ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტისზ გიორგი მარგველაშვილის სიძის მინდია გოგოჭური ისევ დაკავებულია. 6 დეკემბერს გამთენიისას, გოგოჭურის და მისი მეგობრის, გიორგი რაზმაძის დაპატიმრება მოხდა, რაც წარსულში რაზმაძის მიერ ჩადენილ დანაშაულებს უკავშირდება.
შსს-ში აცხადებენ, რომ საქმე მიმდინარე წელს ჩადენილ ორ დანაშაულს ეხება. ერთ შემთხვევაში გიორგი რაზმაძეს ბრალი ადამიანის დაჭრაში ედება, მეორე შემთხვევაში კი - პირის ცემაში.
სპეცოპერაცია ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ჩატარდა, რა დროსაც გოგოჭური და რაზმაძე დააკავეს. აღნიშნული ბინა გოგოჭურს ნაქირავები ჰქონდა. ბინიდან ამოღებულია ტყვიაგაუმტარი ჟილეტი, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან კი 2 პისტოლეტი, რომელიც შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულებმა სპეცრაზმის გამოჩენისას ბინის აივნიდან გადაყარეს.
შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, მინდია გოგოჭური დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დანაშაულისთვის ძებნილი პირი დააკავეს, მინდია გოგოჭური კი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული, რომელიც იმავე ბინაში იმყოფებოდა.
„ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, ამოღებულია სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღები, რომელიც პირებმა საცხოვრებელი ბინიდან გადმოყარეს. დანიშნულია ექსპერტიზა და ამ ეტაპზე გამოძიება გრძელდება“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურის ადვოკატი შოთა მანელიძე კი ამბობს, რომ ჩხრეკის დროს სამართალდამცველებს სახლიდან კანონსაწინააღმდეგო ნივთები არ ამოუღიათ.
„ის მონდომება და მოწადინება, რაც მე გუშინდელ ღამეს ვნახე, მთელი ღამის განმავლობაში იმთავითვე ვიცოდით, რომ უკანონო იქ არაფერი იყო, თუმცა თვალსაჩინოებისთვის ჩვენ მზად ვიყავით, რომ ნებისმიერი ნებისმიერი კუთხე -კუნჭული სახლში დათვალიერებულიყო სათანადოდ.
„რომელ იარაღზე საუბრობთ? დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ ერთს კი არა ორ იარაღზე ყოფილა საუბარი. დანაშაულის რაიმე კონკრეტული საგანი დაკავშირებული ან მინდია გოგოჭურთან ან რაზმაძესთან არ არსებობს“, -ამბობს მანელიძე.
ადვოკატის თქმით, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.
„ცალსახად აფიქსირებდა, როგორც სამართალდამცველებთან ასევე ჩემთან შეხვედრის დროს, რომ ასეთს არაფერს ბუნებაში არ აქვს რეალობასთან კავშირი“, - თქვა შოთა მანელიძემ.
რა საქმეებში ფიგურირებს მინდია გოგოჭურის სახელი:
მინდია გოგოჭური პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას ქალიშვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა. მას მერე, რაც გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტი გახდა, შეიძლება ითქვას, რომ გამუდმებით თან სდევს სიძის სკანდალური ამბები.
2018 წლის 5 ივლისს, გვიან ღამით, მინდია გოგოჭური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას სამი ტყვია ფეხში ჰქონდა მოხვედრილი. გამოძიება კი შსს-მ 117-ე მუხლის სხეულის განზრახ დაზიანებით დაიწყო, თუმცა უწყებაში განაცხადეს, რომ გოგოჭური მათთან არ თანამშრომლობდა.
გოგოჭური 2017 წლის იანვარშიც დაჭრეს. იმჟამინდელი ინფორმაციით, პრეზიდენტის სიძეს დაზიანება მხარის არეში მიაყენეს. მაშინ შემთხვევა თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე მოხდა და გოგოჭურთან ერთად მისი მეგობარიც დაჭრეს.
მისი სახელი 2013 წელს მომხდარი დაჭრის ამბავში ფიგურირებდა. დაპირისპირება გოგოჭურსა და ბაჩო სირაძეს შორის მოხდა (ეს უკანასკნელი პრეზიდენტის ქალიშვილის ანა მარგველაშვილის შეყვარებული იყო). ამბობენ, რომ წყვილს ურთიერთობა დაეძაბათ, ვითარების გარკვევას კი მინდია გოგოჭური შეეცადა, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სირაძე ფეხში დაჭრა. სისხლიანი გარჩევა სოლოლაკში 2013 წლის ბოლო თვეებში მოხდა და მასში სამი პირი მონაწილეობდა. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 118-ე მუხლით აღიძრა.
კიდევ ერთი საქმე, რომელშიც გოგოჭურის სახელი გამოჩნდა, 2011 წლის ოქტომბერში რუსთაველის გამზირზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობაა - შეიარაღებულმა პირებმა 23 წლის ზურა ტარყაშვილს ხალხით სავსე ქუჩაში 11 ჭრილობა მიაყენეს, ახალგაზრდა რუსთაველის გამზირზე დედისა და დის თვალწინ გარდაიცვალა.
ზურაბ ტარყაშვილის დედა, თამილა კოჭლამაზაშვილი 2013 წელს, მაშინ ჯერ კიდევ საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს, მისი შვილის მკვლელის მფარველობაში ადანაშაულებდა, თუმცა ამ საქმეში მონაწილეობას გოგოჭური კატეგორიულად უარყოფს.
2006 წლის 8 ივლისს ცხრა ძმის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით გიორგი ხელაშვილი დაჭრეს და გამოძიება მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაიწყო. ეჭვმიტანილი მინდია გოგოჭური იყო. მასაც აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები და დაჭრილთან ერთად საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით მკურნალობა სხვა კლინიკაში, პოლიციის მეთვალყურეობით უნდა გაეგრძელებინა, თუმცა, საავადმყოფოდან გაიპარა. მაშინ მისი ადგილსამყოფლის დადგენა და დაკავება ვერ მოხერხდა.
ხელაშვილის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით გოგოჭურს ოფიციალურად ბრალი არ წარსდგენია, რადგან პროკურატურამ საკმარისი მტკიცებულებები ვერ მოიპოვა. 2007 წელს მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა.
2008 წელს ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი მინდია გოგოჭური დააკავეს, ერთწლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯეს და 2.000 ლარი ჯარიმა გადაახდევინეს, თუმცა მალე ისევ ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებით დააკავეს და ისევ პირობითი სასჯელი აკმარეს; თან 13.000 ლარის გადახდაც დაეკისრა.
იმავე წელს თბილისში, კოჯრის ქუჩაზე გიორგი სიხარულიძე და მისი მგზავრი, ბექარ კვიტაიშვილი მანქანაში დაჭრეს. მაშინაც ეჭვი მინდია გოგოჭურსა და ბექა და გიორგი კრიალაშვილებზე მიიტანეს. გოგოჭური დააკავეს კიდეც, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს. ითქვა, რომ საქმეში ისევ არ იყო სამხილი. ეს საქმე დღემდე გაუხსნელია.
2016 წლის ივლისში გიორგი მარგველაშვილმა სკანდალური განცხადება გააკეთა, პრეზიდენტის თქმით, მისი ოჯახის წევრზე ზეწოლა ხდებოდა, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და დაადასტურა, რომ სამართალდამცველებმა პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს.
შსს განმარტავდა, რომ პრეზიდენტის მეუღლის შვილთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მამაკაცის, მინდია გოგოჭურის სახლში ჩხრეკის ჩატარება შსს-ს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში სსკ-ს 236-ემუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) დაწყებულ გამოძიებას უკავშირდებოდა.
მათივე განმარტებით, მინდია გოგოჭურის სახლში კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ აღმოჩნდა.