ეკატერინე ბასილაია
07.12.2018

 რა ტვირთი შედის რუსეთიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში და რა ტვირთი გადის ამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში - ამას შვეიცარიელი მებაჟეები, დიდი ალბათობით, უკვე მარტიდან გააკონტროლებენ. 2011 წლის ქართულ-რუსული შეთანხმების პრაქტიკული ამოქმედება უკვე დაიწყო - შვეიცარიული კომპანია "ეს-ჯი-ესი" 3-თვიან მოსამზადებელ სამუშაოებს იწყებს და შემდეგ ტვირთის მონიტორინს შეუდგება.

ეს ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით გახდა ცნობილი.

თანაც, რუსული მხარე მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველომ გააჭიანურა მონიტორინგის კომპანიისათვის თანხის გადახდა, რადგან მოსკოვმა ჯერ კიდევ ივნისში შეასრულა თავისი ფინანსური ვალდებულება, თბილისმა კი მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ - 30 ნოემბერს.

როგორც სერგეი ლავროვის უწყება აცხადებს, რუსულ მხარეს იმედი აქვს, რომ "ხელშეკრულება ყოველგვარი შეფერხების გარეშე შესრულდება".

"30 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ საბოლოოდ მონიტორინგის კომპანია "ეს-ჯი-ესს" საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული მუშაობის საფასური გადაურიცხა. რუსულმა მხარემ თავისი ანალოგიური ფინანსური ვალდებულება ჯერ კიდევ ამა წლის ივნისში შეასრულა.

"2018 წლის 30 ნოემბერს დაიწყო 3-თვიანი მოსამზადებელი პერიოდი, რომლის დასრულების შემდეგაც შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენლები დაიწყებენ ტვირთის მონიტორინგს 3 რუსულ და 3 ქართულ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე. ვიმედოვნებთ, რომ რეგიონული ვაჭრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება შესრულდება ყოველგვარი შეფერხების გარეშე," - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

საგულისხმოა, რომ, 2011 წლიდან მოყოლებული, ამ ხელშეკრულების საბოლოო ამოქმედებას სწორედ მოსკოვი აჭიანურებდა, ახლა რუსული მხარე საპირისპიროზე მიანიშნებს.

რუსულ მედიაში იწერება, რომ ამ ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ შესაძლებელი გახდება როკის გვირაბიდან ცხინვალის რეგიონის გავლითაც ტვირთის ტრანზიტი, მაგალითად, სომხეთსა და ირანში და ეს მიმართულება დიდი მნიშვნელობისაა სომხეთისთვის, რომელსაც რუსეთთან მხოლოდ ლარსის გზით უწევს ტრანზიტი და დიდთოვლობისას ტვირთის გატარება ხშირად ფერხდება.

აჭიანურებდა თუ არა პროცესს ქართული მხარე? რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ საქართველოს მხრიდან პროცესი გაჭიანურებული არ ყოფილა და რუსეთის განცხადება რას მიანიშნებს, ამ დისკუსიაში არ შევა.

ხოლო შესაძლებელია თუ არა ცხინვალის გავლით რუსეთიდან, მაგალითად, სომხეთისკენ ტვირთის გატარება, აბაშიძე პასუხობს, რომ მარჩიელობა ძალიან გაუჭირდება, მაგრამ ეს ხელშეკრულება და მისი ამოქმედება ავტომატურად რაღაც ახალი მიმართულების გახსნას არ გულისხმობს. ეს ხელშეკრულება გულისხმობს მხოლოდ იმ ტვირთის მონიტორინგს, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის გადაიზიდება.

"თუ რაიმე ტვირთი გადაიზიდება მომავალში რუსეთის მიმართულებით ან რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით, ამის მონიტორინგი მოხდება, მაგრამ რაღაც ახალი მიმართულებების გახსნას ავტომატურად ეს შეთანხმება არ გულისხმობს. რა ვალდებულებაც ავიღეთ შეთანხმებით, ვასრულებთ. სიტყვა არ შეცვლილა და არც შეიცვლებოდა იმ შეთანხმებაში, რასაც 2011 წელს მოეწერა ხელი. ეს შეთანხმება საჯაროა, კონტრაქტი კერძო კომპანიასთან საჯარო არ არის. მერე როგორ იქნება, ვერ გეტყვით," - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, ზუსტად როდის დაიწყებენ შვეიცარიელი მებაჟეები მონიტორინგს, ამ დეტალებზე საუბარი გაუჭირდება.

 "მიჭირს ზუსტად დეტალებზე საუბარი. შემდგომი ეტაპია იმპლემენტაციის ეტაპი. ეს გულისხმობს უკვე ქართულ-რუსულ-შვეიცარიული ერთობლივი სამუშაო ფორმატის შექმნას, რომელიც მონიტორინგს გაუწევს პროექტის განხორციელებას და ახლა ამ ფორმატის შექმნაზე მიმდინარეობს მუშაობა.

"ჩვენი მხრიდან არაფერი არ გაწელილა. ჩვენ შეთანხმებაზე მუშაობა წელიწადნახევრით ადრე დავასრულეთ, კონტრაქტიც უფრო ადრე გავაფორმეთ, ვიდრე რუსეთის მხარემ. არც ფინანსური ვალდებულების შესრულება დაგვიანებულა," - აღნიშნავს აბაშიძე.

"ექსპერტთა კლუბის" წევრის, კონფლიქტოლოგ ირაკლი ცქიტიშვილის შეფასებით, შვეიცარიულმა კომპანიამ ამ კონტრიბუციის გადახდიდან ფუნქციონირება 3 თვეში უნდა დაიწყოს და მთავარი ის კი არ არის, რომ ხელშეკრულება შედის ძალაში, არამედ ის, თუ როგორ განხორციელდება ეს ხელშეკრულება.

"განხორციელების მექანიზმებზე ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობაა ქართულ და რუსულ მხარეებს შორის. ამ ხელშეკრულებაში საქართველოსთვის ყველაზე მთავარი ისაა, რომ შვეიცარიული ორგანიზაციის წარმომადგენლები დადგნენ ფსოუსა და როკის გვირაბთან. ამით უნდა დაფიქსირდეს საქართველო-რუსეთის საზღვარი, რაც არის საერთაშორისო ფლანგზე იმის დეტალიზება, რომ ეს კორიდორები როკსა და გორს, ფსოუსა და ენგურის ხიდს შორის უკონტროლო ტერიტორიებია და იქ მოქმედებს განსაკუთრებული რეჟიმები.

"საქმე ისაა, რომ რუსულ მხარეს არ სურს, დააყენოს მებაჟეები არც საკუთარ ტერიტორიაზე და არც ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იმ მონაკვეთებზე, სადაც საქართველოს ოფიციალური საზღვარი გადის. მათ უნდათ, რომ შვეიცარიელები იდგნენ მხოლოდ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, იქ, სადაც ეს ოკუპირებული ტერიტორიები დანარჩენ საქართველოს უერთდება - ენგურის ხიდზე და გორში და არა ფსოუს ხიდზე და როკის გვირაბთან. ყველაზე დიდი საშიშროება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ამ კონფიგურაციას დაეთანხმოს ქართული მხარე," - აღნიშნავს ცქიტიშვილი.

კონფლიქტოლოგს ეჭვი არ ეპარება, რომ ამ ხელშეკრულების შემდეგ ცხინვალის რეგიონის გავლით ტვირთის ტრანზიტი აუცილებლად იქნება და ამ გზას ტრანზიტისთვის რუსეთი და სომხეთი აუცილებლად გამოიყენებენ.

"ტვირთი გავა თუ არა ცხინვალის გავლით სომხეთში თუ ირანში, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუ როკის გვირაბზე შვეიცარიელი მებაჟეები დადგებიან და აღრიცხავენ ყველაფერს, რაც შემოდის როკის გვირაბიდან საქართველოს ტერიტორიაზე. რუსეთი კი სწორედ ამ აღრიცხვის წინააღმდეგი იყო, უნდა, რომ შვეიცარიულმა კომპანიამ მხოლოდ ის ტვირთი აღრიცხოს, რომელიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შევა და გავა ამ ტერიტორიიდან," - ამბობს ცქიტიშვილი.

მისივე თქმით, "ცუდია ის მომენტი, რომ ბოლო პერიოდში რუსულ, ქართულ და შვეიცარიულ მხარეებს შორის კონკრეტულად რა მოლაპარაკება გაიმართა, პრაქტიკულად, არაფერია ცნობილი. ამიტომ დღეს მხოლოდ ის შეგვიძლია, დაველოდოთ თვითონ ფაქტს, როდის დაიწყება მონიტორინგი და შემდეგ გავაკონტროლოთ, ვინ სად დგას.

"რუსული მხარე რომ სანდო არ არის, ვიცით, მაგრამ ქართული მხარე რატომ მალავს მოლაპარაკების დეტალებს, ბევრი ეჭვი ჩნდება. ამიტომ სწორია, რომ დაველოდოთ 3 თვეს - ვის სად დააყენებენ და როგორი იქნება ბოლოს რუსეთის ინტერპრეტაცია ამ ხელშეკრულებაზე," - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×