ეკატერინე ბასილაია
03.12.2018

 "პირველი ტურიდან გამოჩნდა, რომ "ოცნებასა" და "ნაციონალებს" შორის ძალთა ბალანსი 50/50-ზეა. თუ გვინდა, გავიაზროთ, დაახლოებით რა განფენილობა იქნება საპარლამენტო არჩევნებში, პირველი ტური უნდა ავიღოთ და ეს ხელსაყრელია ხელისუფლებისთვის?!

"არ ვიცი, რას ფიქრობენ ხელისუფლებაში, მაგრამ 2020 წელს მშვიდი გარემო არ ექნებათ. თუკი 2020 წელს პროპორციულ ნაწილში თუნდაც მცირედით დამარცხდება ხელისუფლება, ჩათვალეთ, რომ ყველა მაჟორიტარს წააგებს," - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტან ძაბირაძე.

"მთელი კვირა": "ნაცმოძრაობა" ითხოვს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით და მისი იდეა დანარჩენი ოპოზიციისთვისაც მისაღებია. ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არათუ რეალური არ არის, სერიოზულადაც ვერ აღვიქვამთ. გამოდის, ვადამდელ არჩევნებზე ხელისუფლება არ წავა, თუმცა რამდენად შესაძლებელია, პროპორციული სისტემით შეცვლაზე მაინც წავიდეს?

ვახტანგ ძაბირაძე: არ მგონია, ეს ნაბიჯი გადადგას. ოპოზიცია ყოველთვის ცდილობდა, პროპორციული წესი დაემკვიდრებინა, მაგრამ ხელისუფლებამ სხვა გადაწყვეტილება მიიღო და ახლა თუ შეცვლის ამ მუხლს, მაშინ ვადამდელ არჩევნებს წინა რაღა უდგას?! ამიტომ არ მგონია, ამაზე წავიდნენ.

იმის თქმა მინდა, რომ თუ ოპოზიცია შეძლებს, ხელისუფლება დაითანხმოს კანონის შეცვლაზე, მაშინ იმასაც შეძლებს, რომ ვადამდელ არჩევნებზეც დაითანხმოს. ეს, ფაქტობრივად, ერთი და იგივეა. ოღონდ აქ მნიშვნელოვანია ის, რომ პროპორციულზე გადასასვლელად კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას ერთი სესია მაინც დასჭირდება და ამის რესურსი ოპოზიციას თუ აქას, ეს გაზაფხულზე უნდა მოხდეს.

თუ პროპორციულზე გადასვლის დაწყება გაზაფხულზე ვერ მოხდება, მაშინ გამოვა, რომ მომავალი წლისთვის ისედაც არჩევნებია და ვადამდელ არჩევნებსაც დიდი მნიშვნელობა აღარ ექნება. გააჩნია, ოპოზიცია როგორ იმუშავებს და როგორ ზემოქმედებას მოახდენს ხელისუფლებაზე. ეს არის და ეს.

თუმცა მე ამის დიდი მოლოდინი არ მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციურ აქტივობას გაზაფხულზე ველოდები, დარწმუნებული არ ვარ, რომ ისინი ამ პროცესს სწორად და თანმიმდევრულად წაიყვანენ. ასეთ შემთხვევაში კი ხელისუფლებას აქვს დიდი რეზერვიც და პლუსიც. კვირის აქციას კი პერმანენტულში ვერ გადაზრდიან, რადგან ამ ვითარებაში ოპოზიციის გაერთიანება ვერ მოხდება.

"მ.კ.": რატომ ვერ მოხდება ოპოზიციის გაერთიანება, ოპოზიციას ხომ სურს პროპორციული ვადამდელი არჩევნები?

ვ.ძ.: კვირის აქცია საპრეზიდენტო არჩევნების გაგრძელებაა და ამიტომაც არ დადგა ოპოზიცია "ნაცმოძრაობის" გვერდით. ეს ერთი ციკლი უნდა დასრულდეს და ამავე მოთხოვნით გაზაფხულზე უნდა დაიწყოს ოპოზიციამ გამოსვლა, თუკი ამას შეძლებს.

ცხადია, ოპოზიციაში ყველა არჩევნებისთვის ემზადება, მაგრამ გადაჯგუფება ჯერჯერობით არ ჩანს. ვნახოთ, რა იქნება გაზაფხულზე. თუ რაღაც ახალი თემა შემოვიდა, ან ეკონომიკური კრიზისი, ან სხვა რამე თემა და ოპოზიცია დაიწყებს სერიოზულ ლაპარაკს საარჩევნო სისტემის შეცვლაზე, მაშინ შესაძლოა, დაიწყოს საპროტესტო აქციები. ოპოზიციის მოთხოვნას ძალა ექნება, თუკი გაერთიანებას შეძლებენ. ჯერჯერობით ამის სიმპტომები არ ჩანს.

"მ.კ.": როცა ვადამდელ არჩევნებზეა საუბარი, ეს რას მოუტანს ოპოზიციას და რას მოუტანს ხელისუფლებას? ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ოპოზიციამ უფრო ნაკლები დეპუტატი შეიყვანოს პარლამენტში, ვიდრე დღეს ჰყავთ. ითქვა ისიც, რომ ვადამდელი არჩევნები ხელს აძლევს "ოცნებას" - ერთი, რომ ფინანსების სწრაფი მობილიზების პრობლემა არ აქვთ და მეორეც, 1,1 მილიონი ხმა მიიღო და გამარჯვების მუხტიც დიდია.

ვ.ძ.: ასე დაბეჯითებით ვერ იტყვი, ხელისუფლებისთვისაა მომგებიანი თუ ოპოზიციისთვის. გააჩნია, ვადამდელი არჩევნები რა სისტემით ტარდება. თუ არსებული სისტემით ტარდება, შეიძლება ეს ხელისუფლებისთვის გარკვეულწილად უფრო მომგებიანი იყოს მაჟორიტარების გამო, თუმცა მაჟორიტარულ ოლქებში ყველგან მოიგებს კი ხელისუფლება?!

ასე მარტივადაც არ აქვს საქმე ხელისუფლებას. ჩვენ ვნახეთ, რომ მეორე ტურში ხმების რაოდენობა 60/40%-ზე იყო და ხელისუფლებამ შეიძლება მოიგოს, მაგრამ 40% ოპოზიციას აქვს და ეს 40% ხელს აძლევს ხელისუფლებას?! თანაც, ოპოზიციის ხმები სხვა პარტიებზე გადანაწილდება, მაგრამ ჯამი არ შემცირდება, ხელისუფლების ხმები კი შემცირდება. სხვა სუბიექტები გაჩნდება და დღეს ვინც "ოცნების" კანდიდატს მისცა ხმა, საპარლამენტო არჩევნებში სხვა სუბიექტს მისცემს ხმას.

ძალთა ბალანსი არ გვაქვს 60/40-ზე, პირველი ტურიდან გამოჩნდა, რომ "ოცნებასა" და "ნაციონალებს" შორის ძალთა ბალანსი 50/50-ზეა. თუ გვინდა, გავიაზროთ, დაახლოებით რა განფენილობა იქნება საპარლამენტო არჩევნებში, პირველი ტური უნდა ავიღოთ და ეს ხელსაყრელია ხელისუფლებისთვის?!

ხელისუფლებას გარკვეული დრო სჭირდება, ამომრჩეველი რომ დაიბრუნოს და თუ ამას პროპორციულ სისტემას დაუმატებს, უკეთეს მდგომარეობაში იქნება ერთ წლის შემდეგ, ვიდრე იმავე სისტემით 2020 წელს.

არ ვიცი, რას ფიქრობენ ხელისუფლებაში, მაგრამ 2020 წელს მშვიდი გარემო არ ექნებათ. დღევანდელი ვითარებით ოპოზიცია გაცილებით კომფორტულ სიტუაციაშია, ვიდრე ხელისუფლება. ოპოზიციისგან განსხვავებით, ხელისუფლებას ვალდებულებები აქვს მოსახლეობასთან და რამდენს გააკეთებს ამ 2 წელიწადში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

დღევანდელი შერეული საარჩევნო სისტემა ხელისუფლებისთვის მომგებიანია მაშინ, როცა ნეიტრალური სიტუაციაა, თითქმის რევოლუციურ ვითარებაში კი ეს სისტემა უფრო ოპოზიციისთვისაა მომგებიანი. თუკი 2020 წელს პროპორციულ ნაწილში თუნდაც მცირედით დამარცხდება ხელისუფლება, ჩათვალეთ, რომ ყველა მაჟორიტარს წააგებს.

"მ.კ.": და ბოლოს, სალომე ზურაბიშვილი "ოცნებისთვის" კომფორტული პრეზიდენტი იქნება თუ პრობლემებს შექმნის?

ვ.ძ.: პრობლემები ვერც მარგველაშვილმა შეუქმნა "ოცნებას" და უფრო ნაკლები უფლებების მქონე ზურაბიშვილი როგორ შექმნის?! ილაპარაკებენ ერთმანეთში თუ არა, პრობლემებს ვერ შექმნის.

ვაშაძის გაპრეზიდენტება სახიფათო იყო იმიტომ, რომ ის არ იქნებოდა ნეიტრალური პრეზიდენტი, ეცდებოდა, ეს პოსტი "ნაცმოძრაობის" დამხმარედ გამოეყენებინა და ქუჩის აქციები სხვა ფორმას მიიღებდა. როცა პრეზიდენტი ქუჩას ჩაუდგება სათავეში, ეს ცოტა სხვა რაღაცაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×