სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიმდინარე პროექტების მიღებული და საპროგნოზო შედეგები შეაჯამა. "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში ფერმერებისა და მეწარმეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდა ფინანსური რესურსი. ახალი საწარმოების შექმნამ განაპირობა აგრარული დარგის განვითარების სტიმულირება, განვითარდა სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა, გაიზარდა საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქციის წარმოება.
"ერთიანი აგროპროექტის" ქოლგის ქვეშ აგრარული სექტორის მხარდამჭერი 9 პროექტია გაერთიანებული და 2013 წლიდან ხორციელდება. მისი მიზანი გრძელვადიანი განვითარებაა, რისთვისაც იგი სოფლის მეურნეობის უკლებლივ ყველა დარგს საჭიროების გათვალისწინებით ეხმარება.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი გიორგი გიგოლაშვილი აღნიშნავს, "ერთიანი აგროპროექტი" ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების ზრდას, სურსათის უვნებლობასა და სასურსათო უსაფრთხოებას, რათა ქართული პროდუქტი როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე ხარისხის ნიშით გამოირჩეოდეს.
შეღავათიანი აგროკრედიტი, აწარმოე საქართველოში, აგროდაზღვევა, დანერგე მომავალი, ქართული ჩაი - ყველა ეს პროექტი ამჟამად მუშაობას აგრძელებს. გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი, შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი და აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა უკვე განხორციელდა.
"ერთიანი აგროპროექტის" პროექტები სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაზეა ორიენტირებული. ჩვენი მიზანია, საქართველოში იყოს კონკურენტუნარიანი, მაღალი ხარისხისა და ადეკვატური ფასის მქონე აგროპროდუქციის მწარმოებელი ფერმერული მეურნეობები და საწარმოები, რომლებიც პირველადი თუ გადამუშავებული პროდუქციით მოამარაგებენ ქართულ ბაზრებს და ქვეყნიდან გატანილი ექსპორტის სიდიდეს გაზრდიან.
ცხადია, რომ პროექტმა დასაქმებასა და მათი შრომის ანაზღაურებაზეც უნდა მოახდინოს გავლენა. თუკი დარგების მიხედვით მიმოვიხილავთ, ერთ-ერთი მასშტაბური პროგრამაა "შეღავათიანი აგროკრედიტი", რომელიც 2013 წლის მარტიდან მიმდინარეობს. დაარსების დღიდან მიმდინარე წლის აგვისტომდე ბანკების მიერ გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტი 1,726 მლრდ ლარია. 220 მლნ ლარი სახელმწიფოს მიერ გაცემული თანადაფინანსებაა. ნებისმიერ მეწარმეს, მცირე ფერმერს თუ მსხვილ ბიზნესმენს როცა 15-16%-იანი კრედიტის აღება უწევს და სახელმწიფო აქედან 8%-ს უფინანსებს, ეს ძალიან დიდი მხარდაჭერაა, რაც ზრდის კრედიტით სარგებლობის მოტივაციას და შექმნილი პროდუქციის მოცულობას.
მარტო ამ პროექტით შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში დაახლოებით 9000 დეკლარირებული ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. დამატებით ერთი ამდენი სამუშაო ადგილი არადეკლარირებულია. ჯამში, 18 000 ადამიანია დასაქმებული. რაც შეეხება კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების სიდიდეს, 2018 წლის 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით, დაახლოებით 400 მლნ ლარია გაცემული. სახელმწიფო თანადაფინანსების სიდიდე კი მომავალ წელს 50 მლნ ლარი იქნება", - განუცხადა "რეზონანსს" გიგოლაშვილმა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთავრობამ ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა "ქართული ჩაი" 2016 წლის 15 იანვარს დაამტკიცა. პროგრამის ფარგლებში რეაბილიტირებული პლანტაციების მოცულობამ 907 ჰა შეადგინა, ხოლო მზა პროდუქცია 1,3 მლნ კილოგრამი ჩაი იქნება.
"რეაბილიტაციის პროგრამა მოიცავს როგორც პირად საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების აღდგენას, ასევე სახელმწიფოსგან იჯარით აღებული მიწის ფართობების რეაბილიტაციასაც. პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, დონორ ორგანიზაციებთან ერთად, პროგრამის ბენეფიციარებს ტექნიკურ დახმრებას უწევს ჩაის სწორად დამუშავების ტექნოლოგიების შესწავლის, სერტიფიცირების, მარკეტინგის, სარეალიზაციო არხების შექმნის და სხვა მიმართულებით.
დღეს ვამაყობთ იმით, რომ არსებობს ქართული ჩაის რამდენიმე ბრენდი, როცა ჩვენი პროდუქტი 5-6 წლის წინ დეფიციტური იყო. ერთჯერადად სახელმწიფოს მხრიდან ამ პროექტში ჩადებულია 1,6 მლნ ლარი თანადაფინანსების სახით. როცა ჩაი სრული მსხმოიარობით მოგვცემს მოსავალს, ფერმერს 40 მლნ ლარის შემოსავალს გაუჩენს და დამატებით 1000 სამუშაო ადგილს შექმნის", - აცხადებს გიგოლაშვილი.
წარმატებულ პროექტებს შორისაა ჯერ კიდევ ახალბედა პროექტი "აწარმოე საქართველოში". ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეგიონი ეკონომიკური აქტივობით და ტერიტორიითაც არის კახეთი, სადაც 31 პროექტია, ჯამურად კი, მათი რაოდენობა 61-ს შეადგენს. დარგების მიზნობრიობის მიხედვით, პირველადი წარმოება მოიცავს 26 პროექტს, გადამამუშავებელი წარმოება - 22, ხოლო მომსახურებაში 12 პროექტია დაწყებული ან შემოტანილი განაცხადი, რომელიც ადმინისტრირების პროცესშია. პროგრამის მიზანია სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერა.
მიუხედავად იმისა, რომ აგროდაზღვევის სეგმენტში "ერთიანმა აგროპროექტმა" დიდ წარმატებას მიაღწია, იგი კვლავ რჩება ერთ-ერთ გამოწვევად აგრარული სექტორისთვის. პროექტი 2014 წლიდან ხორციელდება. პირველ წელს პოლისების რაოდენობა 21 056-ს შეადგენდა, ხოლო 2018 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ეს მაჩვენებელი 11 789-მდე გაიზარდა. სულ 80 668 პოლისია გაცემული, ხოლო დაზღვეული ფართობების მოცულობა 71 110 ჰა-ს შეადგენს. სახელმწიფოს მხრიდან გადახდილი პრემიის წილი 12,7 მლნ ლარს აჭარბებს.
"აგროდაზღვევის სეგმენტში სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება 70%-ს შეადგენს, გარდა ვაზისა. თუმცა ფერმერების აქტიურობა 50%-იც არ არის. დაზღვევის ვერც ერთი მსურველი ვერ ისარგებლებს თანადაფინანსების პროგრამით, თუ მიწა არ ექნება რეგისტრირებული. ამ პროცესს გარკვეულწლიად ახლავს პრობლემა, მაგრამ აგროდაზღვევაში კონკრეტულ პირობად ჩაიდო, რომ მათ მოეხდინათ დე ფაქტო არსებული მიწების იურიდიულად რეგისტრაცია. 2018 წელს ამ მიმართულებით დაახლოებით 12 ათასი პოლისია გაცემული. შედარებაც კი არ შეიძლება იმ მაჩვენებელთან, რაც იყო პროექტის დასაწყისში. პრობლემის მიუხედავად, თამამად შეიძლება თქმა, რომ ეს არის ერთ-ერთი ძალიან წარმატებული პროექტი", - ამბობს "რეზონანსთან" გიგოლაშვილი.
"ერთიანი აგროპროექტი" იძლევა საქართველოში კონკურენტუნარიანი პროდუქციისა და საწარმოების განვითარების შესაძლებლობას, ხელს უწყობს ფინანსების ხელმისაწვდომობას, დასაქმებას, თანამედროვე ტექნიკის უზრუნველყოფით ზრდის სოფლის მეურნეობაში ინვესტიციებს და ქმნის მაღალხარისხიან, კონკურენტუნარიან პროდუქციას. თამამად შეიძლება თქმა, რომ რიგითი ფერმერებისთვის წარმატების ისტორია იწყება "ერთიან აგროპროექტში" მონაწილეობით, რომელიც ქართული ბიზნესის, კერძოდ, აგრარული სექტორის განვითარებას ემსახურება.
(ბიზნესპრესი)