ელზა პაპოშვილი
03.12.2018

 უკრაინაში დაკავებულ საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილ უფროსს მეგის ქარდავას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეიცვალა, ამას საქართველოს პროკურატურაშიც ადასტურებენ. უწყებაში განმარტავენ, რომ სამხედრო პოლიციის ყოფილმა უფროსმა დაკავებისთანავე მიმართა უკრაინას თავშესაფრის მინიჭების თხოვნით. მას შემდეგ, რაც ქარდავასთვის თავშესაფრის მინიჭების პროცედურები დასრულდება, უკრაინის იუსტიციის სამინისტრო არსებითად განიხილავს საქართველოში მისი ექსტრადიციის საკითხს. 

"მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადიციის საკითხი განიხილება უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მიერ დ მას შეფარდებული ჰქონდა საექსტრადიციო პატიმრობა, რომლის მაქსიმალური ვადა არის დაკავებიდან ერთი წელი.

მეგის ქარდავამ დაკავებისთანავე მიმართა უკრაინის შესაბამის ორგანოებს თავშესაფრის მინიჭების თხოვნით. აღნიშნული საკითხი ამჟამად განხილვის ეტაპზეა. უკრაინული კანონმდებლობის თანახმად, პირისათვის თავშესაფრის მინიჭების საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე დაუშვებელია მისი ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტა. 

შესაბამისად, ვინაიდან მეგის ქარდავას მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის მაქსიმალური ვადა იწურებოდა 2018 წლის პირველ ნოემბერს და მისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხის განხილვა არ იყო დასრულებული, მის მიმართ გამოყენებული საექტრადიციო პატიმრობა შეიცვალა შინაპატიმრობით, რაც გულისხმობს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ შეზღუდვების დაწესებას, რათა მომავალში უზრუნველყოფილ იქნას მისი ექსტრადიციის საკითხის განმხილველ ორგანოში წარმოდგენა. ამასთან, თავშესაფრის მინიჭების პროცედურების დასრულებისთანავე, უკრაინის იუსტიციის სამინისტრო არსებითად განიხილავს მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადიციის საკითხი.

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მეგის ქარდავას ექსტრადიცია მოითხოვება 11 სისხლის სამართლის საქმეზე, რასთან დაკავშირებითაც იგი გარკვეულ საქმებზე დაუსწრებლად არის მსჯავრდებული, ხოლო დანარჩენი საქმეები არსებითად განიხილება შესაბამის სასამართლოებში", - აცხადებენ პროკურატურაში.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ინტერპოლით ძებნილი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 2017 წლის 1-ელ ნოემბერს დააკავეს. მეგის ქარდავა საქართველოს სამართალდამცველი ორგანოების მიერ 2013 წლის 13 თებერვლიდან იძებნებოდა. ის უკრაინაში შეღწევას რუმინეთიდან ყალბი პასპორტით ცდილობდა. 

ქარდავას საქართველოს პროკურატურა საკმაოდ მძიმე ბრალდებებისთვის ეძებდა და მას რამდენიმე საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული.  იურისტები აცხადებენ, რომ მეგის ქარდავა საქართველოს პროკურატურისთვის „ოქროს მოწმეა“.  მათი აზრით,  ქარდავა საუკეთესო  კოზირია , რომ სააკაშვილისკენ მიმავალი გზა გაიკვლიონ. მან ძალიან ბევრი რამ იცის. 

ეს საფრთხე მეგის ქარდავას დაკავებისთანავე  სააკაშვილმა იგრძნო და  განაცხადა, რომ ქარდავას არ იცნობდა. მასზე მხოლოდ პრესის ფურცლებიდან მსმენიაო. თუმცა სააკაშვილის ბრძანებით მეგის ქარდავას პრეზიდენტის ორი ოფიციალური ჯილდო აქვს მიღებული. 

რაში სდებს საქართველოს პროკურატურა ქარდავას ბრალს: 

მეგის ქარდავას საქართველოს სამართალდამცავები სხვადასხვა მძიმე ბრალდებებისთვის ეძებდა. რამდენიმე მკვლელობა, გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის შეკვეთა, სერგო თეთრაძის წამების ორგანიზება, ე.წ. კასრების საქმე და ა.შ.

სწორედ "კასრების საქმეზე" მას სასამართლომ განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოუტანა და 9-წლიანი პატიმრობაც მიუსაჯა. გარდა ამისა, ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ვრცელდებოდა ვარაუდები, რომ ქარდავამ საქართველოდან გაიტანა ფარული ჩანაწერების დიდი ნაწილი და თითქოს ამით ვაჭრობასაც კი ცდილობდა.

"კვირის პალიტრისთვის"  მიცემულ ინტერვიუში გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული ყოფილი პოლიციელი მიხეილ ბიბილურიძე ამბობდა:  

"ციხეში ყოფნისას, ერთხელ, აღდგომის ღამეს ერთმა პატიმარმა ქვედა სართულიდან დაიძახა, ქრისტე აღსდგა, ძმებოო და ყველამ მიუგო, ჭეშმარიტადო. ეს ცოფიანი მეგისა მივარდა და იქიდან ისეთი ხმები ამოდიოდა, მტერს. ალანიას ვთხოვე, ჩადი, გააჩერე-მეთქი. ყველაფერი მჯერა, რასაც მაგ ავადმყოფ კაცზე ამბობენ. ქარდავა ერთი კომპლექსიანი ფსიქოპათია. კაცი პატიმრების ცემით წყნარდებოდა და ისეთ პირობებში ჰყავდა, ენა ვერ აღწერს - დაჭაობებულ სარდაფში ალპობდა ხალხს. 

თუ მოეპრიანებოდა, ჯიბეში სახრახნისს ჩაიდებდა, პატიმრებს საკანში შეუვარდებოდა, დაუგდებდა და აუყვირდებოდა, ეს რა არის, ბიჭოო! ბრახ და იმ პატიმარს ორ წელს დაუმატებდნენ..." - ყვება ბიბილურიძე. 

ყველაზე მძიმე ბრალდებები კი ქარდავას "კასრების საქმეზე"  აქვს წაყენებული. 

2013 წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის ტყის მასივში, 8 ცალი პოლიეთილენის კასრი იპოვეს, სადაც დიდი ოდენობით ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, შსს-ს საინფორმაციო ბაზიდან წამოღებული დოკუმენტები, ნარკოტიკული საშუალებები და 18 ცალი ვიდეოფირი აღმოჩნდა. როდესაც კასრებში ნაპოვნი ვიდეოფირებზე ჩაწერილი მასალა დაათვალიერეს, აღმოაჩინეს, რომ ორ მათგანზე ორი მამაკაცის გაუპატიურება იყო ჩაწერილი. გამოძიებამ ფირზე აღბეჭდილი ყველა პირის იდენტიფიცირება მოახერხა და ისინი დააკავა. 

ნაპოვნი ვიდეოჩანაწერებისა და სხვა მოკვლეული მასალით გამოძიებამ დაადგინა, რომ მეგის ქარდავას, პოლიციელებისა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისაგან შექმნილი ჰქონდა დაჯგუფება, რომლის წევრებიც უკანონოდ აპატიმრებდნენ ადამიანებს და სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, წინასწარ აშენებულ მიწისქვეშა ბუნაგებში აწამებდნენ და აუპატიურებდნენ. დაკავებულის გასაუპატიურებლად კი ადამიანს ქირაობდნენ, რაშიც მას ფულს უხდიდნენ. 

"კასრების საქმეზე" განაჩენი 2014 წელს გამოაცხადდა. საქმის მასალების მიხედვით, 12 ბრალდებულიდან ერთ-ერთს - თ.უ. - ს ბრალი ორი მამაკაცის გაუპატიურებაში ედებოდა, რის სანაცვლოდაც მან მთლიანობაში 55 ლარი აიღო. 

სერგო თეთრაძის საქმე: 

მეგის ქარდავა, რომელსაც პროკურატურამ 2013 წლის 14 იანვარს წარუდგინა ბრალი სერგო თეთრაძის წამებისთვის, 27 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, ამ ეპიზოდში გამართლდა.

თუმცა ამავე მოსამართლის განაჩენით, მას დაუსწრებლად მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე, 3 წლის ვადით აეკრძალა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება დავით ლონდარიძის წამებისა და გიორგი ჩიკვატიასთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისთვის.

პროკურატურის ცნობით, სწორედ ლონდარიძის მიერ წამების შედეგად მიცემული ჩვენება გახდა საფუძველი, რომ ჯაშუშობის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცათ პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე და მასთან ერთად კიდევ სამი პირი (თავად დავით ლონდარიძე, გია გორელიშვილი და სერგო ჩაპალკინი).

ბრალდების ცნობით, მეგის ქარდავამ 2011 წლის 16 ივნისს, ღამით, შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების შტაბის დაზვერვის სამმართველოს ოფიცერი, ვიცე-პოლკოვნიკი დავით ლონდარიძე  მოაყვანინა ერთ-ერთ სამხედრო მოხელეს სამხედრო პოლიციის შენობაში, სადაც ალექსანდრე მუხაძესთან, მეტსახელად „ქილერასთან” (სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი) და ამავე დეპარტამენტის სხვა ოპერატიულ თანამშრომლებთან ერთად  4-5 საათის განმავლობაში საშინლად სცემა და აწამა.

პროკურატურის ვერსიით, აღნიშნულ ძალადობებში ასევე აქტიურად მონაწილეობდა მაშინდელი თავდაცვის მინისტრი ბაჩანა ახალაია, თუმცა ამ საქმეზე მისთვის საბოლოოდ ბრალი არ წარუდგენიათ.

პროკურატურის ცნობით, სქესობრივი ძალადობის განხორციელების მუქარით მათ მიიღეს ლონდარიძის  ე.წ. აღიარებითი ჩვენება, თითქოსდა ის ჯაშუშობდა რუსეთის სასარგებლოდ, ვინაიდან ვერ ეგუებოდა საბჭოთა კავშირის დაშლას და სურდა მისი აღდგენა. პროკურატურის ცნობით, ლონდარიძის ამგვარი ჩვენების საფუძველზე თეთრაძე და კიდევ სამი პირი მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში ჯაშუშობის ბრალდებით. 

რომან დუმბაძის მკვლელობის საქმე:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2016 წელს  მეგის ქარდავას  რომან დუმბაძის მკვლელობის შეკვეთის გამო ბრალდება წაუყენა.   სუს-ის ინფორმაციით, გენერალი 4-მა პირმა თანხის სანაცვლოდ მოკლა.  საქმეს გრიფი "საიდუმლო“ ადევს და ამიტომ მისი დეტალები დღემდე უცნობია. 

გამოძიებით დადგენილია, რომ მეგის ქარდავა შუამავლის მეშვეობით რუსეთის ფედერაციაში, ქ. მოსკოვში მოქმედ კრიმინალურ დაჯგუფებას დაუკავშირდა და რომან დუმბაძის მკვლელობა შეუკვეთა. 2012 წლის 21 მაისს, ქ. მოსკოვში ოთხკაციანმა ჯგუფმა აღნიშნული მკვლელობა გარკვეული თანხის სანაცვლოდ განახორციელა. ოთხივე პირი სასჯელს რუსეთის ფედერაციაში იხდის, ხოლო შუამავალი საქართველოში იქნა დაკავებული და იგი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

რომან დუმბაძე 2004 წლიდან სასჯელს იხდიდა საქართველოში სხვადასხვა მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის. 

48 წლის რომან დუმბაძე ბათუმის 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური იყო, რომელიც უშუალოდ აჭარის მაშინდელ მეთაურს ექვემდებარებოდა. 1998 წელს, დუმბაძეს გენერლის წოდება პრეზიდენტმა შევარდნაძემ მიანიჭა.

2004 წლის მაისში, აჭარის რევოლუციის დროს, გენერალი ცენტრალურ ხელისუფლებას არ დაემორჩილა. ასლან აბაშიძის გაქცევის შემდეგ იგი სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავეს. ბათუმის სასამართლომ მას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2008 წლის აგვისტოში, რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს, რუსებმა ფოთში დატყვევებული 12 ქართველი სამხედროს გათავისუფლების სანაცვლოდ, რომან დუმბაძის გადაცემა მოითხოვეს. ამის გამო, ის პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეიწყალა.

საქართველოდან მოსკოვში რომან დუმბაძე პირადად საოკუპაციო ჯარების მეთაურმა, გენერალმა ვიაჩესლავ ბორისოვმა ჩაიყვანა. 2010 წელს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დუმბაძეს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა.

გენერალ დუმბაძის მკვლელობის დროს, მეგის ქარდავას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეჭირა, მისი უშუალო ხელმძღვანელი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია იყო, რომელიც თავის მხრივ, ქვეყნის უმაღლესს მთავარსარდალს, პრეზიდენტ სააკაშვილს ექვემდებარებოდა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×