"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ნიკა რურუა, შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველადი ინფორმაციით, ოჯახის წევრების თანდასწრებით, გულის შეტევით გარდაიცვალა. გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ბრიგადა მისმა დედამ გამოიძახა, თუმცა ექიმებს იგი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. ნიკა რურუა 50 წლის იყო.
ნიკა რურუა საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან". პარლამენტის წევრობისას ნიკა რურუა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე იყო.
2009 წლის 9 დეკემბერს ნიკოლოზ რურუა დაინიშნა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად. ეს თანამდებობა მას 2012 წლის 25 ოქტომბრამდე ეკავა. ნიკა რურუა იყო მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრიც.
მის გარდაცვალებას საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება. ის საკუთარ "ფეიბუკ" გვერდზე წერს, რომ სამწუხაროა მისი გარდაცვალება და ოჯახის მწუხარებას იზიარებს.
"ამ წუთში შევიტყვე ნიკა რურუას უეცარი გარდაცვალების შესახებ. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. ნებისმიერი პოლიტიკური დაპირისპირება სიკვდილის წინაშე მთავრდება!" - წერს სალომე ზურაბიშვილი.
რურუას ოჯახს პირადად საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიუსამძიმრა. ის გარდაცვლილის სახლში იმყოფებოდა და ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ რურუა მისი მეგობარი იყო და ეს მისთვის ყველაზე მძიმე ფაქტია.
"ნიკა იყო ჩემო მეგობარი. ის იყო ადამიანი, რომელთან ურთიერთობაც ყველა ეტაპზე იყო საინტერესო. ის იყო გამორჩეული კულტურის მინისტრი კულტურის ბევრ მინისტრს შორის", - უთხრა მედიას ზანდუკელის ქუჩაზე რურუების ოჯახში სამძიმრის სათქმელად მისულმა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
ნიკა რურუას მეგობრებს არ აქვთ ინფორმაცია, თუ რა გახდა მისი გარდაცვალების რეალური მიზეზი. თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა იყო.
"არ ვიცით არაფერი გარდა იმისა, რაც ყველამ გავიგეთ, სამწუხაროდ", - თქვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ.
ყოფილი მინისტრი ექსპერტიზაზე გადაასვენეს და მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი მხოლოდ ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.