ია აბულაშვილი
06.12.2018

 საქართველოს უზენაესმა სასამართლომ პროკურატურის საჩივარი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით წარმოებაში არ მიიღო. ამით მან მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და ზურაბ ჟვანიასა და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე რაულ იუსუფოვის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტი ლევან ჩიჩუა უდანაშაულოდ ცნო.

ამით ამ საქმეზე სასამართლო პროცესი დასრულდა. სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ძალაში რჩება ჟვანიასა და იუსუფოვის გარდაცვალების პირველი ოფიციალური მიზეზი - მხუთავი აირით გაგუდვა.

ცნობისთვის, ლევან ჩიჩუა, რომელიც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებისას სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების უფროსი იყო, პროკურატურამ სამსახურებრივ გულგრილობაში 2014 წლის მარტში დაადანაშაულა და დააკავა.

აყოფილი პრემიერ-მინისტრის - ზურაბ ჟვანიას ძმა გოგლა ჟვანია აცხადებს, რომ ჩიჩუას გამართლება-არგამართლება მისთვის პრიორიტეტი არ არის. მისთვის მთავარია, დადგინდეს მისი ძმისა და რაულ იუსუფოვის გარდაცვალების მიზეზები და გარემოებები.

„ჩიჩუას გამართლება-არგამართლება ჩემთვის პრიორიტეტი არ არის. არც ის არის მნიშვნელოვანი, რომელიმე სახელმწიფო მოხელემ გამოიჩინა თუ არა სამსახურებრივი გულგრილობა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს ჩემი ძმისა და რაულ იუსუფოვის გარდაცვალების მიზეზები და გარემოებები.

მე შევხვდი პროკურატურის ახალ ხელმძღვანელობას და დაპირებები მივიღე“, - განაცხადა „რეზონანსთან“ გოგლა ჟვანიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×