
რა მოხდა თბილისში 2 დეკემბრის ღამეს ლიახვის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს. ვინ არიან უკრაინის დაკავებული მოქალაქეები და რა აკავშირებს ამ ადამიანებს ოპოზიციის გამართულ აქციასთან. როგორც უკვე ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაციის შედეგად 7 ადამიანი დააკავა, მათ შორის ერთ-ერთი ყოფილი ქართველი სამხედრო და დონბასში მებრძოლი ლუკა ჩხეტიაა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციისას დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებთან ერთად, თბილისში, პარტია "სამოპომოშჩის" და რადას დეპუტატი სემიონ სემენჩენკო იმყოფებოდა, რომელიც მოგვიანებით გაიქცა. სემენჩენკო არის მოხალისეთა ბატალიონ "დონბასის" მეთაური. ამ ინფორმაციას "ფეისბუკის" პირად გვერდზე უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მრჩეველი იური ბირიუკოვი წერს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ ადამიანების დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც ისინი იარაღს ყიდულობდნენ.
"სხვადასხვა სახის კონტაქტები მაქვს და დამიდასტურეს ინფორმაცია, რომ სემენჩენკო თბილისშია, მან ჩაგვითრია დიპლომატიურ სკანდალში, თავისი ხალხი მიატოვა და ბოლო მომენტში გაიქცა", - დაწერა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა.
სემეჩენკოს სასტუმროში ყოფნას, ასევე უკრაინელი ჟურნალისტი ანდრეი ძინძიაც ადასტურებს, თუმცა ის ამბობს, რომ რადას დეპუტატი მხოლოდ იმიტომ არ დააკავეს, რომ მას დიპლომატიური პასპორტი ჰქონდა.
პოროშენკოს მრჩევლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თავად რადას დეპუტატი სემიონ სემენჩენკო ეხმაურება. მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საინფორმაციო ველზე ბევრი ჭორი ვრცელდება. ამ ჭორების გავრცელებაში კი ყველაზე აქტიურ მონაწილეობას უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი იღებს.
"ამ მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურობს პოროშენკოს მრჩეველი ბირიუკოვი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს დაკავებულები ოპოზიციის აქციაზე დასწრებას აპირებდნენ. არანაირი კავშირი ამ უკრაინელებს ადგილობრივი ოპოზიციის აქციასთან არ აქვთ და არც დასწრებიან მას", - წერს დეპუტატი "ფეისბუკის" პირად გვერდზე.
დეპუტატი ასევე უარყოფს ინფორმაციას, რომ მათი დაკავება იარაღის შესყიდვის დროს მოხდა. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ახლა თბილისში იმყოფება და პროცესუალური ქმედებების დაწყების შემდეგ ნათელი იქნება თუ როგორ განვითარდება მოვლენები. თუმცა დეპუტატი პოროშენკოს მრჩევლის ბრალდებებს არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ სასტუმროში ისიც იმყოფებოდა. დეპუტატი ასევე არ ამბობს, რატომ არ მოხდა მისი დაკავებაც.
როგორც ზემოდ აღვნიშნეთ დაკავებულთა შორისაა უკრაინაში, დონბასში მებრძოლი ქართველი ლუკა ჩხეტია. მისი ოჯახი ამბობს, რომ ჩხეტია 2 დეკემბერს, 15:00 საათზე გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად ჩამოვიდა. ისინი ჩხეტიას დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებენ.
ლუკა ჩხეტია, ბოლო წლების განმავლობაში უკრაინაში, დონბასში იბრძოდა. მანადე ის ავღანეთში სამშვიდობო მისიით ორჯერ იმყოფებოდა. ასევე 2008 წლის ომის მონაწილეა.
შეგახსენებთ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო "გურუსა" და "ალიანსში" ჩაატარა. დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.
"გაცნობებთ, რომ დაკავებულია უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქე. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო "გურუსა" და "ალიანსში" ჩაატარა. დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ. სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.
ამ ეტაპზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში 27 ნოემბერს ჩამოვიდნენ. მოცემულ მომენტში მათი საქართველოში ჩამოსვლის კონკრეტულ მიზნებზე და ამოცანებზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაადგენს არის თუ არა კავშირში დაკავებული უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან. ამის შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია",- ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.