ია აბულაშვილი
05.12.2018

 "ინაუგურაციის ცერემონიალის დღეს, არ არის გამორიცხული, სააკაშვილის თანამზრახველებმა, მისი დავალებით, რაიმე ბინძური აქციები მოაწყონ, მაგრამ თუ ხელისუფლება სწორად იმოქმედებს, როგორც ინაუგურაციის ადგილის, ასევე მის ჩატარების ფორმის შერჩევის თვალსაზრისით, "ნაციონალების" მცდელობა აქაც ჩაფლავდება" - აცხადებს პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ესაუბრა.

"რეზონანსი": გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგის გაუქმებას ითხოვს. არჩევნების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოში წარსადგენ სარჩელს უკვე ამზადებენ.

პეტრე მამრაძე: არჩევნების შედეგებს არა ოპოზიცია, არამედ სააკაშვილი და მისი თანამზრახველები არ აღიარებენ. ოპოზიცია ერთგული უნდა იყოს ეროვნული ინტერესების, ისინი კი საქართველოს ეროვნული ინეტერესების მოსისხლე მტრები არიან. ბოლშევიკების მსგავსად მათი ლოზუნგია "რაც უარესი საქართველოსთვის, მით უკეთესი მათთვის".

რაც შეეხება არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას, საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ იყო დარღვევები, მაგრამ აღიარეს არჩევნების შედეგი, ვინაიდან მათი აზრით, დარღვევებს გავლენა არ მოუხდენია შედეგებზე. სალომე ზურაბიშვილს გამარჯვება უკვე მიულოცეს დასავლეთის სახელმწიფოების ლიდერებმა, აგრეთვე ნატოს გენერალურმა მდივანმა. პუტინის სასარგებლო სააკაშვილი და მის თანამზრახველები არ ცნობენ არჩევნების შედეგს და დესტაბილიზაცია უნდათ. რა თქმა უნდა, ყველა ხერხს მიმართავენ, რომ შანტაჟისა და დესტაბილიზაციის გზით თავისი გაიტანონ. თუ ხელისუფლება სწორად იმოქმედებს და,, სულ ცოტა, უხეშ შეცდომებს არ დაუშვებს, მაშინ სააკაშვილის ეს მცდელობაც ჩაიფარცხება და მის თანამზრახველები პოლიტიკურად დიდად დაზარალდებიან.

ეს კარგად ესმით სააკაშვილის გუნდის წევრებსაც, რომ საამისო რესურსი არ აქვთ და ამ გზაზე საბოლოოდ საკუთარ თავს ავნებენ, ეს 2 დეკემბრის აქციაზეც გამოჩნდა. დასავლელი ექსპერტებიც აღნიშნავენ, რომ სააკაშვილმა თავისი მოწოდებებით, ქცევით, დიდი წვლილი შეიტანა მეორე ტურში ვაშაძის დამარცხებაში; იმასაც აღნიშნავენ, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც არ გაემიჯნებიან სააკაშვილს, პოლიტიკური მომავალი არა აქვთ.

"რ": ოპოზიცია ვაშაძეს დამარცხებულად არ თვლის, პირიქით ამბობენ, რომ მისი სახით, ქართულ პოლიტიკაში ახალი ვარსკვლავი დაიბადა. თქვენი აზრით, ჩაანაცვლებს ვაშაძე სააკაშვილს?

პ.მ: გრიგოლ ვაშაძე, როგორც პოლიტიური ფიგურა, იყო ნულის ტოლი და დარჩება ნულის ტოლად, ანუ ის საერთოდ არ არის პოლიტიკური ფიგურა და ამ არჩევნებმა ეს მხოლოდ დაასაბუთა, მით უფრო ვერ იქნება პოლიტიკური ლიდერი.

"რ": ექსპერტთა გარკვეული ნაწილი თვლის, რომ ამ მოცმეულობაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა საფუძვლს მოკლებულია, თქვენც ასე ფიქრობთ?

პ.მ: დღეის მდგომარეობით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას არავითარი საფუძველი არ აქვს და ეს ადამიანები ამ თემაზე ისე საუბრობენ, თითქოს საქართველოს კონსტიტუცია არ ჰქონდეს, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს, როდის ხდება საჭირო ვადამდელი არჩევნების ჩატარება. დღეს არავითარი პირობა ამისა არ არის.

"რ": ოპოზიციის მოხოვნებზე ხელისუფლებას ვადა 16 დეკემბრამდე აქვს, ანუ ინაუგურაციის დღეს, რაიმე არაელობას ხომ არ ელით?

პ.მ: არ არის გამორიცხული, ინაუგურაციის ცერემონიალის დღეს სააკაშვილის თანამზრახველებმა, მისი დავალებით რაიმე ბინძური აქცია მოაწყონ. მაგრამ თუ ხელისუფლება სწორად იმოქმედებს, როგორც ინაუგურაციის ადგილის, ასევე მისი ჩატარების ფორმის შერჩევის თვალსაზრისით, "ნაციონალების" მცდელობა აქაც ჩაფლავდება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×