გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, იურისტები სარჩელს უკვე ამზადებენ.
"ჩვენ არჩევნებს ჩატარებულად არ ვაღიარებთ და მის შედგებს არ ვცნობთ. საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს. ჩვენ ძალიან მაღალკვალიფიციური იურისტები გვყავს, ისინი სარჩელს ამზადებენ, რომელსაც ჩვენ შევიტანთ სასამართლოში მოთხოვნით ეს არჩევნები იქნეს ცნობილი ბათილად. კანონით და კონსტიტუციური გზით კრიმინიალურ ხელისუფლებას აუცილებლად დავამრცხებთ" - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.
კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემეტრაშივლის თქმით, ოპოზიციის ეს ნაბიჯი სწორი გადაწყვტილებაა, რადგან ყველა სადაო საკითხი უნდა განიხილებოდეს კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში და არა ქუჩაში აქციებით.
"მე არ ვიცი, რას სახის სარჩელი მზადდება, თუმცა თეორიულად შემიძლია გითხრათ, რომ სარჩელი შედის ჯერ სასამართლოში და შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში, თუ ამის სურვილი ოპოზიციას ექნება. ალბათ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდება ცესკოს საბოლოო შედეგები. რამდენადაც ვიცი, მათ უნდათ, რომ ეს მოასწრონ 16 დეკემბრამდე, რაც ვერ მოესწრება. ინაგურაციის შემდეგ ძალაში შედის კონსტიტუციის ახალი რედაქცია, სადაც ცოტა ცვლილებები შევიდა.
"არ ვიცი, როგორ დასრულდება ოპოზიციის ეს მცდელობა, რადგან ბევრი პროცედურული საკითხები იქნება დასაზუსტებელი. პირადად მე სკეპტიკურად ვუყურებ და ვფიქრობ, რომ დიდი მოლოდინი არც მათ უნდა ჰქონდეთ. ჩემი აზრით, ეს უფრო პოლიტიკური განცხადებაა, მაგრამ ოპოზიციის მხრიდან მაინც სწორი გადაწყვეტილება, და მათ ეს გზაც უნდა გაიარონ, რადგან ყველა სადაო საკითხი კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში უნდა გადაწყდეს და არა ქუჩაში აქციებით," - განაცხადა ავთანდილ დემეტრაშვილმა.