საქართველო ასობით მილიონს კარგავს, ხოლო ევროპელები მარტო საშობაო ნაძვის ხეების ბიზნესით 2,4 მილიარდს შოულობენ
თამარ მუკბანიანი
07.12.2018

 ევროპის ქვეყნებში ყოველწლიურად საშობაოდ 75 მლნ-მდე ქართული წარმოშობის ნაძვის ხე იყიდება. მსოფლიოში, ღვინოსთან ერთად, ქართული პროდუქციიდან ნაძვი ყველაზე ცნობადი და პოპულარულია. საქმე ისაა, რომ ევროპაში საშობაოდ გაყიდული ნაძვის ხეების 90% საქართველოდან გატანილი სათესლე მასალითაა მოყვანილი. ამ ბიზნესიდან საქართველომ წელს მხოლოდ 335 000 ლარი მიიღო მაშინ, როცა მარტო შობა-ახალ წელს გაყიდული ხეების საერთო ოდენობა ევროპაში 2.4 მლრდ ევროს აღწევს.

ევროპაში 1 ბუნებრივი ნაძვის ფასი, საშუალოდ, 25-დან 100 ევრომდე მერყეობს. ორგანიზაცია აფშკ ეკუუთ-ის ადგილობრივი მენეჯერის ჟანა ბაბუნაშვილის ინფორმაციით, გაყიდული ხეების 90%-ზე მეტი ქართული წარმოშობისაა.

"ევროპაში საშობაოდ გაყიდული ნაძვის ხეების 90% (თუმცა, ამბობენ, რომ 95%), არის სწორედ რაჭიდან, კონკრეტულად, კავკასიური სოჭის თესლიდან გაზრდილი. ნაძვის ხის ფასი დაახლოებით, 30-დან 45 ევრომდე ღირს. თუმცა, არის ძალიან დიდი ქალაქები, მაგალითად, ბერლინი, კოპენჰაგენი, სადაც ქუჩების დეკორაციებისთვის ყიდულობენ და შესაბამისი ზომის ნაძვის ხეები 80-100 ევროც ღირს", - აცხადებს "ბიპიენთან" ბაბუნაშვილი.

ცნობისთვის, საერთაშორისო ორგანიზაცია აფშუკ ეკფვუ-ის ნიშნის ქვეშ მყოფმა კომპანიამ აფშკ ეკუუთ-მ 2009 წელს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე უნიკალური ნორდმანის ნაძვის ხის გირჩის მოპოვების ათწლიანი ლიცენზია შეიძინა და მას შემდეგ დანიაში ორგანული თესლის ოფიციალური დილერი გახდა. გირჩი იკრიფება, შრება და შემდეგ ხდება მიღებული თესლის ექსპორტი წერს.

"რეზონანსი" დაინტერესდა, თუ რას იღებს საქართველო ნაძვის თესლის ექსპორტისაგან და რამდენია მოგება უკვე მზა პროდუქციის გაყიდვის შედეგ. რატომ არ შეუძლია ქვეყანას, თავად გაიტანოს ექსპორტზე სათბურში გაზრდილი ნაძვი.

"საქსტატის" მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში ტყის ხეების, ყვავილებისა და დანარჩენი მცენარეების სათესად საქართველოდან გასული თესლის ღირებულებამ 335 000 ლარი შეადგინა. ამ დროს უკვე გაზრდილი ხეების სრული მოცულობა, რომელიც ევროპაში მხოლოდ საშობაო დღეებში იყიდება, 75-80 მლნ ერთეულს აღწევს. მათი საერთო ღირებულება 2.4 მლრდ ევროს აღწევს, საიდანაც 90%, ანუ 2.1 მლრდ-ზე მეტი ქართული წარმოშობის ნაძვის ხეების წარმოებიდან შესული თანხაა. ეს თანხა შედის გერმანიის, დანიის, ავსტრიის, საფრანგეთისა და ბელგიის ბიუჯეტებში.

დარგის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საქართველოს დიდი რესურსი აქვს, თავად გაზარდოს სათბურებში ნაძვი და შედეგ გაიტანოს ექსპროტზე, რათა მოგების დიდი წილი ქვეყანაში დარჩეს.

პროფესორი ანზორ მესხიშვილი "რეზონანსთან" ამბობს, რომ ქვეყანას ნამდვილად აქვს რესურსი თავად მოახდინოს კულტივაცია, მცენარის გაზრდა და შემდეგ ექსპორტზე გატანა. ამისათვის კი სახელმწიფოსთან ერთად კერძო სექტორის ინტერესი და სწორი გათვლაა საჭირო.

"როცა ქვეყანას ამხელა პოტენციალი აქვს, სირცხვილია, რომ საქართველოში ნაძვნარი და ფიჭვნარი, უცხოეთიდან შემოტანილი ნერგებით შენდება. სანერგე მეურნეობების კუთხი დიდი ტრადიცია არსებობს. დარგი იმდენად დახვეწილი იყო, რომ ხეებს ვაშენებდით და ეს წარმატებულად მიმდინარეობდა. შემდეგ ეს მთლიანად მოიშალა და მოხდა ისე, რომ სპეციალისტების ნაცვლად, სატყეო მეურნეობაში მთლიანად პოლიციელები მუშაობდნენ. ახლა ეს შეიცვალა, რაც იმედს იძლევა, რომ არა მხოლოდ ადგილზე მოხდეს ტყის გაშენება, არამედ საექსპორტოდაც გავიტანოთ ქართული ჯიშის ნერგები, რომელიც ასე პოპულარულია მთელ მსოფლიოში.

აუცილებლად აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს თანამონაწილეობის გარდა, მნიშვნელოვანია ბიზნესის ინიციატივა, რომელსაც შეუძლია მოაწყოს სატყეო მეურნეობები და ექსპორტზე გაიტანოს ნერგები ან უკვე გაზრდილი ნაძვი. ამისთვის, გვაქვს საკმარისზე მეტი თავისუფალი მიწა, საჭირო ნიადაგობრივი შემადგენლობა", - აცხადებს მესხიშვილი.

პროფესორი ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებობს პროექტები (მაგალითად, "აწარმოე საქართველოში"), რითიც მსგავსი მეურნეობების დაწყება შესაძლებელია, თუმცა არ არსებობს საკმარისი კომუნიკაცია მოსახლეობასთან.

სოფლის მეურნეობის მეციერებათა დოქტორი, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი გია გაგოშიძეც ადასტურებს, რომ ნაძვის ექსპორტზე გატანა საშობაოდ საქართველოსაც შეუძლია. მოგება რომ დიდია, ამას ცხადყოფს ინტერესი, რომელიც უცხოელ ინვესტორებს აქვთ.

"ეს ხდება ძალიან ცივილური ფორმით, არავის გააქვს საქართველოდან პარტიზანული წესით ნაძვისა და სოჭის თესლი. უცხოელი ინვესტორები დიდ მოგებას ნახულობენ, წინააღდეგ შემთხვევაში არავინ დაინტერესდებოდა ჩვენი მცენარეებით. საბედნიეროდ, ეს არ ხდება ტყის განახლების რესურსის ხელყოფის ხარჯზე. მოგებას ნახულობს მყიდველიც და ის ადმაინების ვინც თესლის შეგროვებით არიან დაკავებული. ეს, ძირითადად, ორ კუთხეში სვანეთსა და რაჭაში ხდება და აქედან მიეწოდება ევროპას სანერგე მასალა.

ჩამოთვლილი ქვეყნების გარდა, აღსანიშნავია, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა გადის დიდ ბრიტანეთშიც. რა თქმა უნდა, ქვეყანას აქვს რესურსი თავად აწარმოოს, გაზარდოს და გაიტანოს ექსპორტზე პროდუქცია, რომელიც ესოდენ დიდ მოგებას იძლევა", - აცხადებს "რეზონანსთან" გაგოშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×