ოპეკის ერთიანობა შეირყა. ახლახან გახდა ცნობილი, რომ ყატარი ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციიდან (ოპეკიდან) გასვლას გეგმავს. გადაწყვეტილება პოლიტიკურია და ფასებზე, სავარაუდოდ, არ აისახება, თუმცა ყატარის ყოფნა ოპეკში მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ორგანიზაციის ერთიანობა ნავთობის მოპოვების კვოტების კონტროლს ეფუძნება და ამ მხრივ გავლენა, შესაძლოა, შესუსტდეს.
ენერგეტიკის საკითხებში ყატარის სახელმწიფო მინისტრმა საად ბენ შარიდა ალ-ქააბიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ყატარი ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციიდან (ოპეკიდან) გასვლას 2019 წლის პირველი იანვრიდან გეგმავს. მინისტრის თქმით, ორგანიზაციიდან გასვლის შემდეგ ქვეყანა ოპეკს არანაირი შეთანხმებით არ დაუკავშირდება.
აყატარის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, ორგანიზაცია გადაწყვეტილების შესახებ უკვე ინფორმირებულია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყატარი ბუნებრივი აირის მოპოვებაზე გეგმავს ფოკუსირებას. 2014 წლისთვის ქვეყანა ბუნებრივი აირის მოპოვების მოცულობას 77 მილიონი ტონიდან 110 მილიონ ტონამდე გაზრდის.
ოპეკის სამდივნომ კი რეკომენდაცია მისცა კარტელის სახელმწიფოებს, 2019 წელს დღე-ღამეში 1,3 მილიონი ბარელით შეამცირონ ნავთობის მოპოვება, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვესთან შედარებით. შემცირების შემთხვევაში მოთხოვნა-მიწოდება დაბალანსდება, დარწმუნებულები არიან ოპეკში. წარმოების ოდენობის შემცირების ძირითადი მიზეზი იქნება ნავთობზე შესუსტებული მოთხოვნა და აშშ-ში მოპოვების ინტენსიური ზრდა.
როგორც ცნობილია, 2017 წლის ივნისში ყატარს რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობა დაეძაბა. ქვეყანა ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულეს და მასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტეს საუდის არაბეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა, ეგვიპტემ და ბახრეინმა. დოჰაში ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდეს.
აყატარის გადაწყვეტილებას ეხმაურებიან საქართველოშიც. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელ ვანო მთვრალაშვილის შეფასებით, გადაწყვეტილება პოლიტიკურია და ნავთობპროდუქტების ფასებზე გავლენას ვერ მოახდენს.
როგორც მან "ბიზნეს-რეზონანსს" განუცხადა, ყატარი არ მოიპოვებს იმ მოცულობის ნავთობს, რომ "ოპეკიდან" მიმა გასვლამ ფასების ცვლილება შეძლოს.
"ყატარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული სახელმწიფოა მსოფლიოში, რომელიც ცნობილია უფრო მეტად როგორც ბუნებრივი აირის მწარმოებელი ქვეყანა. ყატარი აწარმოებს თხევად აირსაც და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ექსპორტიორია მსოფლიოში. წელს ყატარმა დაახლოებით 70 მლნ ტონა ნავთობი აწარმოა და უახლოეს 4 წლის განმავლობაში 110 მილიონ ტონამდე გეგმავს წარმოების ზრდას.
მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანაა, თხევადი აირის წარმოების მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მწარმოებლად ითვლება. აირი ექსპორტზე გააქვს ევროპაში, ჩინეთსა და მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში.
რაც შეეხება უშუალოდ ნედლ ნავთობს, მისი ყოველდღიური წარმოება 620 ათას ბარელამდეა. სტატისტიკური მონაცემით, ოპეკის სტრუქტურაში ყატარის მიერ მოპოვებული ნავთობის მოცულობა 2%-ს შეადგენს. ამ ქვეყნის ყოფნა ოპეკში მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ერთიანობა შენარჩუნდეს. ოპეკი იმ მიზნით არის შექმნილი, რომ მან აკონტროლოს ნავთობის მოპოვების კვოტები. ასეთი კონტროლის შედეგად დგინდება ფასები ნავთობპროდუქტებზე. რა თქმა უნდა, ყატარის გასვლას არანაირი გავლენა არ ექნება ფასზე, მისი მოპოვება იმდენად მცირეა (630 თასზე მეტს ვერ მოიპოვებს), შესაბამისად, მისი ცალკე ყოფნა ფასებზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს", - აცხადებს მთვრალაშვილი.
რაც შეეხება პოლიტიკურ ფაქტორს, მისი შეფასებით, ყატარი დღეს არის პოლიტიკურად დაპირისპირებული ნავთობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მომპოვებელთან - საუდის არაბეთთან, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან, რომლებიც მას ადანაშაულებენ ირანთან თანამშრომლობაში.
"ირანსა და საუდის არაბეთს შორის დიდი დაპირისპირებაა. ცნობილია, რომ მათ რელიგიური შუღლი აქვთ. ოპეკის შემადგენლობიდან ყატარის გასვლა შეიძლება გახდეს დეტონატორი და ორგანიზაციის ერთიანობა დაირღვეს, იქ არსებულ სიტუაციაში დისონანსი შეიტანოს. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ყატარის გასვლა, მაგრამ ფასზე ეს გავლენას ვერ მოახდენს.
მალე ოპეკის წევრი ქვეყნების შეთანხმება შედგება და უნდა გადაწყდეს ნავთობის მოპოვების კვოტების საკითხი, კერძოდ, საუბარია, რომ მოპოვების კვოტები კიდევ შემცირდეს. დღეს არსებული ფასების დაბალანსებას ცდილობენ და ამისთვის გარკვეულ შეთანხმებას უნდა მიაღწიონ. სწორედ ამაზე შეთანხმდნენ პუტინი და საუდის არაბეთის პრინცი, რასაც ეწინააღმდეგება შეერთებული შტატები და მისი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში მუდმივად მოუწოდებს, რომ ოპეკმა გადახედოს ფასების პოლიტიკას, რომელიც ზრდისკენ არის მიმართული.
შესაბამისად, პუტინისა და საუდის არაბეთის პრინცის შეხვედრის შემდეგ, როცა ცნობილი გახდა ინფორმაცია მოპოვების კვოტების შემცირებასთან დაკავშირებით, ფასებმა დაიწყო ზრდა და ბოლო დღეების განმავლობაში 3%-ით მოიმატა.
ოპეკი დღეს მთელი ნავთობის წარმოების 40%-ს აკონტროლებს, თუმცა ნავთობის ფასების ტრენდს მუდმივად ის განსაზღვრავს. ამ პროცესში რუსეთი და სხვა ქყვეყნებიც ჩაერთნენ. მათ ერთობლივი ძალისხმევით, ფასები თითქმის 85-დოლარიან ნიშნულს მიუახლოვდა, ბოლო პერიოდზე რომ არაფერი ვთქვათ. შესაბამისად, ოპეკი ცდილობს, რომ ფასების კონტროლი თავისებურად შეძლოს, მიუხედავად იმისა, რომ ყატარი გასვლას აპირებს. აშშ, რომელიც ნავთობის უდიდესი მწარმოებელი გახდა, მუდმივად ცდილობს, ფასები შემცირდეს. სიტუაცია უახლოეს დღეებშივე გაირკვევა", - ამბობს ვანო მთვრალაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ყატარი ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციას 1961 წელს შეუერთდა. ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, მათ გადაწყვიტეს ოპეკის დატოვება მას შემდეგ, რაც გრძელვადიანი სტრატეგია შეიმუშავეს და შეისწავლეს, თუ როგორ გაზარდონ საერთაშორისო დონეზე თავიანთი როლი.