პრეზიდენტის ინაუგურაციის დასრულებისთანავე ფიზ-ები კანონს მიღმა აღმოჩნდებიან
თამარ მუკბანიანი
05.12.2018

 16 დეკემბრიდან საქართველოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონები კანონს მიღმა აღმოჩნდებიან. მიზეზი საკანონმდებლო კაზუსია. ახალი კონსტიტუციის მიხედვით, თავისუფალი ეკონომიკური და ინდუსტრიული ზონები ორგანული კანონით უნდა დარეგულირდეს, კანონი კი დღემდე არ გვაქვს. გამოდის, პარლამენტს ორ კვირაზე ნაკლები დრო რჩება ახალი კანონის ინიცირებისათვის, განხილვისა და მიღებისათვის.

ქვეყანაში ახალი კონსტიტუცია 16 დეკემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციისთანავე ამოქმედდება. კონსტიტუციის რედაქციით: მუხლი-7, პუნქტი-1, ქვეპუნქტი-ვ და იმავე მუხლის მე-5 პუნქტი, რომელიც აზუსტებს, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სტატუსი უნდა მოწესრიგდეს და დარეგულირდეს ორგანული კანონით. ამ ეტაპზე პარლამენტს მსგავსი კანონი არ მიუღია და, როგორც ცნობილია, არც მუშაობს კანონის პროექტზე, რომელიც თავისუფალ ეკონომიკურ და ინდუსტრიულ ზონებს დაარეგულირებს. ამჟამად საკითხს კანონქვემდებარე აქტი, ე.წ. ჩვეულებრივი კანონი აწესრიგებს.

თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არის სპეციალური ეკონომიკური ზონის ერთ-ერთი სახე, სადაც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით მოქმედებს საგადასახადო შეღავათები და დამატებითი პირობები. სპეციალური ეკონომიკური ზონები მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული. მას აქტიურად იყენებენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა: ამერიკის შეერთებული შტატები, სამხრეთი კორეა, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, გაერთიანებული სამეფო, ირანი, ინდოეთი, რუსეთი, ჩინეთი, მალაიზია, ფილიპინები და სხვა.

სპეციალური ეკონომიკური ზონების შექმნა მიზნად ისახავს ინვესტიციების გაზრდას ბიზნესისათვის მაქსიმალურად მისაღები ეკონომიკური გარემოს შექმნის გზით. საქართველოში თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შექმნა 2008 წლიდან დაიწყო. თიზ-ები გაჩნდა ქუთაისში, ფოთში, ყულევში; განისაზღვრა საგადასახადო შეღავათები და სხვა დამატებითი ეკონომიკური წამახალისებელი პირობები, 10 დღეში კი სწორედ ზემოხსენებული ზონები რჩება კანონის რეგულირების მიღმა.

იურისტი აკაკი ჩარგეიშვილი "რეზონანსთან" აღნიშნავს, თუ რატომ დარჩება კანონის რეგულირების მიღმა თავისუფალი ინდუსტრიული ზონები. ადვოკატი, როგორც აღმოჩნდა, ერთადერთია, ვინც საკანონმდებლო კაზუსსა და მის მიერ გამოწვეულ პრობლემებზე იფიქრა.

"პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან ერთად, ინაუგურაციისთანავე შევა ძალაში ახალი კონსტიტუცია. მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, განსაკუთრებული ჩანაწერია მესამე მუხლში, რომელიც მოიცავს ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა განაწილების კომპეტენციებს. სწორედ იქ არის მოცემული ღერძი ქართული კანონმდებლობისა და უფლებამოსილებებისა, რაც პირველად ხელისუფლებას, უმაღლეს გამგებლობას ეკუთვნის.

ამ ეტაპზე ჩვენ მიღებული გვაქვს თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ კანონი. იგი მოქმედებს და ამ კანონის საფუძველზევეა საგადასახადო კოდექსში შესაბამისი ცვლილებები შეტანილი, რომელიც ითვალისწინებს ქონების, მოგებისა და ა.შ. გადასახადებზე შეღავათს. ამის გარდა, არსებობს ასეთი ნორმატიული აქტებით საქართველის კანონი, რომელიც აგრეთვე ითვალისწინებს კანონთა იერარქიას.

ზოგადად არსებობს 3 დონის კანონი. ერთია კონსტიტუცია და კონსტიტუციური კანონი, როგორც ყველაზე მაღლა მდგომი, იერარქიით შემდეგია ორგანული კანონი და ყველა ის სფერო, რომელიც ამ კანონით უნდა რეგულირდებოდეს, ჩამოთვლილია კონსტიტუციაში. იერარქიაში ყველაზე დაბალი დონისაა ჩვეულებრივი კანონი, რომელიც მიიღება თითქმის ყოველდღე", - ამბობს ჩარგეიშვილი.

აყველაზე სამწუხარო ისაა, რომ პარლამენტს არ უფიქრია არსებულ სიტუაციაზე და მისივე მიღებული კონსტიტუცია თავისუფალ ეკონომიკურ და ინდუსტრიულ ზონებს კონსტიტუციის მიღმა ტოვებს.

"ახალი კონსტიტუციით გაწერილია, რომ საქართველოში შეიძლება არსებობდეს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონები, რომლებიც უნდა რეგულირდებოდეს ორგანული კანონით. ჩვენ დღეს გვაქვს ჩვეულებრივი, მესამე იერარქიის რიგითი კანონი, რომელიც ამ ზონებს არეგულირებს. გამოდის, ახალი კანონი უნდა იქნეს მიღებული. რამდენადაც მიმდინარე კანონს ახალი კონსტიტუცია უკვე 2 კვირაში აღარ ცნობს, პარლამენტმა უახლოეს დღეებში უნდა მიიღოს ახალი კანონი, რასაც არც კი გეგმავენ და რაც ყველაზე სამწუხაროა, ამ კაზუსზე, როგორც ჩანს, არც უფიქრიათ.

კონსტიტუციაში არაფერია ნათქვამი გარდამავალი პერიოდის შესახებ. დავუშვათ, რომ ამ პერიოდში შეიძლება, მოქმედებდეს ძველი რედაქციის კანონმდებლობა.

ფაქტია, ამ მოცემულობაში იურიდიული კაზუსის წინაშე ვდგავართ და ნებისმიერ ინვესტორს, რომელიც ამ ზონებში ოპერირებს, რამე პრობლემა რომ შეექმნას, კანონს მიღმა აღმოჩნდება და პრობლემების გადაჭრის გზასაც კი ვერ იპოვის", - აღნიშნა ჩარგეიშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×