"ეჭვი მეპარება, რომ ხელისუფლებამ დაუშვას, ინაუგუარაცია ოპოზიციამ ჩაშალოს. ინაუგურაციის ჩაშლა ნიშნავს, ქვეყანაში საკმაოდ რთული ვითარების დამკვიდრებას. არა მგონია, რომ ეს ხელისუფლებამ დაუშვას და არც ის მგონია, რომ ამისთვის ოპოზიცია მზად იყოს," - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას გაერთიანებული ოპოზიციის დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, რომელიც 16 დეკემბერს არის დაანოსებული.
გაერთიანებულიმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშიამ" კონსულტაციები დაიწყო. იგი ამ ეტაპზე ლეიბორისტული პარტიის ლიდერებთან მართავს კონსულტაციას. პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი იზიარებს ულტიმატუმს იმის შესახებ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს.
რამდენად წავა მმართველი გუნდი ამ დათმობაზე და რამდენად შესაძლებელია ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას" ირგვლის გაერთიანდეს, ისევე როგორც 2012 წელს „ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ გაერთიანდა? ამ კითხვით „რეზონანსმა" პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს მიმართა.
ვახტანგ ძაბირაძე: პარტიები ივანიშვილის გარეშეც იყო გაერთიანებული მთელი ოთხი წლის განმავლობაში. 2007 წლიდან დაიწყო ეს გაერთიანებული მოძრაობა და მან დაახლოებით ხუთი წელი გასტანა. მოთხოვნები იყო ვადამდელ არჩევნებზე, საარჩევნო სისტემის შეცვლაზე, მაგრამ „ნაციონალურმა მოძრაობამ" არცერთი გააკეთა და არც მეორე.
მაშინ ოპოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მრავალრიცხოვანიც იყო და რამდენიმე დღიანი საპროტესტო პერმანენტული აქციებიც ჰქონდა რუსთაველზე, კარვების ქალაქი იყო გადაჭიმული, ხელისუფლება მაინც არ წამოვიდა დათმობებზე. სხვა საკითხია ხელისუფლებამ შედეგად რა მიიღო, მაგრამ მან ეს ოთხი წელი ნამდვილად „გაქაჩა."
ამიტომ, ოპოზიციას გაერთიანება, რა თქმა უნდა, შეუძლია, თუმცა მთავარია, საბოლოოდ რა ფორმას მიიღებს. ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა იმასთან დაკავშირებით, უნდა ჩატარდეს თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ერთიანობა მხოლოდ ერთ საკითხშია, - საარჩევნო კოდექსის ცვლილებებთან დაკავშირებით. შეძლებს დღევანდელი ოპოზიცია ხელისუფლება ამ ცვლილებებზე დაითანხმოს? ეს არის პრობლემა.
თუკი ოპოზიცია შეძლებს ისეთი ზეწოლის განხორციელებას, რომ ხელისუფლება აიძულოს, მაშინ ხელისუფლება ამ არჩევნებზე წავა, თუ არა ამ ნაბიჯს უკვე აღარ გადადგამს. ხელისუფლებისთვის ამ არჩევნებზე წასვლა, წამგებიანია. თუკი ის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დათანხმდება, ეს მისი მხრიდან წინასწარ გამოწერილი მარცხი იქნება. თუ ხელისუფლებას უნდოდა არჩევნებზე წასვლა და საარჩევნო კოდექსის შეცვლა, ეს არჩევნების მეორე ტურამდე უნდა გაეკეთებინა. ახლა უკვე დაგვაინებულია.
„რეზონანსი": სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს ჩატარდება. შეცვლილია ლოკაციის ადგილი, იგი თელავში გაიმართება. შესაძლოა თუ არა, ლოკაციის შეცვლა ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქციიდან გამომდინარეობდეს?
ვ.ძ: აქციამდე ჯერ კიდევ დაახლოებით ორი კვირაა დარჩენილი. ინაუგურაციის ადგილი შეიცვალა და შესაძლოა აქციის ადგილიც შეიცვალოს. თბილისში ჩატარებულ აქციას უფრო მეტი ხალხი ეყოლებოდა, მაგრამ თუ ოპოზიცია შეძლებს და თელავში საკმაოდ მძლავრ აქციას ჩაატარებს, თუნდაც ისეთს, რაც თბილისში „ნაციონალურმა მოძრაობამ" რამდენიმე დღის წინ ჩაატარა, თელავის მასშტაბებისთვის ეს ძალიან დიდი აქცია იქნება.
ვერ გეტყვით, რომ ეს ინაუგურაციას ხელს შეუშლის, მაგრამ საპროტესტო აქცია იქნება ისეთი მძლავრი, რომ რეგიონს და ამომრჩეველს, ფაქტობრივად, ოპოზიცია დაიქვემდებარებს. ოპოზიცია ინაუგურაციის გასაპროტესტებლად თელავში წავა თუ თბილისში გააპროტესტებს, ეს მათზეა დამოკიდებული.
თუ იგულისხმება, რომ საპროტესტო აქციამ ინაუგურაციას ხელი უნდა შეუშალოს, ამით სხვა პრობლემები იქნება განსახილველი, თუმცა ეჭვი მეპარება, რომ ხელისუფლებამ დაუშვას, ინაუგუარაცია ოპოზიციამ ჩაშალოს. ინაუგურაციის ჩაშლა ნიშნავს, ქვეყანაში საკმაოდ რთული ვითარების დამკვიდრებას. არა მგონია, რომ ეს ხელისუფლებამ დაუშვას და არც ის მგონია, რომ ამისთვის ოპოზიცია მზად იყოს.
„რ": „ქართული ოცნების" მხადაჭერილმა კანიდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი და მეორე ტური თელავში წააგო. რატომ იქნა არჩეული ეს ქალაქი?
ვ.ძ: თელავში ზურაბიშვილმა ორივე ტური წააგო და იქ ინაუგურაციის ჩატარება საკმაოდ პრობლემური საკითხია. ამ ინაუგურაციის თელავში ჩატარებით ზურაბიშვილი მომხრეებს ვერ შეიძენს, მაგრამ განცხადება, რომ ის იქნება ყველას პრეზიდენტი, რაიმე სიმბოლური დატვირთვა მას ნამდვილად არ ექნება. ამ გადაწყვეტილებით მგონია, რომ ისინი თბილისს გაერიდნენ.