სესხების განულების პროგრამის დაწყებისა და დასრულების ზუსტი თარიღები კვლავ უცნობია. მიზეზად ფინანსთა სამინისტრო და ფონდი "ქართუ" ვებ-გვერდის ტექნიკურ მხარეს ასახელებენ, თუმცა ვრცელდება საინტერესო ცნობები, რომ შეღავათით მოსარგებლეთა სეგემენტი შეიძლება გაფართოვდეს.
"ქართუს" წინასაარჩევნოდ დაანონსებული დაპირების შესახებ აჟიოტაჟი კვლავ არ ცხრება. ამჯერად ფონდის გამგეობის, ფინანსთა სამინისტროსა და კერძო სექტორის განსხვავებული ინფორმაცია აბნევს ხალხს, რომელიც 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე 2000 ან ნაკლები ძირი თანხის დაფარვას ელოდა.
სესხების განულება ე.წ. შავ სიაში არსებულ 600 000 მსესხებელს ეხება, რომელთაც ერთ წელზე უფრო მეტად ვადაგადაცილებული სესხები აქვთ. 3 დეკემბერს მოსახლეობას უკვე უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა, რომ საკუთარი თავი ე.წ. ვალების განულების ვებ-გვერდში გადაემოწმებინა. ასეთი დაპირება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გასცა, თუმცა ამ დრომდე სისტემა არ მუშაობს.
"ქართუს" გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი ამბობს, რომ ე.წ. ვალების განულების პროგრამაზე ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ფონდიდან დაიხაჯება იმდენი, რამდენიც საჭირო იქნება. ამ დროისთვის მობილიზებული თანხის მოცულობა კი 100 მილიონი ლარია.
"ვებ-გვერდი ტექნიკურად მზადაა, ველოდებით საკრედიტო დაწესებულებებიდან მოვალეთა სიების მოწოდებას. როგორც კი მივიღებთ სიებს, მაშინვე ავსახავთ ვებ-გვერდზე. პროცესი ორმხრივია და მეორე მხრიდან სიების მოწოდების გარეშე შეუძლებელია მათი მოსახლეობისთვის გაცნობა. როგორც კი დაიდება სიები, მაშინვე გავასაჯაროებთ ვებ-გვერდს. მოქალაქეთა მიერ საკუთარი სახელის გადამოწმება, რა თქმა უნდა, საბანკო საიდუმლოების დაცულობის პრინციპით მოხდება", - განაცხადა ჩხეტიანმა "ბიემთან".
გარდა ვადებისა, ამ დრომდე პრობლემურ საკითხად რჩება კომპანიების პროგრამაში ჩართვა. ბოლო ინფორმაციით, "ვივუსთან" ხელშეკრულება კვლავ არ გაფორმებულა, თუმცა "ქართუში" აცხადებენ, რომ ვალების ჩამოწერის აქციაში "ვივუსიც" ჩაერთვება.
მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ეს კომპანია დასახელდა პროგრამაში ჩართვაზე უარისმთქმელად, როგორც ჩანს, კიდევ 9 მსგავსმა ორგანიზაციამ თქვა უარი "ქართუსათვის" სასესხო პორტფელის მიყიდვაზე. ფინანსთა მინისტრმა ახლა აღნიშნა, რომ გამორიცხული არ არის, ვალების განულების პროგრამაში ათამდე ახალი ორგანიზაცია ჩაერთოს. ივანე მაჭავარიანმა ისიც დაადასტურა, რომ ვებ-გვერდის გაშვება გვიანდება.
"ამ ეტაპზე, შესაძლოა, ვებ-გვერდის გაშვება ოდნავ მართლაც დაგვიანდეს იმის გამო, რომ დაახლოებით 10-მდე სესხის გამცემი ორგანიზაცია დამატებით ჩაერთო პროექტში და მათი ბაზებიც შესაჯერებელია ერთიან მონაცემებთან. ტექნიკური სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ის მთავარი პრინციპი, რომ ვალების ჩამოწერა 15 დეკემბრიდან დაიწყება და ე.წ. "შავი სიიდან" ამოღებული იქნება 600 000 ადამიანი, არ იცვლება.
პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელდება. ის ტემპი, რაც საკუთრივ ვალების ჩამოწერას და სიების გასუფთავებას ნიშნავს, დაპირებისამებრ, გაცხადებულ ვადებში ჩაეტევა", - აღნიშნა მაჭავარიანმა.
საინტერესო მინიშნება გაისმა მერის განცხადებაშიც. უცნობია, რა მანდატით ან რა ინფორმაციაზე დაყრდნობით, თუმცა კახა კალაძე აცხადებს, რომ 2 000 ლარის ქვემოთ მქონე ვალდებულებების გარდა, პროგრამა სხვა მოქალაქეებსაც შეეხება.
"ცხადი იყო, რომ მაქსიმალურად შეეცდებოდნენ ამ ინიციატივის დაკნინებას. არაერთხელ ითქვა, რომ 15 დეკემბრიდან დაიწყება და წლის ბოლომდე, 31 დეკემბრამდე, უკვე შესაძლებელი იქნება, ყველა იმ ადამიანს ჩამოეწეროს დავალიანება, რომელზეც იყო საუბარი.
თუმცა ამით ეს საკითხი არ დასრულებულა. არიან კიდევ სხვა კატეგორიის ადამიანები, ვისაც აქვს ამ მიმართულებით პრობლემები და რაზეც მუშაობს ცენტრალური ხელისუფლება", - განაცხადა კალაძემ.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მერის განცხადებაში იმ 10 კომპანიის მსესხებლები იგულისხმებოდნენ, რომლებიც პირველ ეტაპზე პროგრამაში არ მონაწილეობდნენ. შესაძლებელია, გარკვეული კატეგორიის ხარჯზე შეღავათით მოსარგებლეთა სიაც გაფართოვდეს.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ ნეგატიური ეფექტის მომტანი იქნება პროგრამის თუნდაც მცირე დროით შეფერხება. მისი აზრით, სეგმენტი, ვისაც დამატებით შეეხება კრედიტების ჩამოწერა, სოციალურად დაუცველი ან მსგავსი სტატუსის პირები იქნებიან, რომელთა სასესხო ვალდებულებაც 2 000 ლარზე მეტია.
"პირველ რიგში, იმედია, პროგრამა არ გაიწელება დროში, რადგან ეს იყო წინასაარჩევნოდ დაანონსებული დაპირება, რომელსაც უზარმაზარი რეზონანსი მოჰყვა. პროცესი რადგან უკვე დაწყებულია, წლის ბოლომდე უნდა მოესწროს, სხვა ყველა მიზეზი იქნება ნამდვილად უარყოფითი.
რაც შეეხება სეგმენტის გაფართოებას, ვისაც სესხის განულების პროგრამა შეეხება, ალბათ საუბარი უნდა იყოს დამატებულ კომპანიებზე, რომლებიც თავდაპირველად არ თანამშრომლობდნენ. მათ შორისაა "ვივუსი" და კიდევ სხვა 9 ორგანიზაცია. თუ აქამდე ისინი არ იყვნენ მოაზრებული, რა თქმა უნდა, მათი დამატება გაზრდის სიას.
გარდა ამისა, სულ პირველ ეტაპზეც იყო საუბარი, რომ სოციალურად დაუცველი ადამიანები და მსგავსი სტატუსის მქონენიც პროგრამაში მოხვდებოდნენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ 2 000 ლარზე მეტი ჰქონდათ ნასესხები", - აცხადებს "რეზონანსთან" კაპანაძე.
ეკონომისტი რამაზ გერლიანი პრობლემას ვერ ხედავს სესხების განულების პროგრამის გაჭიანურებაში. რამდენადაც კრედიტები ისედაც უიმედო იყო, პროცესის დასრულების 2 კვირით გადადება არ იქნება არსებითი.
"პროგრამის 2 კვირით ადრე ან გვიან ამოქმედება რეალურ პრობლემას არ ქმნის და არც საერთო სურათს ცვლის იმ პირობებში, როცა ეს სესხები ისედაც უიმედო იყო. რა კატეგორია მოხვდება, ამის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს, თუმცა მერის განცხადებაში, შესაძლოა, იგულისხმებოდეს ის სეგმენტი, რომელსაც აქამდე არ ეხებოდა ვალების განულება. მათ ისეთი კომპანიებისაგან ჰქონდათ ნასესხები ფული, რომლებიც პროგრამაში არ მონაწილეობდნენ, ახლა კი საერთო სიას კიდევ 10 გამსესხებელი დაემატა", - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" გერლიანი.