ტატა შოშიაშვილი
07.12.2018

 მას შემდეგ, რაც ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ლიდერებმა, რამზან კადიროვმა და იუნუს-ბეკ ევკუროვმა, რესპუბლიკებს შორის საზღვარი გაავლეს, რომლის თანახმადაც ინგუშეთის ტეროტორიის ნაწილი ჩეჩნეთის დაქვემდებარებაში გადავიდა, ინგუშებმა მასობრივი გამოსვლები და საპროტესტო აქციები დაიწყეს. სიტუაციის უკიდურესად დაძაბვის შემდეგ საქმეში რუსეთის ცენტრალური ხელისუფლება ჩაერთო, რომელსაც რესპუბლიკებს შორის უთანხმოების მოგვარება "დაევალა".

ინგუშებმა ისიც სცადეს, რომ სამართლებრივი მექნიზმებისთვის მიერმართაღ, თუმცა გუშინ რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს უფროსმა ვალერი ზორკინმა პეტერბურგში დასკვნის გამოტანისას განაცხადა, რომ ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის მიღებული შეთანხმება რესპუბლიკებს შორის საზღვრის გავლებასთან დაკავშირებით სავსებით ლეგიტიმურია.

დადგინდა, რომ რეგიონების მიერ მიღებული ნორმატიული აქტი ძალაში რჩება და, ამასთანავე, საზღვრები საბოლოოდ დამტკიცდა. რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებით, მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება და ხელისუფლების ყველა ორგანოსთვის სავალდებულოა მისი მიღება.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ინგუშეთის პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას სხვადასხვა პროცედურულმა დარღვევებმა იჩინა თავი. დეპუტატებმა კენჭისყრაში ფარულად მიიღეს მონაწილეობა; პარლამენტმა არ დაამტკიცა კენჭისყრის შედეგების შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის ოქმი.

ოფიციალურად შეთანხმების მიღებას 17 დეპუტატი მიემხრო, სამმა უარყო, ხოლო ხუთმა თავი შეიკავა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 4 ოქტომბერს 11-მა დეპუტატმა ხელი მოაწერა განცხადებას, რომელშიც ეწერა, რომ ინგუშმა დეპუტატებმა ხმა გადაწყვეტილების მიღების წინააღმდეგ მისცეს და დამთვლელი კომისია მონაცემთა ფალსიფიკაციაში დაადანაშაულეს.

თუმცა ინგუშეთის რესპუბლიკის დეპუტატების მთავარი მოთხოვნები და შენიშვნები რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კომენტარის გარეშე დატოვა. მან აღნიშნა, რომ ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლოს ამ შეთანხმების შემოწმების უფლება არ ჰქონდა. საზღვების გავლებისა და დადგენისა საკითხის დასარეგულირებლად რეფერენდუმის ჩატარება არ არის სავალდებულო და ამას არ ითვალისწინებს არც ინგუშეთის და არც რუსეთის კონსტიტუციები. იმის გათვალისწინებით, რომ შეთანხმებას ორივე რესპუბლიკის (ჩეჩნეთისა და ინგუშეთის) საკანონმდებლო ორგანოებმა მხარი დაუჭირეს, დამატებითი თანხმობა საჭირო არ არის, მიაჩნიათ მოსკოვში.

ცნობისთვის, სასაზღვრო საკითხის რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვის ინიციატორი თავად ინგუშეთის რესპუბლიკის ლიდერი ევკუროვი იყო, რომელმაც 8 ნოემბერს შეიტანა სარჩელი.

რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს ინგუშეთის წარმომადგენელმა ზელიმხან ევლოევმა და ჩეჩნეთის წარმომადგენელმა მაგომედ დაუდოვმა განაცხადეს, რომ ტერიტორიების გაცვლა გავლენას არ ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებზე - მითითებულ ტერიტორიებზე დასახლებები არ არსებობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×