გაისად მოსახლეობა, შესაძლოა, კიდევ უფრო გაღარიბდეს. ამ მხრივ 2018 წელი საკმაოდ მძიმე იყო და სიდუხჭირეს ყველაზე მწვავედ მოქალაქეები განსაკუთრებით მომავალი წლიდან იგრძნობენ. შინამეურნეობების შემოსავლის დიდი ნაწილი კვლავ ვალების მომსახურებას მოხმარდება. ხალხს ელემენტარული ყოფითი პრობლემის მოსაგვარებლადაც არ ჰყოფნის ფული.
ჭარბვალიანობამ, ლარის გაუფასურებამ, პროდუქტების გაძვირებამ და ინფლაციამ ქვეყანაში უამრავ ოჯახს ფინანსური პრობლემა შეუქმნა, რასაც შეეწირა გიორგი კვირიკაშვილისა და დიმიტრი ქუმსიშვილის კარიერაც, თუმცა ვითარება არ გაუმჯობესებულა.
ბოლო დროს მუდმივად საუბარია კომუნალური გადასახადების ზრდაზე, ამ პრობლემასთან გასამკლავებლად კი მოსახლეობის უმრავლესობას ძალა არ ეყოფა. ემპირიული დაკვირვებით, საქართველოში მდიდრები და შეძლებულები, ერთად აღებული, დაახლოებით 10%-ია. აქედან 2-2,5% მდიდარია, დანარჩენი - შეძლებული. საშუალო ფენაც ასევე 8-10%-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო დანარჩენი 80%-ის ცხოვრების სტანდარტი არ აკმაყოფილებს განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნების ნორმას.
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევით, ყოველი მეშვიდე ოჯახი შიმშილს კომერციული ბანკებიდან და მიკროსაფინანსოებიდან აღებული კრედიტების მეშვეობით ებრძვის.
ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ ჩვენთან მნიშვნელოვნად იზრდება იმ ოჯახების რაოდენობაც, სადაც არც ერთი წევრი არ იღებს სტაბილურ გასამრჯელოს. ეს კატეგორია შემოსავლის მიმღებთა დაახლოებით 40%-ია და დიდია რისკი, რომ ასეთი ადამიანები სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდნენ.
ეკონომისტების შეფასებით, ამის მიზეზი ეკონომიური სიდუხჭირე და სტაგნაციაა, რაშიც ხალხი სავალუტო კრიზისის გამო აღმოჩნდა.
სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე "ბიზნეს-რეზონანსთან" ამბობს, რომ საკუთარი შემოსავლით მოქალაქეები ვერ უზრუნველყოფენ თავიანთ მოთხოვნილებებს და ამ პრობლემის მოგვარებას, რეალურად, საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება.
"ჩვენი სტატისტიკა ვერ ითვლის, თუმცა ევროპულში კარგად ჩანს არა მარტო ღარიბთა მთლიანი კონტინგენტი, არამედ პროცენტულად იმ ოჯახების რაოდენობაც, ვინც შეიძლება ღარიბთა რიცხვში აღმოჩნდეს, ანუ რისკის ქვეშ მყოფი შინამეურნეობების რაოდენობა. შესაბამისად, მათ მიმართ გარკვეულ პრევენციულ ზომებს მიმართავენ. როგორც წესი, ეს დამოკიდებულია შემოსავალზე, მათ შორის, სტაბილურ შემოსავალზე.
ჩვენთან მიუხედავად იმისა, რომ დაქირავებით დასაქმებულთა მაჩვენებელი გაიზარდა, მაინც თანაფარდობა ხელფასების მიმღები მოსახლეობისა შინამეურნეობებთან 3/4-ზე ნაკლებია, დაახლოებით 74%-ია. ძალიან ბევრია ისეთი ოჯახების რაოდენობაც, სადაც არც ერთი წევრი არ იღებს სტაბილურ გასამრჯელოს. ეს კატეგორია დაახლოებით 40%-ია და ისინი პირველ რიგში უნდა ჩავთვალოთ მოწყვლად ჯგუფში სიღარიბესთან მიმართებით", - ამბობს არჩვაძე და დასძენს, რომ საბანკო სფეროს რეგულაცია კრედიტებზე ხელმისაწვდომობას შეზღუდავს, თუმცა გარკვეული რისკი ისევ იარსებებს.
"ჩვენ გვყავს საბანკო სექტორზე დამოკიდებული მოსახლეობის გარკვეული კატეგორია. დიდი ნაწილი აზარტულ თამაშებშია ჩაფლული და, რაციონალური ხარჯის ნაცვლად, შემოსავალი ირაციონალური დატვირთვით იხარჯება იმ ვარაუდით, რომ მოგებას მიიღებენ. რეალურად კი, საპირისპირო შედეგი დგება. როცა სიღარიბეზე ვსაუბრობთ, ეს მომენტიც გასათვალისწინებელია.
ზოგ შემთხვევაში ბიზნესის მიზნით აღებული სესხების გასტუმრებას ხალხი ვერ ახერხებს იმის გამო, რომ საქმიანობის გაგრძელება ვერ შეძლეს. ჩვენთან შედარებით დაბალია სამართლებრივი კულტურა და ბევრი ისე იწყებს საქმიანობას, რომ შესაძლებლობები და უნარი ბოლომდე არ აქვს გაცნობიერებული. ამას შეაფერხებს ეროვნული ბანკის მიერ 1-ლი იანვრიდან ძალაში შესული სასესხო რეგულაცია, მაგრამ საბაზრო სტიქიის წინაშე გარკვეული რისკი ისევ იარსებებს", - ამბობს სოსო არჩვაძე.
სპეციალისტების შეფასებით, წინ უმძიმესი წელი გველოდება და ვითარების გაუმჯობესების პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს. აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი აცხადებს, რომ სათანადო სტრუქტურული ცვლილების გარეშე ვითარება ვერ გამოსწორდება.
"დავიწყებ იმით, რომ ეკონომიკური ზრდა ლამის 6%-მდეა, მაგრამ ეს მოხდა არა, ზოგადად, წარმოების, მრეწველობის ინდუსტრიის თუ სოფლის მეურნეობის განვითარებით, არამედ მხოლოდ ერთი პროდუქციის - სილიკონ-მანგანუმის ექსპორტის 70%-მდე გაზრდით. პრაქტიკულად, ეკონომიკური ზრდის სიკეთე ამ კონკრეტული ორგანიზაციის წარმატებას დაეტყობა, ქვეყნის ეკონომიკასა და მოსახლეობაზე კი გავლენას ვერ მოახდენს. ესეც ადასტურებს, რომ ქვეყანაში არის უმძიმესი მდგომარეობა.
მთავრობამ უნდა გაატაროს შესაბამისი სისტემური ცვლილება, მისაღებია ახალი კანონები და მნიშვნელოვანია ცვლილება საბანკო კანონმდებლობაში. საქართველო არ არის ქვეყანა, სადაც მხოლოდ ბანკირები უნდა ცხოვრობდნენ კარგად. ამ ქვეყანას აქვს იმის პოტენციალი, რომ არა მოსახლეობის 9% იყოს ზემდიდარი, არამედ უნდა ჩამოყალიბდეს ჯანსაღი წარმმართველი ძალა, საშუალო ფენა, რომელიც უმნიშვნელოვანეს საკითხს გადაწყვეტს.
ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს მომავალში ინდუსტრიული და ამ მიმართულებით მუშაობა გასაძლიერებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მძიმე შედეგს მივიღებთ, რაც ისევ ღარიბ მოსახლეობაზე აისახება. მნიშვნელოვანია დასაქმება და შემოსავლის ზრდა. დარგობრივი სტრატეგია თუ არ შევიმუშავეთ, ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები არ განვსაზღვრეთ, კატასტროფა გველის", - ამბობს კოღუაშვილი და დასძენს, რომ უახლოეს თვეებში ადგილობრივი სურსათის მარაგი ამოიწურება, რაც მოსახლეობის მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედებს და უამრავ ოჯახს შეუქმნის პრობლემას. ქვეყანაში სიღარიბე მძვინვარებს და არაფერი ხდება ამ პროცესის მოსათოკად.
"შთაბეჭდილება მრჩება, რომ მინისტრებმა არც იციან, რა არის გასაკეთებელი ქვეყანაში. აგფლაციაა ქვეყანაში - სურსათზე ფასების სწრაფი ზრდა, ახალი წლიდან კი კიდევ დამძიმდება ვითარება. წინასაარჩევნოდ რა პირობაც დადეს, უნდა აღასრულონ. სხვა გამოსავალი დღეს არ ჩანს.
მძიმე თვეები გველოდება. 2-3 თვეში მშიერი გაზაფხული მოვა და საქართველოს მოსახლეობა მწვავედ იგრძნობს სიდუხჭირეს. ხალხი არსებობისთვის იბრძვის და ბევრი ოჯახი შიმშილს ვერ ამარცხებს. მოსახლეობის 80% სიღარიბეში ცხოვრობს. სესხით აღებული თანხით ცდილობენ შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლას. მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება, როცა ადგილობრივი პროდუქტის მარაგი ამოიწურება, ამით უამრავ ოჯახს შეექმნება პრობლემა", - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" პაატა კოღუაშვილი.