მარიამ კუპატაძე
03.12.2018

 ყველაფერი, რაც გუშინ ხდებოდა, კომიკური და არასერიოზული იყო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე და ოპოზიციის ინიციატივებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, "ნაცმოძრაობას" დესტაბილიზაციის რესურსი არ აქვს.

„ჩვენ გუშინ ვნახეთ მათი "დიდი აქცია". გუშინდელ აქციაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მათ არავითარი რესურსი არ აქვთ რაიმე დესტაბილიზაცია შექმნან ჩვენ ქვეყანაში. ყველაფერი, რაც გუშინ ხდებოდა, კომიკურიდა არასერიოზული იყო. მათ შორის, ის ინიციატივები, რომელიც მათი მხრიდან გაჟღერდა. საქართველოში დესტაბილიზაციას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. ჩვენ ვართ იმაზე პასუხისმგებელი, რომ გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება", - განაცხადა კობახიძემ.

"მათ მოვუწოდებ, ნუ გაიქაჩებიან იმაზე, რისი რესურსიც არ აქვთ. ჩვენ ვართ პასუხისმგებლები, რომ ისინი ვერანაირად ვერ მოახერხებენ დესტაბილიზაციის გამოწვევას",- განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, თუ ვინმეს აქვს მცდელობა ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, ამას გაეცემა შესაბამისი პასუხი კანონიდან გამომდინარე.

"ჰქონდა თუ არა ვინმეს დესტაბილიზაციის მცდელობა, ამას დააზუსტებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამით დავინტერესდებით ჩვენც. ჩვენი პასუხისმგებლობაა, არავის მივცეთ დესტაბილიზაციის გამოწვევის საშუალება. გვექნება კომუნიკაცია და თანამშრომლობა სამართალდამცავ უწყებებთან და მათთან ერთად გავერკვევით ყველაფერში.

ზოგადად, დესტაბილიზაციის საფრთხეს რაც შეეხება, ამაზე პირდაპირ აკეთებდნენ განცხადებებს სააკაშვილი, ვაშაძე, შკლიაროვი არჩევნებამდე. შესაბამისად, აქ არ იყო საუბარი ვარაუდებზე, ეს იყო მუქარა, რომელიც გვესმოდა სააკაშვილის, ვაშაძის, შკლიაროვის მხრიდან. ამას განხორციელების პერსპექტივა არ აქვს. ვართ პასუხისმგებლები სიტუაციის მართვაზე და ხელისუფლებას აქვს ყველა რესურსი, მართოს სათანადოდ პროცესები",- განაცხადა კობახიძემ.შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2020 წლის ოქტომბერში, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ შეკითხვას ოპოზიციის მოთხოვნის შესახებ იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.

როგორც ცნობილია, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს გაერთიანებული ოპოზიცია ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნა მათ რამდენიმე დღი წინ, ფილარმონიაში გამართულ შეკრებაზე გააჟღერეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×