„მოსალოდნელი იყო, რომ ოპოზიცია მიტინგს თელავში გამართავდა. ხელისუფლებამ თელავი იმიტომ აირჩია, რომ ცენტრიდან შედარებით შორსაა. გზაზე შესაძლოა რაიმე შეფერხებები იყოს, მაგალითად საცობები. შესაძლოა ხელოვნურადაც შეიქმნას საცობები იმისთვის, რომ ადამიანები დროზე ვერ ჩავიდნენ და ინაუგურაცია არ ჩაატარონ.
„არანაირი ერეკლე, არაფერი მანდ არ არის. აშკარაა, ხელისუფლება თბილისიდან გაიქცა, რომ ინაუგურაცია მშვიდ ვითარებაში ჩაეტარებინა. ოპოზიციის გადაწყვეტილება თელავში მიტინგის ჩატარების შესახებ, ბუნებრივი და მოსალოდნელი იყო. ამაში გასაკვირი არაფერია," - აცხადებს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.
პაატა ზაქარეიშვილი: ოპოზიციას ზურაბიშვილის ინაუგურაციის ჩაშლა არანაირად არ აწყობს. არ უნდა ჩაშლა და არც ჩაშლის. იხმაურებს, მსოფლიოს აჩვენებს, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა ხალხისა წინააღმდეგია და არ ეთანხმება იმას, რაც მეორე ტურში მოხდა.
ვინაიდან საპრეზიდენტო ინსტიტუტი ბევრი არაფერია, ოპოზიციას ამ ინაუგურაციაზე მიტინგი თავის შემდეგ ნაბიჯად სჭირდება, რათა საპარლამენტო არჩევნებისთვის პოზიციები გაიმაყაროს, ტემპერატურა აწიოს და ხელისუფლება მუდმივად მაღალ ტემპერატურაზე ჰყავდეს შანტაჟირებული.
არ ველოდები, რომ ოპოზიცია ამ ინაუგურაციას ჩაშლის. არც თბილისში ჩაშლიდნენ, მათ ინტერესებში არ არის. მათთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, დასავლეთი რას იტყვის. პრეზიდენტობის ინსტიტუტის გამო იმიჯს არ გაიფუჭებდნენ.
ტყუილად გაიქცა ხელისუფლება თელავში, ინაუგურაცია არ ჩაიშლება. საზოგადოების გარკვეული ნაწილი გამოხატავს უკმაყოფილებას. თუ ხალხმა მოახერხა თელავში ჩასვლა, დიდი რაოდენობა იქნება ხალხის. უფრო ეფექტური იქნებოდა თბილისში რომ ყოფილიყო.
ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება. ყველაფერს ამზადებს ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებისათვის. პრეზიდენტობა მათ არ ადარდებთ. მათ ჭირდებათ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და ყველაფერი იქითკენაა მიმართული.
„რეზონანსი": როგორ ფიქრობთ, საბოლოოდ, ოპოზიცია თუ აღიარებს სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად?
პ.ზ: ძალიან ხშირად გვქონია შემთხვევა, რომ ოპოზიციას არჩენების ესა თუ ის შედეგები არ უღიარებია. სააკაშვილმა 2008 წლის არჩევნები გააყალბა და ოპოზიცას არ უღიარებია, მაგრამ მერე რა?! ოპოზიცია აღიარებს თუ არა ამას მნიშვნელობა არ აქვს.
მთავარია რომ ქართველმა ხალხმა, ამომრჩეველმა აღიარა, რადგან მან 20%-ით გაიმარჯვა და მეტ-ნაკლებად ხელშესახები გაყალბების ფაქტები არაა, თუმცა მოსყიდვის ფაქტები ჩანს. საქართველოში უარესიც მომხდარა. ოპოზიციის აღიარებას ვინ ელოდება? პარლამენტმა აღიარა, მსოფლიომ აღიარა და ამომრჩეველმა აღიარა. ოპოზიცია არ აღიარებს და ამით არაფერი იცვლება. რომც აღიაროს, რა შეიცვლება?!