უკრაინის ეკლესიის გამაერთიანებული კრება 15 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. კრებაზე უკრაინის ერთიანი ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნა გამოცხადდება, შეიმუშავებენ და მიიღებენ ეკლესიის წესდებას და აირჩევენ პატრიარქს, რომელსაც შემდეგ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოდან ავტოკეფალიის დამადასტურებელი ტომოსი გადაეცემა.
„უკრაინის ეკლესიის გამაერთიანებული კრება გაიმართება 15 დეკემბერს კიევში, წმინდა სოფიის საკათედრო ტაძარში, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში უკრაინის სულიერი ცხოვრების ცენტრი იყო. ეს იქნება დასკვნითი ღონისძიება ავტოკეფალიის მინიჭების წინ.
„ეს მოვლენა 27 წლის წინ უკრაინის დამოუკიდებლობის მოპოვების ტოლფასი იქნება. მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკვე მოაწერა ხელი წერილებს, რომლითაც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიების იერარქებს გამაერთიანებელ კრებაზე ეპატიჟება", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ.
ცნობილია ისიც, რომ უკვე მზად არის უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის დებულება და ავტოკეფალიის ტომოსის ტექსტი. გამაერთიანებულ კრებაში მონაწილეობას მიიღებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია - კიევის საპატრიარქო და უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია. ასევე მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ის იერარქები, რომლებიც ემხრობიან უკრაინისათვის ავტოკეფალიის მინიჭებას. ასევე, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელი, ხმის უფლებით.
კრებაზე აირჩევენ უკრაინის პატრიარქს, რომელსაც მსოფლიო პატრიარქი ბართლომე ტომოსს გადასცემს. ტომოსის მინიჭების შემდეგ იგი უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესიის ხელმძღვანელი იქნება.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი რასტისლავ პავლენკო უკრაინის ავტოკეფალიისთვის გადასაცემი ტომოსის დეტალებს განმარტავს. მისი თქმით, ეკლესია იქნება დამოუკიდებელი სუბიექტი და არა რომელიმე სხვა ეკლესიის შემადგენელი ნაწილი. ეკლესია თავად აირჩევს წარმომადგენლებს და ვალდებული არ არის, მიიღოს კურთხევა სხვა ეკლესიებისგან. პრეზიდენტის მრჩეველი თავის „ფესიბუქ" გვერდზე მოსახლეობასაც მოუწოდებს, რომ არ აჰყვნენ რუსეთის მიერ გავრცელებულ ყალბ ცნობებს.
ცნობისთვის, მოსკოვის საპატრიარქომ უკვე გაწყვიტა ევქარისტული კავშირი კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსთან, რომელიც მზად არის, უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭოს.