აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმი სირიიდან რეპატრიანტების ჩამოსახლების გეგმის კიდევ უფრო გააქტიურებას იწყებს, მიზანი დემოგრაფიული სურათის შეცვლაა საკურორტო ქალაქებში ეთნიკურად სომხური მოსახლეობის მნიშვნელოვანი ზრდის წინააღმდეგ საბრძოლველად.
როგორც „რეზონანსთან" საუბრისას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების ექსმინისტრი ლევან კიკნაძე ამბობს, მაგალითად გაგრასა და გულრიფში ეთნიკური აფხაზების რაოდენობას მნიშვნელოვნად გადააჭარბა სომხურმა მოსახლეობამ და ეს აფხაზეთში დიდ უკმაყოფილებას იწვევს.
„ადრე უნდოდათ გალსა და ოჩამჩირეში დაესახლებინათ რეპატრიანტები, დემოგრაფიული სურათის შესაცვლელად, რომ ქართველები არ ყოფილიყვნენ უმრავლესობაში, ახლა პრიორიტეტი შეიცვალეს და პრიორიტეტად დაასახელეს გაგრის ზონა და გულრიფში. ადრე გაგრის ზონას უფრთხილდებოდნენ, მაგრამ რადგან სომეხ მოსახლეობასთან აერიათ ურთიერთობა, ახლა გადაწყვიტეს გაგრაში რეპატრიანტების ჩამოსახლება და უნდათ სომხებს დაუპირისპირონ ეს ხალხი," - ამბობს კიკნაძე.
ორი დღის წინ „რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ აფხაზეთმა სირიიდან 800-მდე რეპატრიანტი მიიღო და ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება.
ოკუპირებულ აფხაზეთში რეპატრიანტების ჩამოსახლებაზე აქტიური მუშაობა ჯერ კიდევ 1993 წელს დაიწყო, შეიქმნა ე.წ. სახელმწიფო კომიტეტის რეპატრიაციის საკითხებში. 1998 წელს საბიუჯეტო ფონდიც შეიქმნა და დიდი იმედებიც ჰქონდათ, რომ დაახლოებით 150 წლის წინ აფხაზეთიდან თურქეთსა და ახლო აღმოსავლეთში იძულებით გადასახლებული აფხაზების შთამომავლები აფხაზეთში დაბრუნდებოდნენ. სირიიდან რეპატრიანტების დაბრუნების თემა გააქტიურდა 2012 წელს, როდესაც სირიაში ომი დაიწყო. აფხაზური მედია წერდა, რომ რამდენიმე ასეული სირიელი რეპატრიანტი დაბრუნდა კიდეც, თუმცა მათი ნაწილი საცხოვრებლად აფხაზეთში არ დარჩა. წელს, 29 მაისს სირიამ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი „რესპუბლიკებად" აღიარა და ამის შემდეგ აფხაზეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ კიდევ უფრო აქტიურად დაიწყო სირიიდან რეპატრიანტების მიღებაზე საუბარი. ივნისში ითქვა, რომ ოჩამჩირეში ქართველების სანახლარ 14 სოფელში იგეგმებოდა სახლების გადაცემა ჩამოსულებისთვის, ასევე ითქვა, რომ აუცილებელი იყო მათი დასახლება გალში და გაგრაში, რადგან ეს ორი რაიონი იყო „აფხაზეთის კარიბჭე" და აფხაზები რიცხობრივად მეტნი უნდა ყოფილიყვნენ, ვიდრე სხვა ეთნიკური წარმომავლობის ხალხი.
კონკრეტულად რამდენი რეპატრიანტი ცხოვრობს აფხაზეთში, ზუსტი მონაცემები არ არის. დე ფაქტო რეპატრიაციისთვის სახელმწიფო კომიტეტის წარმომადგენელი ალიან ნანბას თქმით, დღეს დაახლოებით 10 000 ადამიან აქვს მიღებული რეპატრიანტის სტატუსი, დაახლოებით 5 ათასი მათგანი კი მუდმივად ცხოვრობს აფხაზეთი, მათ შორის არიან ძირითადად თურქეთიდან ჩამოსულები, ასევე იორდანიიდან და სირიდანაც. თუმცა აღმოჩნდა, რომ სირიიდან მხოლოდ 800-მდე ადამიანი ცხოვრობს აფხაზეთში.
ლევან კიკნაძე ამბობს, რომ გამორიცხულია 5 000 რეპატრიანტი იყოს დღეს აფხაზეთში, თუმცა პროგნოზრებს, რომ დე ფაქტო ხელისუფლება ბევრად უფრო მეტი მონდომებით დაიწყებს რეპატრიანტების დაბრუბებაზე მუშაობას, რადგან დემოგრაფიის „გამოსასწორებლად" ეს სჭირდებათ.
მის თქმით, რეპატრიანტების ჩამოსახლების გეგმა და სურვილი აფხაზებს დიდი ხანია აქვთ, მაგრამ ამას წინააღმდეგობას მუდმივად უწევდა რუსეთი და მოსკოვს არ სურს, აფხაზეთში დიდი რაოდენობით აფხაზური დიასპორის ხალხი იყოს.
„თუმცა სერგეი ბაღაფშის პერიოდში დე ფაქტო ხელისუფლება მაინც გააქტიურდა ამ მიმართულებით და გეგმა იყო, რომ რეპატრიანტები ოჩამჩირის რაიონში ჩაესახლებინათ. მაშინ ძირითადად საუბარი იყო არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთიდან, არამედ ჩრდილო კავკასიიდან მსურველების ჩამოსახლებაზე. ეს ტერიტორია ბუფერულ ზონად უნდოდათ გადაექციათ. რადგანაც გალში მოსახლეობის უმეტესობა ქართველია, ამიტომ აფხაზები თვლიდნენ, რომ ოჩამჩირე გაეხადათ ბუფერული ზონა. სირიაში ომის დაწყების შემდეგ კი სირიიდან რეპატრიანტების ჩასახლების საკითხი გააქტიურდა, რამდენიმე ასეული ადამიანი ჩამოასახლეს კიდეც. თუმცა ახლა პრიორიტეტი შეიცვალა და თუკი ადრე ოჩამჩირეს განიხილავდნენ, ახლა პრიორიტეტი გახდა გაგრის ზონა, გულრიფში და გალი. გალში ქართველებს „შეაკავებენ", გაგრასა და გულრიფში - სომხებს. აფხაზების გეგმაა, რომ გალში ქართველები შეავიწროვონ და აიძულონ დატოვონ სახლები. რაც შეეხება გაგრას და გულრიფშს, ძალიან ბევრია სომხური მოსახლეობა, აფხაზებს გადააჭარბებს. თან, გაგრა აფხაზეთში ყველაზე კარგი ტურისტული ზონაა და იქ რომ სომხები ძალიან მომრავლდნენ, ამას აფხაზები ვერ ეგუებიან,"- ამბობს კიკნაძე.
მისი თქმით, აფხაზური მოსახლეობა მაინცდამაინც დიდი სიამოვნებით არ იღებს რეპატრიანტებს, მაგრამ ახლა ეს ადამიანები სჭირდებათ თავიანთი ინტერესების გასამყარებლად.
"მართალია, აფხაზეთში პირობები არ არის, ეს რეგიონი ჩიხია და თავიდან ძალიან ბევრი რეპატრიანტი უკან გაბრუნდა, მაგრამ ახლა სირიაში ისეთი მდგომარეობაა, იძულებულები იქნებიან ჩამოვიდნენ. თუ დე ფაქტო ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მიიღო და გააქტიურდება, რა თქმა უნდა, ბევრი ჩამოსახლდება,"- დასძენს კიკნაძე.
თავად აფხაზეთს დე ფაქტო სტატისტიკის სამსახურის ცნობით, მაგალითად გაგრის მოსახლეობის 44% სომეხია, აფხაზი კი მხოლოდ 27%-ია, გულრიფში სომხური მოსახლეობა - 47%-ია, აფხაზი - 24%-ია, სოხუმში, თავად ქალაქში აფხაზი 56%-ია, თუმცა სოხუმის რაიონში აფხაზი - 24%-ია, სომხური მოსახლეობა კი - 61%.