მარტო საწვავსა და მედიკამენტებზე რომ ავიღოთ ფასები, კატასტროფულად არის მომატებული
მარი ჩიტაია
05.12.2018

 ინფლაციის მაჩვენებელი ფასების ზრდის დინამიკას საერთოდ აღარ ასახავს. ოფიციალური სტატისტიკა "გვარწმუნებს", რომ წლიური ინფლაცია 1,9%-ს შეადგენს. სინამდვილეში, სხვაობა არსებულ ვითარებასთან შედარებით, დიდია. შეუძლებელია, რომ ქვეყანაში ასეთი დაბალი ინფლაცია ფიქსირდებოდეს, როცა მოსახლეობა მასობრივად ფასების ზრდაზე საუბრობს.

დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის არგუმენტი რეალობასთან ახლოსაც არ არის. 1,9%-იანი ინფლაციის მაჩვენებელი აშკარად მცდარი სტატისტიკაა და როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, რეალურად იგი შეიძლება, 4%-საც აჭარბებდეს. ინფლაციასთან დაკავშირებით დაფიქსირებული სტატისტიკა ეკონომიკაში არსებული მძიმე ვითარების შელამაზების მცდელობაა, რასაც მმართველი პარტიის მხრიდან აქვს ადგილი.

დავიწყოთ იმით, რომ მარტო საწვავის ფასი, წინა წელთან შედარებით, 50 თეთრით არის მომატებული. არნახულად გაძვირდა მედიკამენტები, სასურსათო და პირადი მოხმარების საქონელი, ასევე - რძის ნაწარმი და ხორცეული. ლარის დევალვაციის გამო ყველა იმპორტირებულ საქონელზე ფასი საგრძნობლად მომატებულია. ოფიციალური სტატისტიკით, გამოდის, რომ სამომხმარებლო ბაზარზე უმნიშვნელო ცვლილებაა. ეროვნული ბანკი ფარად "საქსტატის" მონაცემებს იყენებს და ყველაფერს აკეთებს, რომ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა არ აწარმოოს, რათა როგორმე გაუმკლავდეს სიძვირის ტალღას.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ "საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით, ინფლაციას გაცვლით კურსთან ცალსახა კავშირი არ აქვს.

"ინფლაცია უფრო მეტად დამოკიდებულია ერთობლივ მოთხოვნაზე და, რა თქმა უნდა, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებებზე. დღეს ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტები საკმარისად განვითარებული აქვს იმისათვის, რომ ინფლაცია მომავალშიც დაბალ ნიშნულზე შეინარჩუნოს.

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი საშუალოვადიან პერიოდში 3%-ია, რაც არ ნიშნავს ინფლაციას 0-დან 3%-მდე, არამედ გულისხმობს ინფლაციას 3%-თან ახლოს ყოფნას. შესაბამისად, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე ზოგჯერ მაღლა, ზოგჯერ კი დაბლა იქნება, მაგრამ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გატარების შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში 3%-თან ახლოს შენარჩუნდება", - აცხადებს გვენეტაძე.

სპეციალისტების შეფასებით, სტატისტიკური შედეგი არის მანიპულაციის წყარო და რეალურად ოფიციალური უწყება ცალსახად მცდარ ინფორმაციას გვაწვდის. ასე ფიქრობს ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი, რომლის აზრითაც, მეთოდოლოგია ძირეულად შესაცვლელია.

"არ მახსენდება არც ერთი ხელისუფლება, რომელსაც ეფიქრა მთელი ქვეყნის წარმატებაზე, ამისათვის რეალურად არაფერი გაკეთებულა. მთავრობაში მოსული ადამიანები და ჯგუფები ყოველთვის ცდილობენ ხალხის მოტყუებას. ამ მიზანს ემსახურება სტატისტიკის სისტემაც, რომ ხალხი მოტყუვდეს.

აყველა ნორმალურ ქვეყანაში სტატისტიკას ითვლიან ცალკეული მიზნობრივი ჯგუფების მიხედვით. მაგალითად, ყველაზე დაბალშემოსავლიანი ადამიანებისათვის ინფლაცია არის ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე მაღალშემოსავლიანთათვის. უკანასკნელ შემთხვევაში, ინფლაცია შეიძლება უფრო დაბალიც იყოს, ვიდრე რეალურად დასახელდა. მათ ხარჯებში უმთავრესი წილია ე.წ. ხანგძლივი მოქმედების საქონელი - საოჯახო ტექნიკა, ავტომობილები, ძვირფასეულობა და სხვა, რაც ყოველწლიურად იაფდება. მართალია, შემოდის ახალი და ძვირი ტექნიკა, მაგრამ ამ შემთხვევაში ის არ არის გადამწყვეტი, რადგან მათი წილი ბაზარზე უმნიშვნელოა.

დაბალშემოსავლიანი მოქალაქეების მოხმარებაში ძალიან დიდი წილი უჭირავს კომუნალურ ხარჯებსა და მედიკამენტებს, რომელიც 60-70%-ით და მეტითაც არის გაძვირებული წლის განმავლობაში. სწორედ ამისთვის მთავრობამ გადადგა კიდევ ერთი არანორმალური ნაბიჯი და იმის ნაცვლად, რომ საკითხი მოეგვარებინა, ბიუჯეტიდან დააფინანსეს მედიკამენტები, ჩვენი გადასახადებიდან შემოსულ ფულს უხდის ფარმაცევტულ კომპანიებსა და ფასნამატს უნაზღაურებს. ეს არის წარმოუდგენელი.

ცხადია, რომ სტატისტიკური მონაცემი არის მანიპულაციის წყარო და რეალურად იგი ცალსახად მცდარ ინფორმაციას გვაწვდის. მთავრობას ყოველთვის სჭირდება არსებული მდგომარეობის შელამაზება და სტატისტიკასაც ამისათვის იშველიებს. ხალხი შიმშილით იხოცება და პიარისათვის კეთდება ყველაფერი, რომ მოსახლეობა მოატყუონ და არჩევნებზე მოიგონ მათი გულები. მეთოდოლოგია ძირეულად შესაცვლელია", - ამბობს "რეზონანსთან" სიმონიშვილი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სპეციალისტები სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის შედეგს ეჭვქვეშ აყენებენ. აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე დარწმუნებულია, რომ დასახელებულ ციფრსა და რეალობას შორის ცდომილება ძალიან დიდია.

"დეკემბრის მდგომარეობით, ჩვენ, სავარაუდოდ, სხვა ციფრი გვექნება, მაგრამ რაც ნოემბერთან დაკავშირებით წლიურ ინფლაციაზე ითქვა, არსებულ ვითარებას არ ასახავს მიახლოებითაც კი, ცდომილება დიდია. ცხადია, რომ არარეალური მაჩვენებელი დასახელდა, სინამდვილეში, ინფლაცია 4%-ზე მეტი იქნება. ის, როგორც წესი, მჟღავნდება ფასების ზრდაში.

მარტო საწვავსა და მედიკამენტებზე ფასები კატასტროფულად მომატებულია. ყოვლად შეუძლებელია, რომ წლიური ინფლაცია ასეთ ფონზე თუნდაც 2 ან 3% იყოს. სჯობს, სწორად დავიანგარიშოთ და რეალური ვითარება ვაჩვენოთ, ვიდრე რეალობა შევალამაზოთ. ვფიქრობ, ეს ემსახურება მიზანს, რომ ეკონომიკა დადებითად წარმოაჩინონ, მაგრამ ილუზია არავის სჭირდება, მათ შორის - არც მმართველ ძალას, ეს სირცხვილია! სტატისტიკამ მდგომარეობა რეალურად უნდა აჩვენოს, ამის მცდელობაც კი არ ჩანს", - განუცხადა "რეზონანსს" სილაგაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×