ტატა შოშიაშვილი
07.12.2018

 ქერჩის სრუტეში 25 ნოემბერს უკრაინისა და რუსეთის გემებს შორის მომხდარი შეტაკებისა და ქვეყნებს შორის დაწყებული დაპირისპირების შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირე სახელმწიფოებმა "ღია ცის ხელშეკრულების" ფარგლებში რიგგარეშე ფრენა განახორციელეს უკრაინის საჰაერო სივრცეში.

ამის შესახებ პენტაგონის პრესრელიზშია აღნიშნული, სადაც მკაცრადაა დაგმობილი რუსეთის მიერ უკრაინულ გემებზე თავდასხმა.

ხუთშაბათს უკრაინის თავზე ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების სადამკვირვებლო თვითმფრინავმა გადაიფრინა, რაც ქერჩის სრუტეში მომხდარი კონფლიქტის ფარგლებში აშკარა ჟესტი იყო შეერთებული შტატების მიერ უკრაინის მხარდაჭერისა.

"დღეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა "ღია ცის ხელშეკრულების" ფარგლებში განახორციელეს ექსტრაორდინალური ფრენა. ფრენა სპეციალურად დავამთხვიეთ ამ დროს, რათა კიდევ ერთხელ დაგვედასტურებინა ამერიკის მხარდაჭერა უკრაინისა და სხვა პარტნიორი ქვეყნებისათვის," - წერია პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ღია ცის ხელშეკრულების" მიზანია, სამხედრო გამჭვირვალობის უზრუნველყოფა სპეციფიური, შეუიარაღებელი სადამკვირვებლო ფრენების საშუალებით.

პენტაგონის ინფორმაციით ამ ფრენის განხორციელების მოთხოვნა უკრაინის მიერ იყო ინიცირებული. აღსანიშნავია, რომ ფრენაში ამერიკელი სპეციალისტების გარდა მონაწილეობდნენ კანადელი, გერმანელი, ფრანგი, ბრიტანელი, რუმინელი და უკრაინელი დამკვირვებლები.

"2014 წლიდან ამ ხელშეკრულების ფარგლებში, ეს იყო პირველი ექსტრაორდინალური ფრენა," - აცხადებს პენტაგონი.

ასევე პენტაგონის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნუალია, რომ " ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის დამყარებას, მაგრამ ეს შეუძლებელია, სანამ რუსეთი უკრაინასა და სხვა ქვეყნებში უკანონო და დესტაბილიზირებულ ქმედებებს ჩადის."

შეგახსენებთ, რომ ამერიკამ და მისმა მოკავშირე რამდენიმე სახელმწიფომ "ღია ცის ხელშეკრულების" ფარგლებში არსებული უფლებამოსილება გამოიყენეს მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ ოდესის პორტიდან მარიუპოლის მიმართულებით მოძრავი უკრაინული კატარღები შეიპყრო.

აზოვის ზღვაში მომხდარი კონფრონტაცია იყო პირველი ღია სამხედრო ინცინდენტი კიევსა და მოსკოვს შორის 2014 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა, რის შემდეგაც აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტი გაღვივდა.

ცნობისთვის, მსგავსი ფრენების განხორციელების აუცილებლობა დღის წესრიგში დგება მაშინ, როდესაც საქმე ეხება უჩვეულო შემთხვევებს. გასული თვის ინცინდენტის დროს რუსულმა მხარემ 24 უკრაინელი მეზღვაური დააკავა. ისინი გადაიყვანეს ყირიმის მთავარ ქალაქ სიმფეროპოლში, სადაც წინასწარი ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×