საქართველოში ყოველ მეორე ადამიანს აქვს სესხი. წინა წელთან შედარებით, ასეთი ადამიანების რიცხვმა საგრძნობლად იმატა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში სოციალურმა მდგომარეობამ ადამიანები იძულებული გახადა, სხვადასხვა სახის კრედიტი გამოეტანათ ბანკებიდან თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან, გადახდისუნარიანობა კი საკმაოდ დაბალია და უმეტესობა ცდილობს, მხოლოდ პროცენტი იხადოს.
საქართველოში მძიმე სოციალური მდგომარეობაა და ადამიანები იძულებულნი არიან, დამატებითი თანხები მოიძიონ, რადგან ოჯახის შემოსავალი ხარჯს ვერ სწვდება. ხარჯები კი ნელ-ნელა იზრდება, გაძვირებულია ყოველდღიური მოხმარების საგნები, მომსახურება, ტრანსპორტი, განათლება. ოჯახები ეკონომიკურ კრიზისს განიცდიან და უწევთ სესხების აღება, შემდეგ კი უმეტესობა ვეღარ ფარავს კრედიტებს მაღალი პროცენტის გამო.
თინათინ ურუმბეგაშვილი ორთოპედია და კერძო პაციენტებსაც იღებს, თუმცა მის შემოსავალს მაინც აღემატება თვიური ხარჯი, რის გამოც იძულებულია, სხვადასხვა ონლაინ სესხით ისარგებლოს:
"ვერ დავიწუწუნებ შემოსავალზე იმ ქვეყანაში, სადაც საშუალო ხელფასი 400 ლარს შეადგენს, თუმცა ფაქტია, ჩემი შემოსავალიც არ არის საკმარისი ყოფითი პრობლემების გასამკლავებლად. ხშირად, თუ დამატებითი ხარჯი ჩნდება ოჯახში, როგორიცაა დაბადების დღე, ქორწილი ან უბრალოდ, ექსკურსია ბავშვებისათვის, მიწევს სესხის აღება, რომ უარი არ ვთქვა ამ მინიმალურ სიამოვნებაზე.
პროცენტი მიკროსაფინანსოებს საკმაოდ მაღალი აქვთ და ყოფილა შემთხვევა, გამჭირვებია სესხის დაფარვა. ამის გამო სხვა კრედიტი გამომიტანია და ის გადამიფარავს. ასე ხშირად ვიქცევი, რადგან იმ კონკრეტულ სიტუაციაში სხვა გამოსავალი არ მაქვს.
რა თქმა უნდა, გაიზარდა ისეთი ადამიანების რიცხვი, ვისაც ბანკის ვალი აქვთ და ეს გასაკვირი ნამდვილად არ არის. პენსიებს, სოციალურ დახმარებას ხალხი წინასწარ იღებს და მერე რჩება ლუკმაპურის გარეშე. მოსახერხებელი და ხელსაყრელი პირობები ნამდვილად არც ერთ მიკროსაფინანსოსა და ბანკს არ აქვს. ყოველ შემთხვევაში, ხალხის შესაძლებლობებს არ შეესაბამება. ხარჯები იზრდება და შემოსავლები იგივე რჩება. ასე ჩიხში მოვექცევით და უამრავი მშიერი ადამიანი გვეყოლება ქვეყანაში", - აღნიშნა თინათინ ურუმბეგაშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას.
მძიმე ეკონომიკური ფონი უკვე წლებია, მოსახლეობას აწუხებს. მიკროსაფინანსოების გააქტიურებამ თითქოს უფრო გაამარტივა ფინანსურ პრობლემებთან ბრძოლა. ადამიანებს გაჭირვების დროს ჰქონდათ იმედი, რომ კრედიტს გამოიტანდნენ და ამით გაიტანდნენ თავს, თუმცა იანვრიდან, ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, სესხების გაცემა საგრძნობლად შეიზღუდება.
მერი მუქერია "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ სესხი წინასწარ გამოიტანა ბანკიდან, რადგან გამკაცრებული რეგულაციების შემდეგ სესხის მიღების იმედი აღარ ჰქონდა.
"ვერ ვიტყვი, რომ სესხი ძალიან მჭირდებოდა, თუმცა პირველი იანვრის რეგულაციის ისე შემეშინდა, რომ ოქტომბრის ბოლოს გავაკეთე დიდი სესხი საახალწლო ხარჯებისათვის, რადგან ვიცოდი, დამატებითი თანხა დამჭირდებოდა და შესაძლოა, მერე ბანკს აღარ მოეცა ჩემთვის, შესაბამისად, ვრჩებოდი თანხის გარეშე, რისი მზაობაც არც მე და არც ჩემს ოჯახს ამ ეტაპზე არ ჰქონდა.
თითქოს კარგია გამკაცრება რეგულაციებისა, მაგრამ იმ ადამიანებმა რა უნდა ქნან, ხელფასამდე თავი სესხით რომ გაჰქონდათ? აწი გამკაცრდება ეს კანონი და სესხი არავის ექნება, თუმცა უამრავი მშიერი ადამიანი გვეყოლება, თითქოს ის არ გვაკლდა, რა მდგომარეობაც გვქონდა.
ამ რეგულაციების გამკაცრებას იმაზე ფიქრი აჯობებს, ხალხს როგორ მიეხმარონ და შემოსავლები გაზარდონ ჩვეულებრივი ადამიანებისათვის, მხოლოდ თვითონ რომ ირიგებენ პრემიებს. როგორ უნდა იარსებოს ოჯახმა, რომელსაც ძალიან დაბალი შემოსავალი აქვს, ხარჯები კი ბევრად აღემატება იმ თანხას, შვილებს განათლება არ უნდა მივცეთ ან მშივრები უნდა გვყავდეს?!" - აღნიშნა "რეზონანსთან" მერი მუქერიამ.