„მე არასდროს ვარ წინააღმდეგი საჯარო სექტორში დაფინანსება იქნას შემცირებული და ეკონომია გაკეთდეს, მითუმეტეს პრეზიდენტის ინსტიტუტი ვერ დააზიანებს ვერანაირად ქვეყნის მართვის პროცესს დაფინანსების უქონლობის გამო, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იგი ამ პროცესში საერთოდ არ მონაწილეობს," - აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის დაფინანსება 3 მილიონ 800 ათასი ლარით მცირდება და 6 მილიონი ლარი იქნება. მცირდება ადმინისტრაციაში დასაქმებულთა რაოდენობა, - 140-დან 60-მდე და უქმდება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიც.
გია ხუხაშვილი: პრეზიდენტი, ფაქტობრივად, არ არის ფუნქციონალური ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ის უფრო წარმომადგენლობითი ფუნქციების მატარებელია. მისი ხარჯები მაინც ვიზიტებით, დახვედრითა და ამ ტიპის პროტოკოლური უფლებამოსილებით შემოიფარგლება. თუ ეს თანხები საკმარისია ამისთვის, მაშინ საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.
„რეზონანსი": 16 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია უნდა ჩატარდეს. ამავე დღეს გაერთიანებული ოპოზიციის აქციაა დაანონსებული. რა შეიძლება მოხდეს 16 დეკემბერს?
გ.ხ.: სახელმწიფოებრივ კრიზისში გადასვლის შანსებს ვერ ვხედავ, თუმცა, ხმაური იქნება და ეს ლოგიკურია. გასაგებია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" თავის ტაქტიკურ ამოცანას წყვეტს, რომ ის ელექტორატი რამენაირად შეინარჩუნოს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" აჩუქა. ისინი ეცდებიან დინამიურად წარმართონ ეს პროცესი, რომ ეს კონსოლიდაცია შეინარჩუნონ.
ძალიან უცნაურია „ქართული ოცნების" ეს მერყეობა ინაუგურაციის ადგილთან დაკავშირებით, რადგან ეს არის სისუსტის პირდაპირი გამოვლინება. ასეთი რაღაც მმართველი პარტიისგან ძალიან სამარცხვინოა.
„რ": არჩეული პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილის პირველი ნაბიჯები და პირველი განცხადებები თუ იძლევა იმის წინასწარ განსაზღვრის საშუალებას, თუ როგორი პრეზიდენტი იქნება ის? თუნდაც როგორი კომუნიკაცია ექნება საზოგადოებასთან და მედიასთან?
გ.ხ.: მე მის კვალიფიკაციაზე არ ვარ მაღალი აზრის. ის შეიძლება იყოს ნორმალური დიპლომატი და შესაბამისად, ჩვენ იმის შიში არ უნდა გვქონდეს, რომ შეხვედრებზე რაღაც სამარცხვინოს ჩაიდენს, მაგრამ პოლიტიკური კვალიფიკაცია არის ძალიან დაბალი. ეს პრეზიდენტობას კი არა რაღაც რეალითი შოუს დაემსგავსება. შეიძლება ითქვას, რომ გავერთობით.
გამომდინარე იქიდან, რომ მისი წვლილი მის გაპრეზიდენტებაში ნულოვანი იყო, ბოლოს საერთოდაც გადამალეს, რითაც „ქართულმა ოცნებამ" თქვა - „ეს რა შარი ავიკიდეთო". მისი სურათები პლაკატებიდანაც კი ჩამოხსნეს და თავისი პორტრეტები დაახატეს. ის იმდენად დააკნინეს, რომ ლეგიტიმაცია დააკარგვინეს, მათ შორის შიდა სახელისუფლებო ლეგიტიმაცია. პრაქტიკულად, აიღეს და დასვეს.
მისი წილი ამაში არაფერი არაა. ლეგიტიმაცია არ აქვს და რას უნდა ველოდოთ? ფეხების ბაკუნს და კინკლაობას დაიწყებს. ეს კინკლაობა რა შედეგის მომტანი იქნება? - არანაირის. ჩვენ კი ცოტას გავერთობით.
ზოგადად, მას აქვს კომუნიკაციის სერიოზული პრობლემა. მისი მთავარი ამოცანა დღეის მდგომარეობით უნდა ყოფილიყო საზოგადოების გაერთიანება. ამ არჩევნებმა მინიმუმ ის აჩვენა, რომ გახლეჩილია ის ხალხიც კი, ვინც მას ხმა მეორე ტურში მისცა. შესაძლოა ითქვას, რომ მისთვის ხმა არ მიუციათ. ხმა მისცეს „ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგოდ.
ის ელექტორატი, რომელმაც შენ კი არ მოგცა ხმა, იმათ საწინააღმდეგოდ მისცა, იმათკენ მისასვლელი გზები ხომ მაინც უნდა ეძებო? ამას ვერ ვხედავ სალომე ზურაბიშვილში. ის კი ლაპარაკობს, რომ ზეპარტიული და გამაერთიანებელია, მაგრამ ეს ცარიელი სიტყვებია და საქმით ის საპირისპირო მაგალითებს აჩვენებს, რაც ჩემთვის არ იყო მოულოდნელი.
დაახლოებით წარმოადგენა მაქვს მის ხასითზე და რა თქმა უნდა, მომავალში ის საზოგადოების უფრო გამხლეჩი იქნება, ვიდრე გამაერთიანებელი.
მას არა მხოლოდ მედიასთან, მას ქვეცნობიერი პრობლემა აქვს საკუთარ თავთანაც. ძალიან ხშირად იმეორებს, რომ „მე პრეზიდენტი ვარ", „მე უკვე გავიზარე, რომ პრეზიდენტი ვარ". ვფიქრობ, თვითონ ჯერ კიდევ არაა ჩამოყალიბებული, არის თუ არა პრეზიდენტი.
ვურჩევ, რამდენიმე დღიანი რეაბილიტაციის კურსი გაიაროს ინაუგურაციამდე, რომ პირველ რიგში საკუთარი თავი დაირწმუნოს, რომ პრეზიდენტია. უფრო მშვიდად აღიქვას ის მოცემულობა, რაშიც არის. ის ჟურნალისტებს კი არ უბრაზდებოდა, საკუთარ თავს უბრაზდებოდა, რომ თვითონ უჭირს რაღაცნაირად ამის გაცნობიერება და დაჯერება.