ბაზარი კიდევ ერთმა ავიაკომპანიამ დატოვა და მორიგი ბრალდებები წამოაყენა
თამარ მუკბანიანი
04.12.2018

 ქართულ ავიაბაზარზე ახალი კომპანიები ფეხს ვერ იკიდებენ. "მაივეი", რომელიც მგზავრებისთვის მისაღები ტარიფებით გამოირჩეოდა, ავიამიმოსვლას აჩერებს, მიზეზად კი არაჯანსაღ კონკურენციას ასახელებს. ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა, როდესაც თბილისის აეროპორტისა და იქ ფეხმოკიდებული ავიაკომპანიების დადანაშაულება ხდება.

"მაივეი" საქართველოდან რეისებს ივნისიდან ახორციელებდა. მენეჯმენტის სამსახურს გრძელვადიანი გეგმები ჰქონდა და ფრენის ნებართვა 60 ქვეყანაზე მიიღო, თუმცა სულ რაღაც ნახევარ წელიწადში ყველა მიმართულება შეწყვიტა, გარდა თელ-ავივისა.

ბაზარზე რომ პრობლემებია, მოწმობს "რაინეარის" შემთხვევაც. კომპანია წლებია, მოლაპარაკებას მართავს საქართველოში შემოსასვლელად. ბოლოს მათი წარმომადგენელი 2018 წლის მარტში იმყოფებოდა საქართველოში, თუმცა ყველაფერი უშედეგოდ დასრულდა. ირლანდიურმა კომპანიამ მიზეზად აეროპორტის დიდი მოსაკრებელი და ერთ კონკრეტულ ავიაკომპანიაზე - "თურქიშ ეარლაინსზე" მორგებული სტრატეგია დაასახელა. რაც შეეხება შედარებით იაფ ქუთაისის აეროპორტს, ის მიუღებელი აღმოჩნდა დედაქალაქიდან 250 კილომეტრით დაშორების გამო. თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრთა მომსახურების საკომისიო 2 დოლარით 2017 წელს გაზარდა და ერთ მგზავრზე 24 დოლარი გახადა.

საქართველოში ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ "რაინეარი" უკრაინაში შევიდა და ბორისპოლისა და ლვოვის აეროპორტებიდან კვირაში 32-ჯერ დაფრინავს. ბილეთის ფასი 10 ევროდან იწყება, ხოლო საშუალო ტარიფი 40 ევროა.

ფაქტია, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შედარებით დაბალბიუჯეტიანი კომპანიები ფუხს ვერ იკიდებენ, მიზეზი კი არაჯანსაღი გარემოა. ბაზრის მიღმა დარჩენილი კომპანიები კონკრეტული ავიაკომპანიების სახელმწიფოს მიერ ლობირებაზე საუბრობენ, თუმცა კონკრეტული პირების დასახელებისაგან ისინიც თავს იკავებენ.

როგორც "მაივეი ეარლაინსის" ხელმძღვანელი იგორ აფციაური აცხადებს, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბაზრიდან კომპანიის წასვლისა იყო არაჯანსაღი კონკურენცია, რასაც ისინი წააწყდნენ.

"ერთ-ერთი მიზეზი იყო არაჯანსაღი კონკურენციის პირობები, რომელსაც ბაზარზე წავაწყდით ჯერ კიდევ წლის დასაწყისიდან, როდესაც გარკვეული კომპანიების გამო, სამწუხაროდ, ხდებოდა ზემოქმედება სახელმწიფო უწყებებზე, რომ ჩვენთვის არ მოეცათ ფრენის ნებართვა, არ გვეფრინა იმ მიმართულებებით, სადაც უკვე იყო რეისები საქართველოდან.

მე კონკრეტულად არ დავასახელებ კომპანიას თუ კომპანიებს. ისინი უკვე მუშაობენ ბაზარზე. არიან ისეთებიც, რომლებსაც უნდოდათ შემოსვლა, ამიტომ მე მათ არ დავასახელებ. ვინც ჩახედულია ამ სფეროში, ყველამ ყველაფერი იცის", - ამბობს აფციაური.

ქართული ავიაბაზრის პრობლემებსა და სპეციფიკაზე "ბიზნეს-რეზონანსთან" საავიაციო სფეროს ექსპერტი იასე ზაუტაშვილი უფრო დეტალურად საუბრობს. მისი აზრით, კონკრეტული გვარებისა და სახელების დასახელების გარეშე, თუ ვინ უშლის ხელს ავიკომპანიებს, შეუძლებელია, საქმეს მსვლელობა მიეცეს ან ბაზარი გაჯანსაღდეს.

"უნდა აღინიშნოს, რომ "რაინეარის" და სხვა შემომფრენი კომპანიებისაგან განსხვავებით, "მაივეი" არის ქართული კომპანია, რომლის მფლობელებიც, როგორც ყველასათვის ცნობილია, ჩინელი ფიზიკური პირები არიან.

მთავარი არის ის, როცა ნებისმიერი ახალი კომპანია იწყებს მუშაობას, ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებამ დეტალურად გაიაროს კომპანიის გეგმები, გრაფიკი და მათი კომერციული წინადადება. გასაგებია, რომ აქტიურ საზაფხულო სეზონზე ყველა მიმართულებით საინტერესოა ფრენა და მოთხოვნადია, მაგრამ მთელი წელი ასე არ გრძელდება.

ვერ დავმალავთ, საქართველოს ავიაბაზარზე ბევრი პრობლემაა, ბევრი კითხვის დასმა შეიძლება როგორც აეროპორტის მმართველობასთან, ასევე საავიაციო სააგენტოსთან, მაგრამ როცა კომპანია ამბობს, რომ მას ვიღაც ხელოვნურად უქმნის პრობლემებს, არ ძლევს უფლებას, იფრინოს სასურველი მიმართულებებით, ამას უნდა მოჰყვეს დეტალები - ვინ უშლის ხელს, რა ინტერესით და ვისი მეშვეობით. თუ ასეთი რამ ხდება, უნდა აგონ სხვა ავიაკომპანიებმაც პასუხი და საავიაციო სააგენტომაც", - აცხადებს ზაუტაშვილი.

საავიაციო სააგენტოს მთავარი მიზანი ქართული კომპანიების ხელშეწყობა უნდა იყოს, რაც დღეს არ ხდება. მეორე პრობლემაა ის, რომ ბევრ ბიზნესმენს ჰგონია, მთავარია, ჰყავდეს თვითმფრინავი და მხოლოდ ესაა საკმარისი ავიაბიზნესის შესაქმნელად.

"ამ ბაზარზე შესვლისათვის პირველი იმის განსაზღვრაა, სად შეიძლება იფრინო, რომელი მიმართულებებია ნაკლებად ათვისებული და სად არის მეტი რესურსი.

როცა ქვეყანაში არსებობს ავიაციის მარეგულირებელი ორგანო, იგი ვალდებულია, თანაბრად შეუწყოს ხელი ქვეყანაში მყოფ ყველა ავიაკომპანიას საქმიანობაში და მათთვის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ქართული, ეროვნული გადამზიდავების ხელშეწყობა, შემდეგ კი სხვა ყველა კომპანიის. უნდა ითქვას ისიც, რომ ადგილობრივი ავიაკომპანიები არ ითვისებენ ბაზარს, არ ახდენენ დივერსიფიკაციას და ბევრი პოპულარული მიმართულება საერთოდ ვერ მუშაობს. სადაც დაფრინავს უკვე ერთი კომპანია და გაჭრილია ხაზი, იქ მიდის ყველა. რეალურად კი, ბაზარი რჩება აუთვისებელი და ბიზნესი არაფერს აკეთებს ერთმანეთის ხელის შეშლის მეტს.

არ ხდება ქართული კომპანიების ხელშეწყობა და ამ დროს ისეთი კომპანია, როგორიც "ვიზეარია", დაფრინავს ნაწილობრივი დოტაციით. რატომ? ეს ჩემთვის გაუგებარია. ამაზე იმათ უნდა მოეთხოვოთ პასუხი, ვინც ეს დაუშვა.

ასე რომ, უკვე არსებული კომპანიების დადანაშაულების გარდა, თუკი ასეთი ნამდვილად ხდებოდა, "მაივეიმ" პრობლემები უნდა ეძებოს არასწორ მენეჯმენტში", - განუცხადა ზაუტაშვილმა "ბიზნეს-რეზონანსს"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×