"არ ვიცი ოპოზიციას ხელისუფლებაში დაბრუნების სცენარი ვინ დაუწერა, მიშამ თუ სხვამ, მაგრამ უვარგისი სცენარია და მისი განხორციელება გაუჭირდებათ" - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელვა, რომელსაც "რეზონანსი" საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე ესაუბრა.
"რეზონანსი": გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებს შედეგებს არ ცნობს, არც საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს აღიარებს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვს. თქვენი აზრით, რა რესურსი აქვს ოპოზიციას სასურველ შედეგს მიაღწიოს?
იგორ კვესელავა: მსოფლიო პრაქტიკაში არაერთი მაგალითი არსებობს, როცა ერთი ხმით არჩევნების ბედი გადაწყვეტილა და ახლა როცა კანდიდატებს შორის 20%-იანი სხვაობაა, ეს საკითხი სადაო რატომ უნდა გახდეს, გაუგებარია. ოპოზიციის მხრიდან ეს განცხადებები აბსოლუტურად მიუღებელია როგორ ზნეობრივი, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. მაგრამ ფაქტია, რომ მათი გეგმები უფრო შორს მიდის, ნებისმიერი ხერხით ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას. არ ვიცი ეს სცენარი სად დაიწერა, მიშამ დაწერა თუ სხვამ, მაგრამ ძალიან უვარგისი სცენარია და ვფიქრობ მისი განხორციელება გაუჭირდებათ.
ჯერ-ჯერობით მხოლოდ ასეთი ტაქტიკა აქვთ, მოითხოვნო მეტი, რომ ცოტა მაინც მიიღონ. თვითონაც ძალიან კარგად დაინახეს, რომ ხალხს რევოლუციური გზა არ უნდა. ვაშაძეს რომ გაემრაჯვა, მაშინ ხელისუფლებას რა უნდა ექნა, ვაშაძეს არ ვცნობთ და მოთხოვნები წამოეყენებინა? ამიტომ ხელისუფლებასთან ვაჭრობას სჯობს აღიარონ არჩევნები და დაიწყონ მზადება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის; ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ამ ეტაპზე ხელისუფლება ნამდვილად არ დათანხმდება.
"რ": ოპოზიციის მომავალს როგორ ხედავთ, შეინარჩუნებენ ერთობას, იმ ფონზე, როცა პირველივე აქციას არ შეუერთდა არც "ევროპული საქართველო" და არც რესპულიკელები?
ი.კ: ერთობას ნამდვილად ვერ ვხედავ. ისე რატომ უნდა შეუერთდეს ვთქვათ ან ბაქრაძე, ან უსუფაშვილი? რა "ნაციონალებზე" ნაკლები ამბიცია აქვთ? რატომ დაუწყებენ თვალებში ცქერას ვაშაძეს, რომელიც სულ ახლახანს გამოჩნდა პოლიტიკურ არენაზე? ოპოზიციის ლიდერი, მესიტყვე ვაშაძე ვერასდროს გახდება და იმ აქციაზეც კარგად გამოჩნდა, რომ თითოკაციანი პარტიების ლიდერებს ყველას პირველობა უნდა. ვერც ვაშაძე და ვერც სხვები სააკაშვილს კოჭებამდეც ვერ მისწვდებიან, ვერც პოლიტიკური გამოცდილებით და ვერც ქარიზმით, ახლა რომ ვითომ ემიჯნებიან და ამბობენ ახალი პოლიტიკური ვარსკვლავი დაიბადა ვაშაძის სახითო. თუ ამ ტაქტიკით, რევოლუცია-რევოლუციის ძახილით გააგრძელებენ სვლას, იმ ხმებსაც დაკარგავენ, რაც შემთხვევით, "ოცნებაზე" გაბრაზებული ხმების ხარჯზე მიიღეს.
"რ": "ოცნების" მომავალს როგორ ხედავთ?
ი.კ: ამ არჩევნებმა "ოცნების" სუსტი მხარეები ყველა მიმართულებით დაგვანახა. სიტყვა და საქმე ერთმანეთს დაშორდა და ამიტომაც მოხდა ის, რაც მოხდა. "ოცნების" მხრიდან დაშვებული იყო ძალიან ბევრი შეცდომა და ამის გამოსწორება დღეიდან უნდა დაიწყონ. ბოლოს და ბოლოს გავიდნენ ხალხში და უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებენ, ვიდრე ტელევიზიიდან და ოპოზიციიდან. თუ სახის გამოჩენა არ უნდათ, ინკოგნიტოდ იარონ, ასე დადიოდა ლავრენტი ბერია და ყველაფერი იცოდა, რაც ქვეყანაში ხდებოდა. არ ვამბობ, რომ მთლიანად უნდა მოხდეს გუნდის გადახალისება, მაგრამ რეგიონების დონეზე ძალიან ბევრი სამუშაო ჩასატარებელი და ამას უნდა მიხედონ. რაც შეეხება "ოცნების" პოლიტიკურ მომავალს, არ გამოვრიცხავ, რომ ახალი პოლიტიკური ძალა სწორედ მის წიაღში იშვას.
"რ": სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლეში შესვლას არ აპირებს, თქვენი აზრით, რა ბედი ეწევა ამ სასახლეს? ამბობენ, რომ შეიძლება "რესპუბლიკის სასახლედ" გადაკეთდეს ან სულაც პრივატიზაციას დაექვემდებაროს?
ი.კ: ყველაზე კარგი იქნება, თუ ამ შენობის მომავალ ბედთან დაკავშირებით აზრს საზოგადოებას ჰკითხავენ და გამოკითხვას ჩაატარებენ; ხალხი თავად გადაწყვეტს რა ფუნქციის მატარებელი უნდა იყოს ეს სასახლე. ჩემი აზრით, კი ამ სასახლემ საქართველოს სახე უნდა წარმოაჩინოს.