„ოპოზიცია ინაუგურაციას ვერ ჩაშლის, მაგრამ ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი. ეს არის დესტრუქციული ძალა და აქედან გამომდინარე, მათი რიტორიკა ძალადობაზეა დაფუძვნებული. სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ასეთ დესტრუქციულ ძალას არ მისცეს საშუალება, რომ არეულ-დარეულობა გამოიწვიოს ქვეყანაში," - აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი შოთა ხაბარელი „რეზონანსთან" საუბრისას.
გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშიამ" საპროტესტო აქცია შესაძლოა ქალაქ თელავში ჩაატაროს, ახლად არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, რომელიც 16 დეკემბერს თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში გაიმართება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა.
„ჩვენ რომ გვსურდეს რომელიმე კონკრეტული ქალაქის დაანონსება, ამას გავაკეთებდით. განიხილება ბევრი სხვადასხვა ლოკაცია იმისთვის, რომ ხელისუფლებას უფრო ეფექტურად მივაწვდინოთ ჩვენი მოთხოვნები, მათ შორის არის თელავი," - თქვა ბოკუჩავამ.
შოთა ხაბარელი ოპოზიციის მხრიდან ზურაბიშვილის ინაუგურაციის ჩაშლის მცდელობას გამორიცხავს და აცხადებს, რომ ამის საშუალებას ოპოზიციას ხელისუფლება არ მისცემს.
„საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, თუ რის მიღწევა უნდა „ნაციონალურ მოძრაობას" და ყველაფერი ჩატარდება ნორმალურად. ინაუგურაციაც იქნება უმაღლეს დონეზე. არავინ არ მისცემს საშუალებას ნებისმიერ ძალას, ხელი შეუშალოს ინაუგრაციის ჩატარებას," - განაცხადა შოთა ხაბარელმა.