„თავდასხმაში არ ვმონაწილეობდი. ეს სიცრუეა. თავის მართლებას არ ვაპირებ. თავი იქით მეორე მხარეს აქვს სამართლებელი. ჩემთვის არც 700-ლარიანი გირაო დაუკისრებიათ, დაჯარიმებულიც კი არ ვარ. ქუთაისის აეროპორტში ვიყავი და ამ ადამიანებს ვაშველებდი. კონფლიქტი ჩემს მეგობრებსა და თაკო ჩარკვიანის თანმხლებ პირებს შორის იყო," - აცხადებს ქუთაისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის მონაწილე, დედაქალაქის საკრებულოს თანამშრომელი დავით მაჭავარიანი.
მისი თქმით, კონფლიქტის დაწყების მომენტში ადგილზე არ ყოფილა. რაც შეეხება სიტყვიერ შეურაცხყოფას, მსგავსი რამ არ მომხდარა.
„კონფლიქტს თავიდან არ შევსწრებივარ და არ ვიცი, რას უკავშირდებოდა. კონფლიქტის დაწყების მომენტში არ ვიყავი იმ ადგილას. სხვა რამით ვიყავი დაკავებული, სამარშრუტო ტაქსის მძღოლთან თბილისში წამოსვლის ამბავზე ვთანხმდებოდი.
„სიტყვიერი შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია. პირიქით, ყველანაირად ვცდილობდი, კონფლიქტი დამერეგულირებინა, ეს ხალხი დამემშვიდებინა და გამეშველებინა. ჩემს მეგობრებს ჯარიმა დაეკისრათ. რამდენადაც ვიცი, კონფლიქტის დამწყებებად ჯერ არავინ დასახელებულა. მით უმეტეს, ჩემი მეგობრები.
„მხოლოდ 700-ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ, ისევ სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ან თუ არ ვცდები, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის. მეორე მხარე თუ დაჯარიმდა, არ ვიცი. მგონი, დაიკითხნენ. შესაძლოა, ადმინისტრაციული წესითაც არიან დაჯარიმებულები," - განუცხადა მაჭავარიანმა ჟურნალისტებს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელ თაკო ჩარკვიანს, მის მეუღლეს ჯონი გიგანსა და რამდენიმე პირს შორის ინციდენტი მოხდა. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოთხი პირი დააკავა. აქედან, სამი პირი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, თუმცა შემდეგ სასამართლომ ამ სამი პირის შესახებ იმსჯელა და სამივე მათგანი გაათავისუფლა.
სასანართლომ ინციდენტის მონაწილეებს, დავით ბაიდარაშვილსა და გიორგი კერვალიშვილს ადმინისტრაციული ჯარიმა, - 700-700 ლარი დააკისრა. ხოლო, დავით, მაჭავარიანის საქმის განხილვა 12 დეკემბრამდე გაიდაიდო. მის საქმეზე პოლიციას დამატებითი მტკიცებულებების მიტანა დაევალა.
ქუთაისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი პოლიტიკური ნიშნით იქნა შეფასებული, - ამის შესახებ თავად გაერთიანებული ოპოზიციის წევრები საუბრობენ, თუმცა გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებებს ინციდენტის სამივე მონაწილე უარყოფს. მათივე ინფორმაციით, პირველად ფიზიკურად მათ თაკო ჩარკვიანის მეუღლე ჯონი გიგანი შეეხოთ.