმაოდ რთული შეიძლება იყოს. 

ხუხაშვილის შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ 800 000 ამომრჩეველი დიდი ხანია არ ჰყოლია, ამიტომ ამ ადამიანებში საბრძოლო სულის შენარჩუნება, იმისთვის, რომ მხარდამჭერთა საკმაოდ გამსხვილებული სისტემა არ ჩამოიშალოს, დღეს მათი მთავარი ამოცანაა.

„იმისთვის, რომ ოპოზიციამ ეს ხალხი შეინარჩუნოს, ძალიან დინამიკური დღის წესრიგი სჭირდება. ეს ადამიანები მუდმივად ცვლილებების მოლოდინში არიან. ამიტომ ოპოზიცია სწორ გზას ადგა, რომ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა დღის წესრიგში დააყენა. არაფერს რევოლუციურს არ ველოდები, მაგრამ პოლიტექნოლოგიურად ეს სწორი ნაბიჯია“, - აცხადებს  გია ხუხაშვილი.  

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ საზოგადოებაში პროტესტი ნამდვილად ძლიერია და არ აქვს არსებითი მნიშვნელობა აქციაზე რამდენი ადამიანი მივა. თუმცა, ძაბირაძე დარწმუნებულია. რომ რევოლუციური სცენარი ჩვენს მოსახლეობას არ სურს. მისი აზრით, თუ ხელისუფლება მშვიდი იქნება და მათ პროვოცირებას არ შეეცდება, მაშინ ამ ეტაპზე სიტუაცია შედარებით ჩაცხრება. 

ძაბირაძე ამბობს, რომ პოლიტიკური დაპირსპირება ახლა იწყება და ხელისუფლებას მთელი ორი წელი მოსვენების საშუალება არ ექნება. ანალიტიკოსი ამბობს, რომ შეიძლება რევოლუციის სურვილი ბევრს აქვს, მაგრამ რეალურად მოსახლეობა ამ სცენარში მონაწილეობას არ მიიღებს. 

„კონსტიტუციურად და რეალურად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა გამორიცხულია. თუმცა, მეორე ვარიანტიც არსებობს - თუკი ოპოზიცია მოახერხეს და ქვეყანაში მასობრივ საყოველთაო აქციებს დაიწყებს და მთელს საქართველოს მოიცავს, ამ შემთხვევაში ხელისუფლების იძულება მოხდება. თუმცა, ამას ოპოზიცია რამდენად შეძლებს და ხალხი რამდენად აყვება,  ეს უკვე სხვა საკითხია. 

„შესაძლოა  ყველა ოპოზიციური პარტია ვადამდელ არჩევნებს ითხოვს, მაგრამ ამის მიღწევას როგორ აპირებენ? მართალია, ყველა ოპოზიციური ფლანგი თანხმდება, რომ არჩევნების ჩატარება საჭიროა, მაგრამ ყველა „ნაციონალურ“ მოძრაობას რამდენად წაყვება, ცოტა მეეჭვება. ვნახოთ, თუ ისინი მთელი ოპოზიციის შეკვრას შეძლებენ, მაშინ ხელისუფლება მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდება. თუ არა, მაშინ ხელისუფლებას პროცესების მართვა შეუძლია. არ ველოდები, რომ ამ ეტაპზე პროცესები რევოლუციური გზით წარიმართოს“, - აცხადებს ძაბირაძე „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×