„ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელს შეიტანს. როგორც გრიგოლ ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე განაცხადა, მათი იურისტები სარჩელს უკვე ამზადებენ.
„ჩვენ არჩევნებს ჩატარებულად არ ვაღიარებთ და მის შედგებს არ ვცნობთ. საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს. ჩვენ ძალიან მაღალკვალიფიციური იურისტები გვყავს, ისინი სარჩელს ამზადებენ, რომელსაც ჩვენ შევიტანთ სასამართლოში მოთხოვნით ეს არჩევნები იქნეს ცნობილი ბათილად“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ და იქვე დასძინა, რომ კანონით და კონსტიტუციური გზით კრიმინიალურ ხელისუფლებას აუცილებლად დაამარცხებენ.
კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემეტრაშივლის თქმით, ეს სწორი გადაწყვტილებაა, რადგან ყველა სადაო საკითხი უნდა განიხილებოდეს კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში და არა ქუჩაში აქციებით.
„მე არ ვიცი, რას სახის სარჩელი მზადდება, თუმცა, თეორიულად შემიძლია გაითხრათ, რომ სარჩელი შედის ჯერ სასამართლოში და შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში, თუ ამის სურვილი ოპოზიციას ექნება. ალბათ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდება ცესკოს საბოლოო შედეგები.
„რამდენადაც ვიცი, მათ უნდათ რომ ეს მოასწრონ 16 დეკემბრამდე, რაც ვერ მოესწრება. ინაგურაციის შემდეგ ძალაში შედის კონსტიტუციის ახალი რედაქცია, სადაც გარკვეული ცვლილებები შევიდა.
„არ ვიცი როგორ დასრულდება ოპოზიციის ეს მცდელობა, რადგან ბევრი პროცედურული საკითხები იქნება დასაზუსტებელი. პირადად მე სკეპტიკურად ვუყურებ და ვფიქრობ, რომ დიდი მოლოდინი არც მათ უნდა ჰქონდეთ. ჩემი აზრით, ეს უფრო პოლიტიკური განცხადებაა, მაგრამ ოპოზიციის მხრიდან მაინც სწორი გადაწყვეტილებაა და მათ ეს გზაც უნდა გაიარონ, რადგან ყველა სადაო საკითხი კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში უნდა გადაწყდეს და არა ქუჩაში აქციებით“, - განაცხადა ავთანდილ დემეტრაშვილმა.