ევროსაბჭომ საქართველოს ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და უმკაცრესი გადაწყვეტილება მიიღო. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველმა ორგანომ, ევროპის საბჭოს კომიტეტმა მერაბიშვილის განაჩენები ეჭვქვეშ დააყენა.
კომიტეტში არ გამორიცხავენ, რომ არსებობდეს კავშირი ამ განაჩენებსა და იმ ზეწოლას შორის, რომელსაც ადგილი ჰქონდა მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის დროს. ამის გამო ევროსაბჭოს კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რაც შეიძლება დროულად გამოიძიოს მთავრობამ ყოფილი პრემიერის ციხიდან გაყვანის ფაქტი, გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და დაიწყოს მათზე სისხლის სამართლებრივი დევნა. კომიტეტი აღნიშნულ საკითხს 2019 წლის ივნისში ისევ დაუბრუნდება და შეამოწმებს, როგორ შეასრულა ეს ვალდებულებები საქართველოს მთავრობამ.
ვანო მერაბიშვილის ყოფილი ადვოკატი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა დაავალა საქართველოს მთავრობას, რომ მერაბიშვილის საქმის სრულფასოვნად გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს. მისი აზრით, საბოლოოდ სწორედ ეს ჩანაწერები გახდება იმის საფუძველი, რომ მერაბიშვილის რეაბილიტაცია მოხდეს და დადასტურდეს, რომ ის პოლიტპატიმარია.
„ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა დაავალა საქართველოს მთავრობას, სწრაფად და სრულფასოვნად გამოიძიოს მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმე და რაც ყველაზე მთავარია დაავალა, რომ გამოიძიოს, ხომ არ იყო კავშირში მასზე განხორციელებული ზეწოლა, კერძოდ მთავარი პროკურორის მხრიდან, მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენებთან.
ანუ სისხლის სამართლის პროცესთან. ეს ჩანაწერი საბოლოოდ გახდება ვანო მერაბიშვილის მარეაბილიტირებელი საფუძველი, ვინაიდან მის წინააღმდეგ ნაწარმოები საქმეები მტკიცებულებებს არ ეყრდნობა და პოლიტიკურ ზეწოლას ისახავდა მიზნად,“-განაცხადა ვანო მერაბიშვილის ყოფილმა ადვოკატმა ოთარ კახიძემ.
„პირდაპირ ამბობს სტრასბურგი, რომ ვანო მერაბიშვილი არ იყო პოლიტიკური დევნის მსხვერპლი,“ - ეს განცხადება, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ გააკეთა.
ის ოპოზიციას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ოპონენტები ვანო მერაბიშვილის პოლიტიკური დევნის მსხვერპლის სტატუსს უსაფუძვლოდ ანიჭებენ.
„ერთი პოლიტიკური საკითხი, რომელიც გახდა ოპოზიციის მხრიდან სერიოზული სიცრუის გავრცელების საფუძველი და საბაბი, ეს იყო ის, რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ, პირდაპირ ამბობს სტრასბურგი, რომ ის არ იყო პოლიტიკური დევნის მსხვერპლი, როგორც აპირებს ოპოზიცია, რომ წარმოაჩინოს.
პირდაპირ, ხაზგასმით არის ამაზე მითითებული, როგორც გადაწყვეტილებაში, ასევე თავად მინისტრთა კომიტეტი საუბრობს ამაზე. მეორე, მნიშვნელოვანი საკითხი, გამოძიების საკითხი, კი, ბატონო, ეს საქმე უნდა იყოს ბოლომდე მიყვანილი, მაგრამ ჩვენ გვქონდა აქ სამართლებრივი პრობლემები,“ - ამბობს კილაძე.
შევახსენებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში 2016 წლის 21 ივნისს დაიწყო გამოძიება ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2016 წლის 14 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქმეზე „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-18 მუხლის, მე-5 მუხლის პირველ პუნქტთან ერთობლიობაში დარღვევა, ცალკეული გარემოებების გამო. ამ გარემოებათა შორისაა ივანე მერაბიშვილის ბრალდებები 2013 წლის 14 დეკემბერს მისი №9 პენიტენციური დაწესებულებიდან სავარაუდო გაყვანისა და მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ.
საქმე შეეხება, 2013 წლის 17 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, ივანე მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ 2013 წლის 13-14 დეკემბრის ღამეს, დაახლოებით 01:30 საათზე, იგი გამოიყვანეს №9 პენიტენციური დაწესებულებიდან და მიიყვანეს სავარაუდოდ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, სადაც მასზე მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ განახორციელა ფსიქოლოგიური ზეწოლა და სააკაშვილის წაინააღმდეგ ჩვენების მიცემას სთხოვდა.
2017 წლის 22 თებერვალს კი საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საკნიდან მერაბიშვილის შესაძლო გაყვანის ფაქტზე გამოძიება დაასრულა. პროკურატურის გამოძიებით ეს არ დადასტურდა.